"კომპრომისი მერკელთან და დათმობა მოსკოვთან... რა სურთ უკრაინას და ამერიკას" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით "კომპრომისი ანგელა მერკელთან და დათმობა მოსკოვთან", რომელიც ბოლო დღეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას ეხება: აშშ-მა და გერმანიამ გადაწყვიტეს, რუსული გაზსადენთან - "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-თან დაკავშირებული დავა დაასრულონ: მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ამერიკა არ გამოუცხადებს მილსადენის მფლობელ კომპანიას (Nord stream 2 AG) სანქციებს, გერმანია დაეხმარება უკრაინას ენერგეტიკის დარგის განვითარებაში, ხოლო ორივე - ვაშინგტონი და ბერლინიც ვალდებულებას იღებენ, რომ "რაღაც გააკეთონ რუსეთის წინააღმდეგ", თუ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტს შეწყვეტს.
ვალდებულების მთელი პასუხისმგებლობა უფრო მეტად გერმანიის კისერზეა, რადგან სწორედ ბერლინს სურს რუსული იაფი გაზის მიღება, თავისი ეკონომიკის განვითარების მიზნით. "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ვალდებულობს, რომ თუ რუსეთი ენერგეტიკას უკრაინის წინააღმდეგ იარაღის სახით გამოიყენებს ან აგრესიულად იმოქმედებს, მაშინ ბერლინი ეროვნულ დონეზეც მიიღებს ანტირუსულ ზომებს და ამისთვის ევროკავშირში თავის გავლენასაც გამოიყენებს", - განაცხადა 21 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა.
რა სურთ უკრაინას და ამერიკას უკრაინა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, რომელთა ტერიტორიაზე ამჟამად რუსული გაზი იტუმბება გერმანიისაკენ, კვლავ ითხოვს "ჩრდილოეთი ნაკადი-2"-ის მშენებლობის შეჩერებას და ვარაუდობს, რომ აშშ-ის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ვაშინგტონში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს, რომელიც 30 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
ჯო ბაიდენის ერთ-ერთი ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიზანი ისაა, რომ გამოასწოროს და გააუმჯობესოს დონალდ ტრამპის მიერ საკმაოდ შესამჩნევად გაფუჭებული ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის - გერმანიასთან, რომელთანაც თითქმის უკვე დასრულებული გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი-2" სადავო საკითხად გადაიქცა: აშშ პროექტის მონაწილეებს ყველანაირ სანქციებს უცხადებდა (თან ბერლინს რუსული იაფი გაზის სანაცვლოდ, თავის ძვირ თხევად გაზს სთავაზობდა), გერმანია კი ყველანაირად ცდილობდა გაზსადენის მშენებლობის დასრულებას.
რამდენიმე თვის წინ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ანგელა მერკელის მთავრობის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება დაიწყეს გაზსადენთან დაკავშირებული კინკლაობის დასრულების მიზნით. ჯო ბაიდენმა მაისში გაზსადენის მფლობელი კომპანიის - Nord stream 2 AG-ის მიმართ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული სანქციებიც კი გააუქმა, რომ მოლაპარაკებას ხელი არ შეშლოდა.
მოლაპარაკების შედეგების შესახებ ორი დღის შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ამის შესახებ მასალები გამოაქვეყნეს ჯერ გაზეთმა "უოლ სთრით ჯორნელმა", შემდეგ კი სააგენტოებმა - "როიტერმა", "ბლუმბერგმა" და ინტერნეტ-გამოცემა "პოლიტიკომ".
შეთანხმების ზოგიერთი დეტალი
აშშ-ისა და გერმანიის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ამერიკა პირობას დებს, არ განაახლოს სანქციები Nord stream 2 AG-ისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ, თუმცა უფლებას იტოვებს გარკვეული წერტილოვანი ზომების მისაღებად. "ზოგადად ამერიკელები ისევ მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ამბობენ, რომ გერმანიასთან დადებული შეთანხმება ამცირებს რუსეთის აგრესიული ქმედების რისკებს და იმის ალბათობას, რომ კრემლი უკრაინის მიმართ რამე აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს", - აღნიშნულია ბრიტანული "როიტერის" ანალიზში.
დოკუმენტის თანახმად, გერმანია უკრაინას ენერგოსექტორის მხარდასაჭერად 200 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს და შექმნის ე.წ. მწვანე ფონდს, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით, უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. გარდა ამისა, ვაშინგტონიც და ბერლინიც ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის, რომ კრემლმა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი კიდევ ათი წლით გააგრძელოს ანუ - 2034 წლამდე. ამჟამინდელ კონტრაქტს მოქმედების ვადა 2024 წელს უმთავრდება.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჯერ კიდევ ივნისში კონგრესის წარმომადგენლების პალატაში გამართულ მოსმენებზე აცხადებდა, რომ გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი-2" უკვე 98%-ით არის მზად ექსპლოატაციისათვის და ამერიკამ როგორც არ უნდა დაამუხრუჭოს პროექტის რეალიზება, მშენებლობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია.
სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი დერეკ შოლე კიევში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მასპინძლების დარწმუნებას შეეცადა, რომ ვაშინგტონი კიევის მხარეზეა და რომ აშშ არ მისცემს რუსეთს ენერგოშემცვლელებით შანტაჟირების უფლებას.
კომპრომისი ბერლინთან და დათმობა მოსკოვთან
ის, რომ აშშ-გერმანიის შეთანხმება "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-თან დაკავშირებით უკრაინისთვის გარანტიებს შეიცავდა, კერძოდ, მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი კიდევ მინიმუმ ათი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა, ვიქტორია ნულანდმა შეთანხმების ტექსტის გამოქვეყნებამდე ორიოდე საათით ადრე განაცხადა. "ჩვენ იმაზეც უნდა ვიმუშაოთ, რომ უკრაინა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე, მაგრამ ამ შეთანხმების დადებაც აუცილებელი იყო, რადგან გაზსადენის მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. უკრაინა დიდი რისკების წინაშე დგას, კიევი დაზარალდება, თუ რუსული გაზის გარკვეული რაოდენობა მის ტერიტორიაზე არ გაივლის", - აღნიშნა მან.
აშშ-ის კონგრესში დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც შეთანხმების პირობებით უკმაყოფილონი არიან. მათ ჯერ კიდევ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში მხარი დაუჭირეს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-სათვის სანქციების დაწესებას, ახლა კი გამოდის, რომ მათი ძალისხმევა წყალში ჩაიყარა? სხვათა შორის, ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სულ სხვანაირად ლაპარაკობდა და რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი მეორე მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგი იყო. მოგვიანებით კი მან პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა და კანონის დარღვევაზეც კი წავიდა - გამოაცხადა, რომ მილსადენს სანქციებს არ გაუგრძელებდა.
მოსკოვში ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად აშშ-ის სისუსტედ ჩათვალეს. "გაზპრომმა" ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა და ეს იმ დროს გააკეთა, როცა ევროპას მეტი გაზი სჭირდებოდა. შემდეგ ვლადიმერ პუტინმა, "წყალობის" სახით, განაცხადა, რომ მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, "მაგრამ იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა".
რუსული რიტორიკა ვაშინგტონში, თითქოსდა, ვერ შენიშნეს, მაგრამ სინამდვილეში ამერიკის სახდეპარტამენტის წარმომადგენელი კიევში ჩავიდა და უკრაინელებს მიუთითა - თავი შეეკავებინათ [ანტირუსული განცხადებებისაგან] და პროტესტებიდან, რომლებიც გაზსადენს ეხებოდა.
კონგრესში, მართალია, "ჩრდილოეთის ნაკადის" წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ: უკვე მზადდება კანონპროექტი სანქციების დაუყოვნებლივი განახლების შესახებ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციებს ეხება და მის დაფინანსებას უკავშირდება, მაგრამ რადგანაც ბიუჯეტი 2022 წელს უნდა დამტკიცდეს, კანონპროექტი თავის დანიშნულებას კარგავს: ამ დროისათვის გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება.
და ბოლოს, კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-გერმანიის შეთანხმებასთან დაკავშირებით:
21 ივლისის საღამოს ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაურეკა და დიდხანს ელაპარაკა. საუბრის თემები ეხებოდა უკრაინას, გაზსადენს, გერმანია-აშშ-ის შეთანხმებას, რუსეთის პოზიციას. ალბათ, ამ საუბრის უფრო ფართო ვერსია უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
21 ივლისს, საღამოს უკრაინამ და პოლონეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც... გერმანია-აშშ-ის შეთანხმება დაგმეს: "ეს დოკუმენტი უკრაინას და მთლიანად ევროპას დამატებით პოლიტიკურ, სამხედრო და ენერგეტიკულ საფრთხეებს უქმნის და აფართოებს ევროკავშირისა და ნატოს წევრებს შორის არსებულ უთანხმოებას", - ნათქვამია განცხადებაში. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ