"ჩვენ უკვე ყველამ მოვიხადეთ კორონა. ოღონდ ვივაჭროთ და რას დავეძებთ!"
"ადგილობრივთა უმეტესობა თვლის, რომ მათ უკვე გადაიტანეს ვირუსი, ამიტომ აღარ დაემართებათ და ახლა კი მცირე ბიზნესის აღორძინების დროა"
- გამარჯობა, პირბადე რატომ არ გიკეთიათ?" - ვეკითხები ბათუმში მაღაზიაში შემოსულ არაბ ტურისტებს.
- არავის მოუთხოვია," - მპასუხობენ.
- რატომ არ სთხოვთ დახურულ სივრცეში მომხმარებლებს პირბადეს?" - მივუბრუნდი კონსულტანტებს. - ჩვენ უკვე ყველამ მოვიხადეთ კორონა. ოღონდ ვივაჭროთ და რას დავეძებთ! - მპასუხობს ერთ-ერთი.
ზაფხულის სეზონზე ბათუმელებს ყველაზე მეტად უტურისტობის ეშინიათ. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი არ აშინებთ. ყოველ ახალ ტურისტს სეზონური ბიზნესის გადამრჩენად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ეკონომიკური კრიზისი "მოკლავთ" თუ კორონავირუსი. ამიტომაც ბულვარში თუ პლაჟზე, მაღაზიაში თუ დიდი თავშეყრის ადგილებში პირბადიანს ვერსად ნახავთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ლამაზ ზღვისპირა ქალაქში კორონას უბრალოდ არ ცნობენ!
ბულვარში ყავის ჯიხურთან უამრავი ხალხი ირევა. აქ ეს ჯიხური მას შემდეგ ჩადგეს, რაც გადაწყდა, რომ ქვეყანაში ტურისტებს შემოუშვებდნენ.
"ივნისიდან გვაქვს ეს სტენდი. თავიდან ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები ჭარბობდნენ, ივლისში ამერიკელები შემოვიდნენ, არაბები და რუსებიც ბევრნი არიან. კარგი ვაჭრობა გვაქვს!" - მიყვება ყავის გამყიდველი გოგონა.
- თქვენ გადატანილი გაქვთ კორონა? პირბადე არ გიკეთიათ?"- ვეკითხები.
- არც გადატანილი მაქვს და არც აცრას ვაპირებ. რა ვქნა, დამემართოს, აცრას მაინც მირჩევნია! - მპასუხობს.
ბათუმში კორონავირუსის მიმართ შიშს ვერსად შენიშნავთ, თუ სადმე პირბადიანი ადამიანი გამოჩნდა, ისიც არაბი ტურისტია. აქაურების უმეტესობა თვლის, რომ მათ ვირუსი უკვე გადაიტანეს, ამიტომ აღარ დაემართებათ და ახლა ეკონომიკისა და მცირე ბიზნესის აღორძინების დროა.
მიუხედავად იმისა, რომ ბინების ფასი საკმაოდ გაძვირებულია, თავისუფალი ბინის პოვნა ჭირს. ორი შეზლონგისა და ერთი ქოლგის საფასური 14 ლარია, წყალი 2 ლარი ღირს, თუმცა ნახევარლიტრიანი ბოთლის ფასი ქუჩების მიხედვით იცვლება - პლაჟიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით 70 თეთრად იყიდით, ბულვარის პარალელურ ქუჩაზე - 1,20 ლარად. აქ, წინა წლებთან შედარებით რუსი და უკრაინელი ტურისტი მეტია.
"ბათუმში მაშინ ჩამოვედი, სანამ პანდემია დაიწყებოდა. ეს ქალაქი ნიცას ჰგავს. ონლაინ ვმუშაობ. ჩემი ხელფასი ბინის ქირაშიც მყოფნის და აქ ცხოვრებაშიც. ახლა მეგობრები ჩამომივიდნენ და ისინიც აღფრთოვანებული არიან ბათუმით. მზე და ზღვაა ჩვენთვის მთავარი", - მიყვება 33 წლის მოსკოველი ევგენი.
როგორც ბათუმელმა მაკლერმა მიამბო, ბევრი რუსი ტურისტი ბათუმში დარჩა, უძრავი ქონება შეიძინეს და შესანიშნავად გრძნობენ თავს. რუსების გარდა, აქ ბევრ ირანელსაც შეხვდებით, ზოგი იმდენი ხანია ბათუმშია, ქართულად თავისუფლად ლაპარაკობს.
"რუსებმა და ირანელებმა აჭარაში უძრავი ქონება 2012 წლის შემდეგ შეიძინეს. ირანელები ქართველებზე დაქორწინდნენ, ზოგი მაკლერობს კიდეც. ბინების ფასი კვადრატული მეტრი 400 დოლარიდან იწყება და ადგილის, კორპუსის მიხედვით იცვლება. რუსებისა და ირანელების აწყობილ ბიზნესს ქართველი მენეჯერები ჰყავს. ხელფასი აქაურისთვის დაბალია, ირანელისთვის - მაღალი. სამწუხარიდ, ასეა", - ამბობს მაკლერი ჯემალ ზოიძე.
"უკრაინიდან საქართველოში ვაპირებთ დამკვიდრებას"
რატომ არის კარგი ბიზნესგარემო აჭარაში? ამ კითხვაზე უკრაინელმა ტურისტმა მიპასუხა, რომელიც სექტემბრიდან საცხოვრებლად ბათუმში გადმოსვლას გეგმავს.
ვერა ტერეშენკო: - მე, ჩემი ქმარი და ჩვენი სამი შვილი ბათუმში ორი კვირით ჩამოვედით. თუმცა სექტემბრიდან აქ ვაპირებთ დამკვიდრებას. უმცროსი წელს სკოლაში მიდის და ბათუმის რუსულ სკოლაში დავარეგისტრირე. საზღვარზე Pჩღ-ტესტის პასუხი მოგვთხოვეს, რომელიც თან გვქონდა. ჩვენ აცრილები არ ვართ. იმისათვის, რომ აიცრა, ძალიან ბევრი კვლევა უნდა ჩაიტარო. მე ვერ ავიცრები, ავტოიმუნური დაავადება მაქვს, თუმცა აქამდე არ შემხვედრია კორონავირუსი და მგონია, არც ახლა გავხდები ავად.
- რატომ გინდათ ბათუმში ცხოვრება?
- მზიანი, თბილი ამინდები მენატრება. უკრაინაში ხელფასები კარგია, სამუშაო ადგილებიც არის, მაგრამ თუ საკუთარი სახლი იყიდე, სახელმწიფო იმხელა გადასახადს გაკისრებს, ფაქტობრივად, უკან გართმევს ყველაფერს. თქვენს ქვეყანაში კორუფცია არ არის, ამიტომ ჩემს ქმარს სურს, აქ თავისი ბიზნესი ააწყოს. მე ბანკში ვმუშაობ, ჩემი ონლაინმუშაობა არ გამოვა, ამიტომ სექტემბრიდან თავს დავანებებ. ჩვენთან კრიმინალიც მეტია, ვიდრე აქ. საკუთარი სახლი გვაქვს, მაგრამ სულ იმის შიშით ვცხოვრობთ, ხვალ ან ზეგ ვინმემ არ დაგვაყაჩაღოს. საქართველოში უფრო დაცულები ვართ.
ქართველები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ხართ, თანაგრძნობის გამოხატვა შეგიძლიათ. თვალს ვადევდებდი, თბილისში ჟურნალისტი რომ გარდაიცვალა, ხალხი გარეთ გავიდა, ჩვენთან კი სხვისი უბედურება გულთან ახლოს არ მიაქვთ.
- თქვენთან თუ ტარდება გეიაღლუმები?
- კი, ტარდება და სახელმწიფო ამას არ კრძალავს. ვისაც უნდა, შეუერთდება. ჩვენთანაც გამოდიან მათი მოწინააღმდეგეები, დაძაბული სიტუაციებიც ყოფილა, მაგრამ კანონით მათი გამოსვლა არ იკრძალება. როგორც ვიცი, საქართველოში სამუშაო ადგილები არ არის და ეს საწყენია. ქართველები უკრაინაში მოდიან სამუშაოს საძებნელად, უკრაინელები კი საქართველოში მოვდივართ კორუფციასა და კრიმინალს რომ თავი დავაღწიოთ.