"ჩვენთან კოლაბორაცია არ გამოვა"
"პირადად ყველა გველაპარაკება, მაგრამ პოლიტიკურად - არავინ,ჩვენ სხვა ტიპის პოლიტიკა გვაქვს"
"თბილისში ოპოზიციის საერთო კანდიდატი წაგების ფორმულა და "ქართული ოცნების" თამაშია", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, დღეს კალაძე ფავორიტია, მაგრამ თუ ოპოზიცია სწორ სტრატეგიას შეარჩევს, შეიძლება ვითარება შეიცვალოს. "არჩევნებამდე ჯერ კიდევ ორი თვეა, კაცმა არ იცის, რა მოხდება, მაგრამ ამ წუთში ფავორიტი კახა კალაძეა. ნიკა მელია შესაფერისი კანდიდატია ამ ბრძოლისთვის, თუმცა ლიდერის პოზიცია არა აქვს... ოპოზიციას შანსი აქვს იყოს კონკურენტუნარიანი... ჯობს, პირველ ტურში რამდენიმე კანდიდატი იყოს და ბრძოლა მეორე ტურში გადავიდეს. თუ მეორე ტურში "ქართულ ოცნებას" 43% არ ექნება და ახალი არჩევნები დაინიშნება, ეს შანსს გააჩენს, რომ კახა კალაძეს მოვუგოთ", - აცხადებს იაგო ხვიჩია და ამ საკითხებზე უფრო დეტალურად გვესაუბრება:
- როგორი სტრატეგია იქნება სწორი, რომ ოპოზიციამ არ წააგოს?
- კარგად უნდა გამოიყენოს კონკურენტუნარიანობის შანსი და არ იყოს დამოკიდებული იმაზე, ვინ უკეთესი ბიჭია ვიღაცის თვალში.
- თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს კალაძის უპირატესობა? - მოქმედი მერია, მხარს უჭერს მმართველი გუნდი და აქვს სახელისუფლებო რესურსი, პირადი ისტორია, ასევე მოგებული ჩემპიონთა ორი ლიგა და ა.შ. მოკლედ, პოპულარულია. ისეთი ტიპის რესურსები აქვს, რომ მათი გაუთვალისწინებლობა სერიოზული არ იქნება.
- "ნაცმოძრაობა" საერთო კანდიდატის წარსადგენად სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფსა და სუბიექტებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მათ შორის თქვენც თუ იყავით, ან "სტრატეგია აღმაშენებელთან" თუ გაქვთ კონსულტაციები? - არა, ბატონო, ჩვენზე "ნაციონალებიც" გაბუტული არიან, სხვებიც და ჩვენთან კონსულტაციებს არ მართავენ. პირადად ყველა გველაპარაკება, მაგრამ პოლიტიკურად - არავინ. ჩვენ სხვა ტიპის პოლიტიკა გვაქვს. მათთვისაც გასაგებია, რომ ჩვენთან კოლაბორაცია არ გამოვა.
- როგორია თქვენი სტრატეგია, მერობის კანდიდატად მართლა აპირებთ ვახტანგ მეგრელიშვილის დასახელებას? - არა, არ ვაპირებთ, მაგრამ თუ რომელიმე ოპოზიციური პლატფორმა დაასახელებს, უარს არ ვიტყვით. ჩვენ ძველებურად ვფიქრობთ, რომ არ დავაყენებთ მერობის კანდიდატს, გვექნება ყველგან პროპორციული სია და გვეყოლება კანდიდატები საკრებულოში მოსახვედრად. კონკურსები გვაქვს სხვადასხვა რაიონში გამოცხადებული სიის პირველ წევრობაზე, ასევე კომისიის წევრებზე "გირჩის" სახელით. ამასთან, ვაპირებთ პარლამენტში ჩვენს პროექტებზე მუშაობას, მათ შორის არის დიდი ამნისტიის პროექტი, მარიხუანას ლეგალიზაცია...
- თუ თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, არც მაშინ დაუჭერთ მხარს ოპოზიციის კანდიდატს? - ჩვენი ამომრჩევლები სხვადასხვა გემოვნების ხალხია, ზოგს "გირჩის" შემდეგ "ნაცმოძრაობა" მოსწონს, ზოგს "ოცნება" და ზოგს კიდევ სხვა. ვერავის მოვუწოდებთ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერისკენ. ჩვენი გემოვნება პირველ არჩევანში ემთხვევა, ამის იქით სხვადასხვაგვარად ვფიქრობთ, სხვადასხვა საფეხბურთო გუნდს ვგულშემატკივრობთ, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსები მოგვწონს...
- ცოტა ხნის წინ "ფეისბუკის" გვერდზე დაწერეთ, რომ მტკიცებულებები არა გაქვთ, მაგრამ შეგიძლიათ ვერსიად განიხილოთ ან ფსონი დადოთ, რომ ოდესმე დადასტურდება "ქოცებისა" და "ნაცების" შეთამაშების ფაქტი. ასევე ისიც, რომ მიშა ბიძინას ფულით "გულაობდა" კიევში, ხოლო ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, კარგად შესრულებული წარმოდგენა იყო. ახლა თამაშის რომელ ეტაპზე ვართ? - ეგ არ ვიცი, მაგრამ კარგად რომ გვათამაშებენ, ვიცი. საკმარისია დავუშვათ, რომ მიშა და ბიძინა შეკრული არიან, მერე ყველაფერი ლოგიკურად ლაგდება. აქედან გამომდინარე ვუშვებ, რომ მიშასა და ბიძინას ქიშპობა შეთანხმებაში გადაიზარდა და ამით დაკმაყოფილდა ორივეს ამბიციები.
- რაში გამოიხატება მათი შეთანხმება? - იმაში, რომ მთელი ცხრაწლიანი ეპოპეის განმავლობაში გაუჭირდება თუ არა რაიმე "ოცნებას", გამოვარდება სააკაშვილი და ყვირის, მოვდივარო. ამას რაც მოჰყვება, ყველამ ვიცით. დააკვირდით, ვის ინტერესებშია ყველა წვრილმანზე ჩხუბის ატეხა პარლამენტში. იმის მაგივრად, მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ, ჩხუბი იწყება ორი მონაწილით - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა", სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ასე გრძელდება ეს ამბავი 9 წელია. ვის აწყობს ეს?..
ახლაც აიჩემა "ნაცმოძრაობამ", საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთო. თქვენ ხომ იცით, მელია და კალაძე ერთი-ერთზე რომ დარჩენილიყვნენ, ვინ წააგებდა არჩევნებს? ეს ყველაფერი შეიძლება უვიცობით არის განპირობებული, მაგრამ ყოველთვის არაკვალიფიციურობასაც ვერ დავაბრალებთ "ნაციონალებს". შესაბამისად, ვფიქრობ, შეთქმულებაა.
ხათუნა ბახტურიძე