"ოპოზიციაც აღიარებს, რომ კალაძეს სერიოზული ოპონენტი არა ჰყავს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციაც აღიარებს, რომ კალაძეს სერიოზული ოპონენტი არა ჰყავს"

"საქართველოს მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, კარგი ალტერნატივაა თუ ცუდი მელიას, ხოშტარიასა და ჯაფარიძის ტანდემი"

"მერამდენედ უნდა შევიდეს ნიკა მელია წაგებულ თამაშში. შეიძლება ეს მისი გადაწყვეტილება არც იყო და მისმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, თავად ოპოზიციაც აღიარებს, რომ კახა კალაძე მერობის ძლიერი კანდიდატია. რატომ ფიქრობენ მმართველი გუნდის ლიდერები, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი მარცხისთვისაა განწირული, ვის მიიჩნევენ მთავარ კონკურენტად და რას ემყარება არჩევნების კიდევ ერთხელ მოგების იმედი, გურამ მაჭარაშვილი გვესაუბრება:

- მელიამ თავად თქვა, რომ მერობის კანდიდატად საკუთარ თავს არ წარმოგვიდგენდა და პარტიაზე იმუშავებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მის ხელმძღვანელს სხვა გეგმა ჰქონდა. ჩვენ ეს ამბავი არ გვაღელვებს, საქართველოს მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, კარგი ალტერნატივაა თუ ცუდი მელიას, ხოშტარიასა და ჯაფარიძის ტანდემი. თავად ოპოზიციაც აღიარებს, რომ კალაძეს სერიოზული ოპონენტი არა ჰყავს.

- ანალიტიკოსების ნაწილი, მაგალითად, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კალაძეს ყველაზე ძლიერ კონკურენციას გახარია გაუწევს, ზოგიერთი ვერსიით, გახარია მერობის კანდიდატად არველაძეს დაასახელებს. - რა გითხრათ, გახარიას გუნდს ჯერ არ დაუსახელებია მერობის კანდიდატი, იქნებ სულაც სხვა ვინმეს ასახელებენ? გახარიაც რომ იყოს კანდიდატი, არა მგონია, მეტოქეობა გაუწიოს კალაძეს. სავარაუდოდ, ის იმუშავებს იმისთვის, რომ საკრებულოში ერთი ან ორი კაცი შეიყვანოს. ჩვენ არავის და არაფრის გვეშინია და საჭიროებისამებრ ვმოქმედებთ. შესაბამისად, უკვე მეშვიდე არჩევნებს ვიგებთ.

- იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თქვენს გუნდს ძალიან გაუჭირდა კალაძის დათანხმება... - არ ვიცი, რატომ შეგექმნათ ასეთი შთაბეჭდილება, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ დიდი ხანია გვქონდა ჩვენი მოსაზრება, მაგრამ კალაძე არაფერს ამბობდა, იმიტომ, რომ შესაბამისი დრო არ იყო დამდგარი.

- თქვენ ამბობთ, რომ კალაძე უალტერნატივო კანდიდატია, თუმცა ჟურნალისტებმა ის არაერთხელ დაადანაშაულეს კორუფციულ გარიგებებში. ფიქრობთ, რომ საზოგადოებას არ სჯერა ჟურნალისტების? - არ სჯერათ იმიტომ, რომ ეგენი ყველას ყველაფერში ადანაშაულებენ. ამან ისეთი სისტემატური ხასიათი მიიღო, რომ ხალხისთვის მომაბეზრებელიც გახდა. არაობიექტური, უარგუმენტო ბრალდებებით ხალხს ვეღარ მოატყუებ, ამომრჩეველი გონიერია. დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ამ არჩევნებზეც გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- ბოლოდროინდელი მოვლენები - 53 ჟურნალისტის ცემა, ან ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მედიის კითხვებს გაურბიხართ - არჩევნებზე ნეგატიურ შედეგს არ მოიტანს? - ჩვენ არავის გავურბივართ, პირიქით, ჟურნალისტების ნაწილი გაიქცა ჩვენგან და პოლიტიკაში გადავიდა. პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს ინტერვიუებს ნამდვილად ვერ მივცემთ. რატომ "კვირის პალიტრას" არ გეუბნებით უარს, იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი ხელმძღვანელობა დარბაზში არ შემოგვეჭრა და დესტრუქცია არ მოგვიწყო? სხვათა შორის, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს "ფორმულასა" და ტვ-პირველის" ჟურნალისტებთან. მე მათ პირდაპირ ვუთხარი, თუ თქვენ საჯაროდ იტყვით, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებში ჯდება ის, რაც მიშა სარჯველაძეს გაუკეთეს სანაიამ და მისმა მხარდამჭერებმა, მაშინ ინტერვიუს მოგცემთ-მეთქი. ვერ თქვეს!

- რას გულისხმობთ? - სანაია და მისი მხარდამჭერები პარლამენტის შესასვლელთან დახვდნენ მიშა სარჯველაძეს და შეიძლება ითქვას, თავს დაესხნენ. მაგას კითხვების დასმა არ ერქვა. ჩვენ არც ადრე მოგვწონდა ამ მედიასაშუალებების აბსურდული შეკითხვები, მაგრამ მაინც ვთანამშრომლობდით მათთან. ახლა სხვა პროცესებში გადავიდნენ, პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება დაიწყეს, პრემიერის გადადგომას ითხოვენ, იმუქრებიან, სტუდიებში არ შევალთო, აქციებს აწყობენ. მერე სტუდიებში მაინც შედიან, ხან სხდომათა დარბაზში იჭრებიან, ხან პარლამენტის შესასვლელთან გვხვდებიან... ეს როგორი მედიაა?

- ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ხომ არ არის კიდევ ერთი თემა, რომელიც ფარავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს? - რა თქმა უნდა, და ოპოზიციასაც ეს უნდა. როდესაც ჩვენ კანონპროექტს განვიხილავთ, მთავრობას ვუსმენთ, ოპოზიცია კი ცდილობს დღის წესრიგის მთავარ თემად უაზრო დესტრუქცია აქციოს, ასეთ დროს ბუნებრივად კარგავს აქტუალურობას ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ნახეთ, რა რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვართ. წესით, მედია განუწყვეტელი პროპაგანდით უნდა იყოს დაკავებული და ხალხს აცრისკენ მოუწოდებდეს, ეგენი კი დადიან და ჩვენზე ცდილობენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აქციას ატარებენ ტრაფარეტებით "არა ძალადობას" და უცებ საღებავებს ასხამენ პოლიციელებს.

- თქვენ საუბრობთ ოპოზიციისა და ჟურნალისტების ნაწილის დესტრუქციულობაზე, თუმცა როგორ ახსნით შალვა პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას ძალისმიერი მეთოდით გარიდებას ტრიბუნიდან და თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას? - ძალიან მარტივად - სხდომათა დარბაზში სირბილი, ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ავარდნა და ფეხშიშველი სირბილი დესტრუქციაა. თინა ბოკუჩავა რომ კახა კუჭავასთან რევერანსის გასაკეთებლად არ მიდიოდა, ხომ ეტყობოდა? ისტერიკულად მირბოდა სპიკერატში, რა უნდოდა იქ? შალვამ მოახერხა, რომ მის კოლეგას კიდევ მეტად არ დაარღვევინა ეთიკის ნორმები. თეა წულუკიანსა და მაია ბითაძეს კი ლამის პირში ჩაუტენეს მიკროფონები. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?

- 5 ივლისს პოლიციას რომ ადეკვატური ძალა გამოეყენებინა, 53 ჟურნალისტი დაზარალდებოდა თუ არა და გეყოლებოდათ თუ არა დღეს ამდენი განაწყენებული მედიის მუშაკი? - 5 ივლისს მართლა ყველასთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა, არავინ ელოდა, რომ ჟურნალისტებზე შეტევას დაიწყებდა ვინმე.

- ძნელი დასაჯერებელია, რომ პოლიციამ, სუს-მა, უსაფრთხოების სამსახურმა არ იცოდნენ, რას გეგმავდნენ პრაიდის მოწინააღმდეგეები. - რას აპირებდნენ, შეიძლება იცოდნენ, მაგრამ ვის თავში უნდა მოხარშულიყო, რომ ამხელა ლოკაციაზე გაიშლებოდნენ? ასეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევას ვერც ერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ვერ უზრუნველყოფდა. აშშ-შიც კი მომხდარა მსგავსი რამ, უსაფრთხოების სამსახურს წინასწარ ვერ განუსაზღვრავს საფრთხე. რაც მოხდა, ძალიან ცუდი იყო და გარწმუნებთ, დამნაშავეები დაისჯებიან.

- თუ ეს ამბავი ობიექტურად არ იქნება გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილნი, საზოგადოებას ყოველთვის ექნება ეჭვები... - "ქართულმა ოცნებამ" დღის სამ საათზე რომ თქვას, დღეაო, ოპოზიცია იტყვის, არა, ღამეაო. მათ ჭკუაზე ვერავინ ივლის, რაც შეეხება საქმის ობიექტურად გამოძიებას, ეს ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესებში შედის. თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, პოლიციაში განაცხადოს.

- წინასაარჩევნო პერიოდი ასეთი დაპირისპირებებით გაგრძელდება თუ საარჩევნო პროგრამებსაც მოვისმენთ და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებსაც განვიხილავთ? - რა თქმა უნდა, საარჩევნო პროგრამებიც გვაქვს და პრობლემების გადაჭრის ხედვებიც, ოპოზიციაზე კი რა მოგახსენოთ.

ჩვენ შევეცდებით მათი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული ზიანის ხარისხი შევამციროთ, მაგრამ ძნელი გამოსაცნობია მაგათ თავებში რა მოიხარშება და რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ. ბოკუჩავამ პირდაპირ თქვა, არ მაინტერესებს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხები, უნდა გადადგესო. პარლამენტში იბარებენ, მაგრამ მისი მოსმენა არ აინტერესებთ. ასეთი არაადეკვატურები არიან და მერე უკვირთ, ხალხი მხარს რომ არ უჭერს.

ხათუნა ბახტურიძე