82 წლის მეოცნებე მფრინავს ოცნება აუსრულდა - კვირის პალიტრა

82 წლის მეოცნებე მფრინავს ოცნება აუსრულდა

"2021 წლის 1 ივლისს ბრიტანელმა მილიარდერმა და კოსმოსური ტურიზმის ერთ-ერთმა მაგნატმა, "ვირჯინ გალაქტიკის" დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ 11 ივლისს მან სუბორბიტალური რეისი შეასრულა ეკიპაჟის ხუთ წევრთან ერთად და თავის კონკურენტ ჯეფ ბეზოსს ცხრა დღით დაასწრო. ეკიპაჟში თავად 70 წლის რიჩარდ ბრენსონის გარდა არიან ორი პილოტი და კიდევ სამი მგზავრი. მათ შორის ორი ახალგაზრდა ქალია, რომლებიც "ვირჯინ გალაქტიკის" თანამშრომლები არიან. ფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ ბრენსონმა ოფიციალურად გამოაცხადა კოსმოსური ტურისტებისთვის სეზონის გახსნა..."

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) ვიზიტორთა ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთან დალი უბილავა-დე გრააფთან. ამჯერად ჩვენი საუბრის თემაა კოსმოსური ტურიზმი.

"ტურისტული მისიები კოსმოსში"

ჩვენი პლანეტა უნიკალური და კომფორტული ადგილია, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე. დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნას, სუპერვულკანის ამოფრქვევას, კლიმატის გლობალურ ცვლილებებს შეუძლია ბოლო მოუღოს ცივილიზაციას. დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კოსმოსის ათვისება. ცნობილ ბრიტანელი მეცნიერს, სტივენ ჰოკინგსაც, არაერთგზის უთქვამს, რომ ადამიანმა უახლოეს 30 წელიწადში უნდა დაიწყოს დედამიწის განტვირთვა, რაც სხვა კოსმოსური ობიექტების, მათ შორის - მარსის ათვისებას გულისხმობს. ვნახოთ, ვინ იქნება პირველი და 21-ე საუკუნეში ვინ დადგამს პირველად ფეხს სხვა ციურ სხეულებზე. ცნობილი კოსმოსური ორგანიზაციების გარდა, ამ პროგრამებზე კერძო ორგანიზაციებიც მუშაობენ.

ილონ მასკი, "სფეის იქსის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 2023 წელს მარსზე ადამიანების გამგზავრებას გეგმავს და ინტენსიურად მუშაობს მარსის რაკეტაზე "სთარშიფი". ეს არის უპრეცედენტოდ მძიმეწონიანი რაკეტა, სრულიად ახალი ტიპის საწვავით (თხევადი მეთანით და ჟანგბადით) და, შესაბამისად, უზარმაზარი ბიუჯეტით (დღეს მარსზე 1კგ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის დაახლოებით 150.000 ევროს ანგარიშობენ). ყველაზე მძიმეწონიანი რაკეტა, რაც კი დღემდე შექმნილა, "სატურნი-5" იყო, რომლითაც მთვარეზე ამერიკული "აპოლოს" მისიები იგზავნებოდა.

2001 წელს მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი გახდა იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერი დენის ტიტო. მან იმოგზაურა კოსმოსურ სადგურზე, რაშიც 20 მლნ ამერიკული დოლარი გადაიხადა. კოსმოსში წასულ ტურისტებს შორის არის სპარსული წარმომავლობის ამერიკელი ინჟინერი, მეცნიერი, პირველი კოსმოსური ტურისტი ქალი აინუშ ანსარიც, რომელიც ასევე სტუმრობდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. კოსმოსური ტურისტი ყოველთვის ითავსებს სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობას და ყველა მათგანი ამ ექსპერიმენტების მონაწილე იყო. ყველა ტურისტი, ვისაც კი აქამდე კოსმოსში უმოგზაურია, იყო ძალიან მდიდარი და თავად იხდიდა მოგზაურობის საფასურს. 2021 წლის დასაწყისში იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეძავამ ილონ მასკის "სფეის იქსთან" თანამშრომლობით დაჯავშნა ადგილები მთვარის მისიაზე "ჩემო მთვარევ". გეგმის მიხედვით, ის და რვა ტურისტი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაემგზავრებიან მთვარის ორბიტაზე. ამჟამად მიმდინარეობს მაეძავას თანამგზავრი ტურისტების შესარჩევი და შემდგომ მათი კოსმოსური მოგზაურობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. თითოეული მათგანის მოგზაურობა (მთვარის ორბიტაზე, მთვარის ზედაპირზე დაშვების გარეშე!) დაახლოებით 250 მილიონი დოლარი ჯდება. ერთი ადამიანის მთვარის ზედაპირზე მოგზაურობისთვის დღეს დაახლოებით 700 მილიონ დოლარს ანგარიშობენ. მთვარის ტურისტული მოგზაურობის "ჩემო მთვარევ" ბიუჯეტი მაეძავამ გადაიხადა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პილოტირებული მისიები უპილოტო მისიებზე დაახლოებით 5-ჯერ ძვირია.

დღეს კოსმოსური ტურიზმით უფრო და უფრო მეტი კერძო კომპანიაა დაინტერესებული. ილონ მასკის "სფეის იქსისის" გარდა ამ საქმეში ყველაზე ცნობილი არიან ჯეფ ბეზოსი და მისი კომპანია "ბლუ ორიჯინი", ასევე რიჩარდ ბრენსონი თავისი კომპანიით "ვირჯინ გალაქტიკი". ისინი ტურისტებს სთავაზობენ მოგზაურობას სხვადასხვა სიმაღლის ორბიტაზე ანუ სუბორბიტალურ ფრენებს. ორბიტის სიმაღლე და მასთან დაკავშირებული სირთულეები განსაზღვრავს ბილეთის ფასსაც.

ჯეფ ბეზოსის მოგზაურობა კოსმოსში

"ამაზონის" და "ბლუ ორიჯინის" დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა, რომელიც ამჯერად კოსმოსური ტურიზმით არის დაინტერესებული და თავს ილონ მასკის კონკურენტად მიიჩნევს, 20 ივლისს სუბორბიტალური ფრენა განახორციელა, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს დაახლოებით 10-წუთიან კოსმოსურ მოგზაურობას დაახლოებით 90 კმ-იან ორბიტაზე. საერთაშორისო კოსმოსური სადგური, საითაც ასტრონავტები მიფრინავენ და იქ თვეობით მუშაობენ, შემდეგ კი უკან, დედამიწაზე ბრუნდებიან, განთავსებულია 400 კმ-იან ორბიტაზე. ამ ორბიტაზე ანუ სსკ-ში ასტრონავტების ტრანსპორტირება დღეს "სიოუზ-კაფსულასა" (რუსეთი) და "ქრუ-დრეგონის" (ილონ მარსკის "სფეის იქსი", აშშ) საქმეა. ჯეფ ბეზოსთან ერთად იმგზავრეს მისმა ძმამ, მარკმა, 18 წლის სტუდენტმა ოლივიე დეიმენმა (ნიდერლანდების სამეფოდან) და 82 წლის ინსტრუქტორმა ქალმა უოლი ფანკმა, რომელიც 60 წელი ელოდა კოსმოსში გაფრენას.

ცოტა რამ უოლი ფანკის შესახებ

გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ნამდვილი კოსმოსური შეჯიბრება იყო გაჩაღებული, "ნასაში" მზადდებოდა საიდუმლო პროგრამა "ქალები კოსმოსში", 35 წლამდე ასაკის 25 ქალის მონაწილეობით. მათგან ყველაზე ახალგაზრდა და საუკეთესო მონაწილე გახლდათ 21 წლის უოლი ფანკი.

ურთულესი საწვრთნელი ტრენინგების შემდეგ უოლი ფანკს შერჩეულ რამდენიმე მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგები ჰქონდა და კოსმოსში გასაფრენად ემზადებოდა. იური გაგარინის კოსმოსში გაფრენიდან ერთ თვეში აშშ-ის პრეზიდენტ კენედის მიერ გამოცხადებული სამოქმედო გეგმისა და პრიორიტეტების გამო, რომ ამერიკელები უახლოეს ათ წელიწადში მთვარეზე უნდა გაფრენილიყვნენ, პროგრამა "ქალები კოსმოსში" გააჩერეს და მისი მიზნების განხორციელებაც დიდი ხნით გადაიდო.

1960-70-იან წლებში "ნასას" მთელი ბიუჯეტი, ანუ აშშ-ის ბიუჯეტის 5% მთვარის პროგრამებისთვის გამიზნეს. მხოლოდ 1983 წელს გაიხსნა კოსმოსი ამერიკელი ქალებისთვის. სალი რეიდი იყო პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც კოსმოსს ვალენტინა ტერეშკოვას გაფრენიდან 20 წლის შემდეგ ესტუმრა. ასტრონავტების მომზადების პროცესში 22-წლიანი შუალედი დიდი სიცარიელის ტოლფასია. პროგრამის - "ქალები კოსმოსში" - მონაწილეთაგან მოგვიანებითაც კი ვერც ერთი ვერ ეღირსა ასტრონავტობას. მათ შორის - ვერც უოლი ფანკი, რომელიც ისევ სამხედრო ავიაციას დაუბრუნდა, თუმცა ასტრონავტობაზე ოცნება არასდროს შეუწყვეტია, მაგრამ მისი ოთხივე ცდა, ჩარიცხულიყო "ნასას" ასტრონავტთა სიაში, უშედეგოდ დამთავრდა. იმ პერიოდში ასტრონავტებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო უმაღლესი საინჟინრო განათლება, რომლის მისაღებად ფანკს "ნასასგან" მხოლოდ ცხრა თვე ეძლეოდა.

წლები გადიოდა, ამერიკის სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობასთან ერთად უოლი ფანკი ისევ ჯიუტად ოცნებობდა კოსმოსში გაფრენაზე და ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე კომპანიაში კოსმოსურ ტურისტადაც კი ჩაეწერა, მაგრამ ვერც იმ კომპანიებმა გაამართლეს დანაპირები. და აი, 2021 წლის 20 ივლისს 82 წლის მეოცნებე მფრინავს ოცნება ჯეფ ბეზოსმა აუსრულა. რაც შეეხება ოლივიე დეიმენს, მისი მოწვევა ბეზოსის ჯგუფში განსაკუთრებულია. კოსმოსური მოგზაურობის ოთხკაციანი გუნდის მეოთხე წევრი, რომელმაც აუქციონზე გამოცხადებულ კოსმოსის ბილეთში 28 მილიონი გადაიხადა და დღემდე ინკოგნიტოდ რჩება, ამ ეტაპზე კოსმოსში ვერ მიდის, ამიტომ მისი ადგილი მომდევნო ლოტის მფლობელს, უფრო სწორად მის შვილს, 18 წლის ოლივიე დეიმენს მიეკუთვნა.

"ოლივიე იმ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელმაც კოსმოსში გზა უნდა გაკვალოს", - ამბობს ბეზოსი. ოლივიე ნიდერლანდების სამეფოდანაა და სექტემბრიდან სწავლას ქალაქ უტრეხტის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე შეუდგება. ბეზოსმა უკვე მოხსნა ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული ადამიანების კოსმოსში გამგზავრების ორი რეკორდი. ყველაზე ახალგაზრდა, ვინც აქამდე კოსმოსში ყოფილა, იყო 25 წლის რუსი კოსმონავტი გერმან ტიტოვი, ყველაზე ასაკოვანი კი - "ნასას" 77 წლის ასტრონავტი ჯონ გლენი.

რიჩარდ ბრენსონი - კიდევ ერთი მილიარდერი ტურისტი კოსმოსში

2021 წლის 1 ივლისს ბრიტანელმა მილიარდერმა და კოსმოსური ტურიზმის ერთ-ერთმა მაგნატმა, "ვირჯინ გალაქტიკის" დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა "ტვიტერზე" განაცხადა, რომ 11 ივლისს მან სუბორბიტალური რეისი შეასრულა ეკიპაჟის ხუთ წევრთან ერთად და თავის კონკურენტ ჯეფ ბეზოსს ცხრა დღით დაასწრო.

ეკიპაჟში 70 წლის რიჩარდ ბრენსონის გარდა არიან ორი პილოტი და კიდევ სამი მგზავრი. მათ შორის ორი ახალგაზრდა ქალია, რომლებიც "ვირჯინ გალაქტიკის" თანამშრომლები არიან. ფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ ბრენსონმა ოფიციალურად გამოაცხადა კოსმოსური ტურისტებისთვის სეზონის გახსნა. მით უმეტეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მისმა კომპანიამ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოსგან ამ საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია მიიღო.

მსგავსი ნებართვა ბეზოსის კომპანიას ჯერაც მოსაპოვებელი აქვს. "კოსმოსი ყველა ჩვენგანისაა" - ამბობს ბრენსონი. კოსმოსური თვითმფრინავი, რომელშიც მისია "იუნითი 22"-ის წევრები იყვნენ, ორი გადამზიდი თვითმფრინავით შეუდგა კოსმოსურ ფრენას. გადამზიდმა თვითმფრინავებმა ის 16 კმ სიმაღლეზე აიყვანა, ამის შემდეგ კი კოსმოსური თვითმფრინავი მათ გამოეყო და დაახლოებით 2 სთ-ის განმავლობაში სუბორბიტალურ ფრენას ახორციელებდა, რამდენიმე წუთი დაყო უწონობაში და მშვიდობიანად დაეშვა ნიუ მექსიკოს კოსმოდრომზე "ამერიკა".

კოსმოსში სამოგზაუროდ "ვირჯინ გალაქტიკის" ტურისტთა სიაში რიგს უკვე 600-მდე ადამიანი ელოდება. ბილეთის საშუალო ფასი 250.000 დოლარია. "ვირჯინ გალაქტიკი" ინტენსიურ კოსმოსურ ტურებს 2022 წლიდან შეუდგება.

ესეების კონკურსი - "2030: მთვარე-მარსი-დედამიწა"

2021 წელი გამოცხადებულია კოსმოსის წლად, რადგან სწორედ წელს კაცობრიობა კოსმოსური მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში გარდამტეხ სიახლეებს ელოდება. ამასთან დაკავშირებით ფონდი "ევროარტი" დალი უბილავა-დე გრააფის ხელმძღვანელობით ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით პროექტ "კოსმოკლუბის" ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს, რომლის მიზანია კოსმოსური კვლევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ მოზარდთა ინტერესის გაღვივება და მათი მოტივაციის ამაღლება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 7-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს, მთვარისა და მარსის თაობის წარმომადგენლებს! ესეების კონკურსის თემატიკაა "2030: მთვარე-მარსი-დედამიწა". საკონკურსო ესეში აღწერილი უნდა იყოს საბაზისო ცოდნაზე დაყრდნობით გადმოცემული ავტორის ხედვა, მოსაზრება, პროგნოზი, ფანტაზია; რა სიახლეები შეიძლება გვქონდეს 2030 წლისთვის, როგორც მთვარესა და მარსზე, ასევე დედამიწაზე. თითო ავტორს შეუძლია გამოგზავნოს ესე მაქსიმუმ ორ სხვადასხვა თემაზე. ყველა ესე ნოტარიუსის მიერ 10 წლით "დაკონსერვდება" და კონკურსის გამარჯვებულები მხოლოდ 2030 წელს გამოვლინდებიან. თუმცა თქვენს ესეში აღწერილი ამბავი/ფანტაზია/პროგნოზი მანამდეც შეიძლება დაემთხვეს თანამედროვე კვლევების რომელიმე მნიშვნელოვან აღმოჩენას. ყველა ესე გამოქვეყნდება პროექტ "კოსმოკლუბის" ფეისბუკპლატფორმაზე, სადაც მუდმივად ვრცელდება უახლესი კოსმოსური ამბები. ესეებს წაიკითხავს ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლების სამკაციანი ჯგუფი. ყველაზე საინტერესო ესეების ავტორებს 2021 წლის აგვისტოში გადაეცემათ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტთა ხელმოწერილი სპეციალური დიპლომები. ესეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 აგვისტო. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ "კოსმოკლუბის" ფეისბუკგვერდი.