"საქართველოში ფიზიკური დასჯა აღზრდის ერთ-ერთი მთავარი "მეთოდია", თანაც ეს ბავშვზე ძალადობად არ აღიქმება"
"როცა ჩხუბით და აგრესიით მივმართავთ, მოზარდი აგრესიას რიკოშეტის პრინციპით დაგვიბრუნებს"
ჩვენ ვცხოვრობთ გულგრილ სამყაროში, სადაც სხვისი ღირსების დამცირება და ძალადობა ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული. სად ყალიბდებიან მოძალადეები? - ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი ფსიქოთერაპევტ მანანა სოლოღაშვილთან:
- ჩვენი ბავშვობა მუდმივად ჩვენშია, ამიტომ ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემის სათავე სწორედ ჩვენს ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ამ რამდენიმე წლის წინ "იუნისეფმა" ჩაატარა კვლევა ბავშვებზე ძალადობის შესახებ. მთელ საქართველოში დავდიოდით და ვხვდებოდით მშობლებს, ყველა ასაკის ბავშვებს. საოცარი შედეგები მივიღეთ: საქართველოში ფიზიკური დასჯა აღზრდის ერთ-ერთი მთავარი "მეთოდია", თანაც ეს ბავშვზე ძალადობად არ აღიქმება. ბევრი ფიქრობს, რომ ცემა ნორმაა. გამოკითხვების დროს უამრავმა მოზარდმა აღიარა, რომ დედ-მამა აღზრდის მიზნით სცემდა, მშობლებიც არ უარყოფდნენ, რაც გამაოგნებელი იყო.
- როგორ მოქმედებს ფიზიკური დასჯა ბავშვის ფსიქიკაზე? - ნებისმიერი ფიზიკური დასჯა: ყურის აწევა, თმის მოჩეჩა, ჩქმეტა, სახეში გარტყმა ბავშვის ფსიქიკას აზიანებს. მე ძალიან მომწონს ერთი აღმოსავლური ანდაზა, რომელიც ზუსტად ასახავს, როგორ მოქმედებს ბავშვებზე ფიზიკური დასჯა: "როდესაც ბავშვს ურტყამ, შენ მის მომავალს ურტყამ", - ეს ზუსტი განსაზღვრებაა. მარტო ცემა კი არა, ოთახში მარტოს რომ ჩაკეტავ და კუთხეში დააყენებ, ფსიქოლოგები ამასაც ძალადობად მიიჩნევენ. ამ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ ცუდი და უარყოფილია, რომ დედამ (ან მამამ) მარტო დატოვა. როდესაც ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, ან ოჯახში ძალადობის მოწმეა, მას ბევრი უსიამოვნო რამ ახასიათებს, კერძოდ: დაბნეულობა, მიტოვების შიში, მოსალოდნელი ძალადობის შიში და ა.შ., თანაც ასეთი ბავშვები მომხდარზე პასუხისმგებლობას თავად იღებენ - რატომღაც, ბავშვის ფსიქიკას ახასიათებს თვითდადანაშაულება და როცა მშობლებს შორის კონფლიქტია, მოზარდი ამასაც თავის თავს აბრალებს. ჰგონია, მისი ბრალია დედ-მამა რომ ჩხუბობს. ასეთ ბავშვებს ეუფლება უსუსურობის განცდა, რისხვა, შფოთი ან სულაც დეპრესია, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება გაჰყვეს. იგივე ხდება, როდესაც ოჯახში მშობლები სიყვარულს არ გამოხატავენ. აი, როგორ ყალიბდებიან მოძალადე და აგრესიული ადამიანები.
როდესაც ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ან მოწმეა, ის მომავალში ან მოძალადის როლს მოირგებს, ან პირიქით, მსხვერპლისას.
- ეს ხომ მეორე უკიდურესობაა? - დიახ. და ეს კანონზომიერია: ფსიქოლოგიური ტრავმების გამო ბავშვს დაბალი თვითშეფასება უყალიბდება, რაც ხელს უშლის ადამიანებთან ნორმალურ ურთიერთობაში. მას უჭირს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა ან არაჯანსაღი სექსუალური ცხოვრება აქვს. ხშირად ეს მოძალადე მშობლების "დამსახურებაცაა". ფსიქოლოგები რამდენიმე ტიპის მოძალადე დედას ან მამას განასხვავებენ. მოძალადე დედის ტიპაჟებია: შფოთიანი დედა, რომელიც შვილის ბედზე მუდმივად შფოთავს და რაღაცით უკმაყოფილოა. ბავშვი არანაკლებ ითრგუნება მეტისმეტად ძალაუფლებისმოყვარე დედის ხელში, რომელიც მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს და ვითომ კარგად იცის, რა უნდა შვილს, რა უნდა ჩაიცვას, რა ჭამოს, ვისთან იმეგობროს... კიდევ ერთი უკიდურესობაა ტანჯული დედა: მუდმივად უბედური, შვილს ხშირად თავს ამადლის და უმეორებს, რომ მთელი ცხოვრება მას შესწირა, რომ მისთვის დათმო კარიერა, მომავალი...
მოძალადე მამის ტიპაჟებს შორის ყველაზე გავრცელებულია მეტისმეტად მზრუნველი მამა, რომელიც შვილს მუდმივად აკონტროლებს, დაახლოებით ასე იქცევა "ავტორიტეტი" მამაც, რომელიც სულ ცდილობს შვილისთვის მისაბაძი იყოს. ამათზე არანაკლებ მძიმე შემთხვევაა "უსუსური მამა", რომელიც ყველაფერზე თვალს ხუჭავს. მას ოჯახში არა აქვს ავტორიტეტი, ცოლი და შვილები უპატივცემულოდ ექცევიან. ყველა ეს ტიპაჟი უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე, რადგან ოქროს შუალედს ვერ იცავს.
- რომელი მეთოდი ამართლებს ყველაზე მეტად ბავშვის აღზრდაში? - ყველაზე მეტად მეგობრული ურთიერთობა ამართლებს და არა დირექტივები. თუ პატარას შეატყობთ, რომ ხატვა ეხალისება ან სპორტი მოსწონს, ამ მიმართულებით უნდა შეუწყოთ ხელი.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვი მეტისმეტად ჯიუტი და ჭირვეულია?
- დიპლომატიას უნდა მივმართოთ: დავუშვათ, სადმე მიგვყავს, გვეჩქარება და ამოიჩემა, ამ კაბას არ ჩავიცვამო... ამ დროს რამდენიმე კაბა უნდა შევთავაზოთ და პატარას უჩნდება განცდა, რომ თვითონ ირჩევს. როცა ძალიან გაჯიუტდება, ცოტა ხანს ყურადღება არ მივაქციოთ, ან მისი ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. არც ის არის ტრაგედია, ხანდახან დავუთმოთ და მისი სურვილიც შევასრულოთ. გაჯიუტება და იმის ძახილი, მე უფროსი ვარ და უნდა დამიჯეროო, არასწორია. მერე რა, რომ პატარაა, არჩევნის უფლება მასაც აქვს.
მშობლები აღზრდაში უამრავ შეცდომას უშვებენ: შეცდომაა, როცა შვილს სხვებს ადარებენ, უფრო დიდი შეცდომაა, როცა თავის დას ან ძმას აჯიბრებენ და ეუბნებიან, რომ ის უკეთესად სწავლობს, ან უფრო ნიჭიერია. ამ დროს პატარა ეჭვიანობს და მისი თვითშეფასებაც ქვეითდება. მომისმენია, როგორ უწყრება დედა შვილს და ეუბნება, ბოლოს და ბოლოს, როდის გექნება პასუხისმგებლობის გრძნობაო - ამას ვთხოვთ ბავშვს, რომელმაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არც იცის.
- ხომ არიან ე.წ. რთული ბავშვები, რომლებსაც ოჯახში ვერავინ უგებს? - ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც გასაღებს ვერ მოუნახავ, მთავარია, მისი ინტერესებით დაინტერესდე და ერთგვარი "თანამშრომლობა" შესთავაზო. საყვედურებს და დირექტივებს ყოველთვის სჯობს გამხნევება, წახალისება, შექება - ცხადია, როცა იმსახურებს. ამ დროს ბავშვი გრძნობს, რომ ის მართლა უყვართ და ცდილობს დედ-მამის ნდობა გაამართლოს. მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ თქვენი სიყვარული და აღიარებაა. ემოციური სიცივე პატარებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მას უნდა ვუთხრათ, რომ ჭკვიანია, რომ მისი გვჯერა, ამით თვითრწმენას და თვითშეფასებას შევმატებთ. როცა ჩხუბით და აგრესიით მივმართავთ, მოზარდი აგრესიას რიკოშეტის პრინციპით დაგვიბრუნებს. თუ ბავშვი მეტისმეტად ჭირვეული და აგრესიულია, მშობელმა ფსიქოლოგს უნდა მიმართოს. ფსიქოლოგი ორივესთან - დედასა და შვილთან ერთად იმუშავებს და გამოსავალს მოძებნიან.
- უნდა ვაღიაროთ, რომ ამ დაძაბულ დროში მშობლების უმრავლესობას საამისოდ არც დრო აქვს და არც ნერვები ჰყოფნის.
- როგორც იქნა, მთავარი მიზეზი დაასახელეთ: ჩვენ, მოზრდილებს, არ გვყოფნის ნერვები, თორემ სიცელქე ბავშვის ბუნებაა. არადა, თუ ბავშვი არ ცელქობს, ჯანმრთელი არაა და ნევროპათოლოგს უნდა ვაჩვენოთ. ყველამ ვიცით, რომ თანამდებობის პირებს აქვთ ე.წ. თმენის ვალდებულება, მსგავსი ვალდებულება მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ, მაშინ შვილებთან გაცილებით ნაკლები პრობლემა ექნებოდათ და ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტი ჯანსაღი, ლაღი და მოაზროვნე ადამიანი შეემატებოდა.
ხათუნა ჩიგოგიძე