"პრობლემები არ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელმა­ კარი გაგვიღო, უნდა დავანახოთ ევროკავშირს, რომ ჩვენ გვაქვს ფასი, როგორც ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"პრობლემები არ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელმა­ კარი გაგვიღო, უნდა დავანახოთ ევროკავშირს, რომ ჩვენ გვაქვს ფასი, როგორც ქვეყანას"

"საერთაშორისო პოლიტიკაში ძალა რიცხვებშია. თუ თქვენ შექმნით ბლოკს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, და ევროკავშირს რამეს სთხოვთ, უფრო მეტი ბერკეტი და მოლაპარაკებების მეტი შესაძლებლობა გექნებათ..."

"იმის გათვალისწინებით, რომ ბელორუსი თავად გამოემშვიდობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას (ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ მინსკში ხელისუფლება არ შეიცვლება), ხოლო საქართველოს ორი სამხრეთკავკასიელი მეზობელი ბრიუსელთან ინტეგრაციის სურვილით არ იწვის, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ სამმხრივი ალიანსის, ე.წ. ასოციაციის ტრიოს შექმნა ამჯობინეს. ტრიოს მთავარი მიზანია ერთობლივი მოქმედება და თანამშრომლობა ევროინტეგრაციის ყველა საკითხში. ეს სამივე ქვეყნისთვის სტრატეგიული და თითქმის ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში სრულ გაწევრებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანას გეგმავს.

"დიდი ალბათობით, დრო ახლო მომავალშივე გვაჩვენებს, ძლიერ ბერკეტად იქცევა თუ არა ტრიოს ფორმატი საქართველოს დიპლომატიურ არსენალში", - ამბობს თეონა ლავრელაშვილი, ლევვენის უნივერსიტეტის მკვლევარი და ევროკომისიის ყოფილი პოლიტიკის ოფიცერი, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადსა და ახალი ტრიო-ფორმატის პერსპექტივებზე ვესაუბრეთ.

- ევროკავშირში წევრობის განაცხადს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დავიწყოთ უპირატესობებით, რომლებიც, სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელია. წევრობის განაცხადი საქართველოს აბრუნებს ევროკავშირის დღის წესრიგში და აღადგენს ინტერესს ქვეყნის ევროპული პერსპექტივისადმი. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებებს ამის განხილვა მოუწევთ და, ფაქტობრივად, ვერავინ უარყოფს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, რადგან ის ევროპულ კონტინენტზეა და ევროკავშირში გაწევრების უფლება აქვს, თუმცა პოლიტიკაში სწორად შერჩეული დრო და მომენტი ყველაფერია და ვფიქრობ, ამ მხრივ მეტის და უკეთესად გაკეთება შეგვეძლო.

უპირველეს ყოვლისა, არავინ არის ისეთი გულუბრყვილო, დაიჯეროს, თითქოს ეს გადაწყვეტილება, რომლის მიზანია არჩევნების წინ ქულების მოპოვება, შიდა პოლიტიკით არ იყო განპირობებული. მეორეც, ამ საკითხზე ჩატარდა მწირი კონსულტაცია ქართულ მხარესა და ევროპელ პარტნიორებს შორის და ამ "სიურპრიზს" ბრიუსელი არ ელოდა. ევროპარლამენტარები, ისევე, როგორც სხვა დაინტერესებული მხარეები, არ აღფრთოვანებულან ამ იდეით. მათ დაუყოვნებლივი მხარდაჭერა არ გამოუცხადებიათ, ცოტა დაბნეულებიც კი იყვნენ. პრობლემა ის არ არის, რომ ჩვენ ვართ ზედმეტად ამბიციურები - სრული უფლება გვაქვს, წევრობისთვის განცხადება შევიტანოთ; პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ბრიუსელში არც წევრი ქვეყნების აზრი შევაფასეთ და არც - გადაწყვეტილების მიმღები პირებისა. არ არსებობდა სტრატეგიული მიდგომა, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს მოთხოვნებს სკეპტიციზმის ნაცვლად ენთუზიაზმით მოჰკიდებოდნენ.

თუ გადახედავთ ქვეყნებისთვის კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურას, დაინახავთ, რომ ეს ბიუროკრატიული პროცესია. ვერ მიიღებთ სასურველ სტატუსს, თუ ევროპულ საბჭოში კონსენსუსი არ მოიპოვეთ. ქართველებმა კარგად იციან, რომ ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია ამ კონსენსუსის მიღება მრავალი ფაქტორის, მათ შორის, ე.წ. გაფართოების დაღლილობის გამოც, რაც ახლა ევროკავშირში ბალკანეთის გახანგრძლივებულმა ინტეგრაციამ კიდევ უფრო გამოკვეთა.

არსებობს პოტენციური კანდიდატების შეფასების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კანონის უზენაესობაზე, წევრ სახელმწიფოთა უფლებამოსილების გაზრდაზე, მათ უფლებაზე, ვეტო დაადონ ყველაფერს გაფართოებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველო ითხოვს სრულ წევრობას და იმედი აქვს, რომ სამ წელში დადებით პასუხს მიიღებს, რაც არარეალურია.

- სამართლიანი იქნებოდა თუ არა იმის მტკიცება, რომ ეს სარისკო ნაბიჯია? რომ შეიძლება ამან მეტი ზიანი მოგვიტანოს, ვიდრე სარგებელი? მოსალოდნელი უარის შემთხვევაში სკეპტიკოსებს მიეცემათ შესაძლებლობა, როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ, თითი გაიშვირონ და თქვან, ნახეთ, თქვენ არ სჭირდებით ევროკავშირს, ის უარს ამბობს თქვენზეო. - მიუხედავად იმისა, რომ რისკი არსებობს, იმედი მაქვს, შემდგომი მოვლენები ისე განვითარდება, რომ საქართველომ მეტი სარგებელი მიიღოს. ჩვენი წევრობის განცხადებამ, შესაძლოა, ევროკავშირი უსიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენოს - მოუწიოს, თქვას დიახ ან არა საქართველოს კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ მეტი მოქნილობა გვმართებდა. საქართველოს შეეძლო ეთქვა: გვისმინეთ, ახლა ჩვენ გვაქვს ეს ტრიო ფორმატი. ჩვენ ამბიციურები ვართ, მაგრამ ვართ რეალისტებიც. ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არარეალურია. რა ვქნათ? შეგვიძლია, რეალურად მოითხოვოთ რამე განსხვავებული, მაგალითად, სპეციალური სტატუსი? მსგავსი რამ საქართველოს მანევრირებისათვის საჭირო სივრცეს მისცემდა.

ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს არის დამოკიდებულება ზემოდან ქვემოთ. ყოველთვის ევროკავშირი უნდა მოვიდეს და გვიკარნახოს, ახალი იდეები მოგვაწოდოს. ჩვენ თითქმის არ ვიჩენთ ინიციატივას, არადა ამ მხრივ უფრო სტრატეგიული აზროვნება გვჭირდება.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით იმ რწმენის ერთგული, თითქოს ევროკავშირში გაწევრება ჩვენი ერისთვის ეგზისტენციალური პანაცეაა, რაც ყველა პრობლემას მოაგვარებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გვჭირდება პირველ რიგში იმისათვის, რომ გვქონდეს გამართული სახელმწიფო, ადამიანის უფლებებით, კანონის უზენაესობით და დემოკრატიით, ეს არ არის მხოლოდ ევროპული ფასეულობები. ისინი უნივერსალური ფასეულობებია. ჩვენ არ უნდა ვატაროთ რეფორმები მხოლოდ ევროკავშირისთვის, არ უნდა ვაუმჯობესებდეთ ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ ევროკავშირის მოსაწონად. ამას უნდა ვაკეთებდეთ საკუთარი თავისთვის. სანამ ამას მკაფიოდ და გულწრფელად არ ვეტყვით საზოგადოებას, ყველაფერი იმედგაცრუებით დასრულდება. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და სიმართლე ის არის, რომ ევროკავშირის წევრი რომც გავხდეთ, ვთქვათ, 2030 წლისთვის, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვიცხოვრებთ იმავე სტანდარტებით, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცხოვრობენ. პრობლემები არ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელმა კარი გაგვიღო. ჩვენ უნდა დავანახოთ ევროკავშირს, რომ ჩვენ გვაქვს ფასი, როგორც ქვეყანას. ამრიგად, საქართველო მზად უნდა იყოს მრავალი სცენარისთვის და უნდა აჩვენოს თავისი არასწორხაზოვანი მიდგომა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ტრიოს პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობის შესაძლებლობის გამოყენებით.

- ტრიო-ფორმატზე გადასვლას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს? - სიხარულით მივესალმები ამ ინიციატივას! ბოლოს და ბოლოს, თვითონ ვიცავდი ამ იდეას 2018 წლიდან, კვლევითი ცენტრის პლატფორმიდან. მიუხედავად ამისა, ბათუმის კონფერენციამდე ცოტა რამ იყო ცნობილი მის კონცეფციაზე. ამ საკითხისადმი ევროკავშირის ზოგიერთ ინსტიტუტსა და განსაკუთრებით, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურში სკეპტიციზმიც გაღვივდა. ევროკავშირი უფრთხის ზედმეტ დიფერენციაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაზე, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით როგორც ბელორუსში, ასევე სამხრეთ კავკასიაში ცხადი გახდა, რომ ეს სამეული უფრო ჰომოგენური ქვეყნებია, რომლებსაც აქვთ საერთო სტრატეგიული საგარეო ინტერესები. შარლ მიშელის მწვანე შუქმა ცხადყო, რომ ტრიოს ინიციატივამ გადალახა სკეპტიციზმი და საფუძველი ჩაუყარა უფრო ლეგიტიმურ პლატფორმას. დეკლარაციაში ახლა ჩვენ ვხედავთ, სულ მცირე, ტრიოს ინიციატივის კონცეფციის ნაწილს; ვხვდებით, რა გვინდა, რომ ვქნათ, მაგრამ ჯერჯერობით გაუგებარია სეგმენტი - როგორ? განსაკუთრებით - მისი ინსტიტუციონალიზაციის მექანიზმი. ალბათ, მთავარია, ყველა მხარის სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ ბრიუსელთან, არამედ ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან. ერთ-ერთი იდეა შეიძლება იყოს ტრიო-პოლიტიკის საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც იყენებენ ამ ტიპის საკონსულტაციო ჯგუფს ურთიერთობისთვის, რათა მართონ თავიანთი ძალისხმევა ევროკავშირში გასაწევრებლად. ვფიქრობ, რაღაც მსგავსი შეიძლება გაკეთდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაშიც... ტრიოს ფორმატის უდავო უპირატესობა ის არის, რომ ევროკავშირთან ორმხრივ თანამშრომლობას არ გამორიცხავს და, ამავდროულად, სამიდან თითოეული ქვეყნის წარმატება დადებით გავლენას მოახდენს დანარჩენ ორზე. ასე რომ, თუ სამი სტუდენტიდან ერთი გამორჩეულად კარგია და დანარჩენ ორს არა უშავს, ჩვენ, როგორც გუნდი, მაინც გავიმარჯვებთ. საერთაშორისო პოლიტიკაში ძალა რიცხვებშია, განსაკუთრებით, როცა ჩვენნაირ ქვეყნებს ეხება საქმე. თუ თქვენ შექმნით ბლოკს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, და ევროკავშირს რამეს სთხოვთ, უფრო მეტი ბერკეტი და მოლაპარაკებების მეტი შესაძლებლობა გექნებათ.

- უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ ტრიო ხელს შეუწყობს საქართველოს, უკეთ გაუძლოს კრემლის მუდმივ მავნე გავლენას? - რუსული ფაქტორი არსებობს, ის დამანგრეველია და არ გაქრება, პირიქით, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი კვლავ გამოიყენებს ყველა ბერკეტს ევროკავშირისკენ ჩვენი გზის მაქსიმალურად გასართულებლად. გვახსოვს, როგორ მტრულად იყო განწყობილი რუსეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ და ამ ტრიოს ფორმატსაც რუსეთი საკუთარი გავლენის შესუსტების მცდელობად მიიჩნევს. იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატის სტრატეგიულად გამოყენებით რუსეთის მავნე ზეგავლენის მიმართ უფრო გამძლენი გავხდებით და შევძლებთ, შემუშავდეს ერთობლივი მიდგომა შიდა პოლიტიკაში რუსეთის ჩარევის შესაზღუდავად.

ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში

ვაჟა თავბერიძე