რამაზ საყვარელიძე: "ნაციონალების" აგრესიული სტილი წარსულს არ ჩაჰბარდა, მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ ისინი შეიცვალნენ"
"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "ნაციონალები" ისევ ძველებურად აგრესიულები დარჩნენ. ამის მაგალითად პარლამენტში მაგიდებზე სირბილიც საკმარისია. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც არადამაჯერებლები არიან, პარლამენტში მაგიდებზე დარბიან... რატომ უნდა უნდოდეს ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლა საზოგადოებას?"
მმართველი გუნდის ლიდერების, ასევე ოპოზიციის ნაწილის აზრით, ნიკა მელიას კახა კალაძისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება, თავად "ნაციონალები" კი ოპტიმისტურად არიან განწყობილი და უპირობო გამარჯვებას აანონსებენ. საინტერესოა, ვინ იქნება დანარჩენი ოპოზიციის მერობის კანდიდატი ან კანდიდატები, რამდენი სუბიექტი იბრძოლებს მერობისთვის, ვის რა პერსპექტივა და შესაძლებლობები აქვს, იქნება თუ არა მეორე ტური... ამ და სხვა საკითხებზე ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:
- ვერ ვიტყვი, რომ მელია კალაძისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს. საგულისხმოდ მომეჩვენა იაგო ხვიჩიას ვერსია, რომ ოპოზიციისთვის საერთო კანდიდატის წარდგენა წამგებიანი იქნებოდა. "გირჩი" ძალიან რაციონალური ჯგუფი აღმოჩნდა. სწორად გათვალეს, რომ "ნაციონალებთან" ერთად არ უნდა წარედგინათ კანდიდატი. ეს გუნდი იმ თვალსაზრისითაც სწორად იქცევა, რომ არც თავის კანდიდატს ასახელებს, წაგებულის იარლიყის მიკერებას თავს არიდებს. პოლიტიკოსისთვის მომგებიანია შეჯიბრებისთვის თავის არიდება იქ, სადაც წაგება გარანტირებული აქვს.
- ფიქრობთ, რომ მელიასაც გარანტირებულია აქვს წაგება? - რა თქმა უნდა, რაც უფრო ინტენსიურად შეეცდება "ნაცმოძრაობა" მელიას მხარდაჭერას, მით უფრო გაუძნელდება გამარჯვება. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მან თავის დროზე თავის უბანშიც ვერ მიიღო საკმარისი ხმები, როგორც მაჟორიტარმა. მგონი, ვერც ახლა შეძლებს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებას.
- კალაძის უპირატესობას რაში ხედავთ? - კალაძე ხალხისთვის მისაღები ფიგურაა როგორც პიროვნულად, ასევე მისი პოლიტიკური გუნდის გათვალისწინებით. ამასთან, 4 წლის განმავლობაში იყო მერი და ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა.
- კალაძის ერთ-ერთ უპირატესობად მისი პოლიტიკური გუნდი დაასახელეთ. "ოცნებას" ეკონომიკური, სოციალური, პანდემიური ვითარება მომგებიან პოზიციაში აყენებს? - "ოცნება" მომგებიან მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ოპოზიცია უარეს დღეშია. საკითხი დგას ასე - ვინ უფრო ცუდია. მოდი, მშრალი ფაქტებით ვიმსჯელოთ. ოპოზიცია ქუჩაში ნახევარი წელი აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, მერე დაიხურა ქუდი და შევიდა პარლამენტში. პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში გაუგებარ რაღაცას აკეთებდა, შეიძლება ქვეყანა ვანდოთ?!
- ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები არ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ნახევარი წლის განმავლობაში ქუჩაში გაუგებარ რაღაცას აკეთებდა, მათ სწამთ, რომ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ. - რატომ ვერ დადეს ვერც ერთი ფაქტი, არგუმენტი, რომელიც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებდა? დღეს პარლამენტში შესული ოპოზიცია რატომ ამბობს უარს იმ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებას იძიებს? 9 წელზე არაფერს ვამბობ, "ნაცმოძრაობის" დღევანდელ ნაკლოვანებებზე ვამახვილებ ყურადღებას. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც არადამაჯერებლები არიან, პარლამენტში მაგიდებზე დარბიან... რატომ უნდა უნდოდეს ასეთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლა საზოგადოებას?
თუ "ნაცმოძრაობის" 9 და "ოცნების" 9 წელს შევადარებთ, "ნაციონალები" აგებენ. რეალობა ასეთია - მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარც "ნაციონალები" უნდა და აღარც "ოცნება". ასეთ შემთხვევაში ალტერნატივა შეიძლება იყოს გიორგი გახარია.
- გახარია როგორ შეიძლება გახდეს ალტერნატივა იმ გუნდისა, რომლის პირველი პირი თავადვე იყო წლების განმავლობაში? - პოლიტიკას ახასიათებს ამნეზია. შევარდნაძის პოლიტიკური გუნდის საკვანძო ფიგურები სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე იყვნენ, მაგრამ მოსახლეობამ "ვარდების რევოლუციისას" ისე დაუჭირა მათ მხარი, სულაც არ გახსენებია "მოქალაქეთა კავშირში" მათი ცხრაწლიანი მოღვაწეობა. თუ ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ გახარია საინტერესო და პერსპექტიულია, წარსულზე შეიძლება თვალი დახუჭოს. შესაბამისად, წარსულზე აპელირება არც "ოცნებას" გამოუვა და არც ოპოზიციას.
- მაშინ რით აიხსნება ის, რომ "ნაციონალების" წარსულზე აპელირება "ოცნებას" ნამდვილად კარგ შედეგს აძლევს? - იმით, რომ ამ საქმეში "ოცნებას" "ნაციონალებიც" ეხმარებიან. "ნაციონალების" აგრესიული სტილი წარსულს არ ჩაჰბარდა, მუდმივად გვახსენებენ თავს. შესაბამისად, არც მოსახლეობას აქვს განცდა, რომ "ნაციონალები" ადრე სხვანაირები იყვნენ და ახლა შეიცვალნენ. მათ რომ პოლიტიკური სტრატეგიის შეცვლის შესაძლებლობა მისცემოდათ და "ცხვრის ქურქი" გადაეცვათ, მაშინ "ოცნებას" არ მიეცემოდა მათი წარსულით მანიპულირების საშუალება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "ნაციონალები" ისევ ძველებურად აგრესიულები დარჩნენ. ამის მაგალითად პარლამენტში მაგიდებზე სირბილიც საკმარისია.
- სხვათა შორის, იმ დღეს შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას ადგილიდან გარიდების გამო ქალთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა თეა წულუკიანიც, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. - ყველამ ვნახეთ, რომ თეა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, მაგრამ ის აგრესიული არ იყო. ჩამოიხსნა ნიღაბი და სიცილით კვდებოდა. ეს იყო ხულიგნობა, მხიარული პერფორმანსი. რაც შეეხება პაპუაშვილს, ეს იყო "ოცნების" ჩინოვნიკის ტიპური შეცდომა. დარბოდნენ "ნაციონალი" გოგონები პარლამენტში მაგიდებს შორის, მაგიდებზე? გაუშვი, რატომ აჩერებ, რას იზამდნენ?! რა გააკეთა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას ხელში ატაცებით? გასაგებია, ემოცია მოეძალა და აღკვეთა ეს ქმედება, მაგრამ პოლიტიკას ემოციები არ უყვარს და გაშვებინებს შეცდომებს. ემოციამ დააშვებინა კიდეც შეცდომა პაპუაშვილს და უჩივიან ახლა სასამართლოში...
- ასევე შეცდომა იყო თუ არა "ქართული ოცნებისთვის" 5-6 ივლისის მოვლენები? - 5-6 ივლისის მოვლენებმა ყველაზე მეტად "ოცნებას" დაარტყა. ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა თავისი დაუდევრობით შეცდომა დაუშვა. დაუდევრობა იყო ის პასიურობა, რომელიც 5 ივლისს გამოიჩინეს.
- ეს დაუდევრობა იყო თუ მიზანმიმართული, შეთანხმებული მოქმედება? გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის წევრები რაციებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურს მათი სამზადისი გამოეპარათ? - ვინაიდან ჩვენ ბევრი დეტალი არ ვიცით, უპრიანი იქნება, თუ დასკვნას იმის მიხედვით გავაკეთებთ, ვინ დარჩა მოგებული და ვინ წაგებული. ამ ამბით ყველაზე მეტად მოგებული რუსეთი დარჩა.
- დიახ, ამას ამბობს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მაგრამ ორივე მხარე გამორიცხავს, რომ რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედა. - სწორედაც... იცით, საინტერესო რა არის? ხალხი, რომელიც მერე უკვალოდ გაქრა, ურტყამდა ჟურნალისტებს, ხევდა ევროკავშირის დროშებს და "ნაციონალები" უცებ აღმოჩნდნენ ამის გასაპროტესტებლად. ჟურნალისტები და ევროკავშირი არაფერ შუაში არ იყო. ვინც ამ ამბის თავიდათავი იყო, ანუ პრაიდის ორგანიზატორებს არაფერი შეხებია. რატომ, რა მოხდა? ვის შეიძლება არ სცოდნოდა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობას მთელ მსოფლიოში მოჰყვებოდა გამოხმაურება? დააკვირდით, ვინ ცდილობს ააგოროს საპროტესტო მუხტი ჟურნალისტების ცემის გამო - "ნაციონალები" და მათთან აფილირებული ტელევიზიები. პირადად მე ძალიან მაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ იმ "კუნთიანებმა" "ნაციონალების" სასარგებლოდ იმუშავეს?
- საინტერესო ვერსიაა, თუმცა ისიც საინტერესოა, რატომ ერიდება მაშინ ხელისუფლება "კუნთიანების" სათანადოდ დასჯას? - ხელისუფლება ამბობს, დავსჯითო, ვნახოთ... უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა კუნთიანებს ჟურნალისტების გალახვა. თუ ჟურნალისტებზე ნადირობა ბურუსით მოცული დარჩება, ყველა ხელისუფლებისკენ გაიშვერს ხელს.
- თქვენ იაგო ხვიჩიაზე თქვით, ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური პოლიტიკოსი აღმოჩნდაო. მის ვერსიაში, რომ თითქოს "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთთან შეთქმულები არიან, რაციონალიზმის მარცვალს თუ ხედავთ? - შეთქმულების რა მოგახსენოთ, მაგრამ ინტერესების თანხვედრას არ გამოვრიცხავ, ინტერესების თანხვედრა კი ყოველთვის იწვევს სინქრონულობას. თუ მე გემრიელად სადილობა მინდა, თქვენ კი გემრიელი სადილით კლიენტის მოზიდვა, შეთქმულება იქნება, მე რომ თქვენს რესტორანში სასადილოდ შემოვიდე?
მმართველ გუნდზე ბევრი ბრალდება გამოგონილია, მაგალითად, არჩევნების გაყალბება. ითქვა და თუ აჰყვებოდა ხალხი, ხომ კარგი, თუ არა, ოპოზიცია რას კარგავდა? ასევე გამოგონილია ვადამდელი არჩევნები. ნახეთ, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობს. თუ არჩევნების გაყალბებას ვერ ან არ ამტკიცებ, ვადამდელ არჩევნებს რატომ ითხოვ? ამასთან, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინტერესი უნდა ჰქონდეს იმას, ვინც გამარჯვებაში დარწმუნებულია. ყველა სოციოლოგიური კვლევა ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებს ოპოზიცია ვერ მოიგებს, ყველაზე დიდი დანაკარგი ექნებათ პატარა პარტიებს, "ლელოს", "გირჩს" და ა.შ.
- რა იყო მაშინ ამ მოთხოვნის არსი? - თუ ხელისუფლება დათანხმდებოდა ვადამდელ არჩევნებს, იტყოდნენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება აღიარა. თუმცა ნახეთ, ხელისუფლებამ რა ფორმულა მოიგონა - თუ ახლა 43%-ს ვერ აიღებს, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს. შეიძლება ითქვას, "ოცნებას" უფრო არ აწყობს 43%-ის აღება, რადგან თუ ახლა ვადამდელი არჩევნები დაინიშნა და დიდი ალბათობით "ოცნებამ" გაიმარჯვა, პარლამენტიდან ოპოზიციის დიდ ნაწილს მოიშორებს, შეიძლება მხოლოდ "ნაციონალები" დარჩნენ.
- "სტრატეგია აღმაშენებელს", "ლელოს" და სხვებს ანგარიშგასაწევ ძალად არ მიიჩნევთ? - თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ნამდვილად აღარ იქნებიან ანგარიშგასაწევი ძალა, მათ მხოლოდ ახლაღა გაიაზრეს ის საყვედური თუ შენიშვნა, რაც ექსპერტებსა და ამომრჩეველს ჰქონდა. ვგულისხმობ იმას, რომ ვერ დისტანცირდნენ "ნაცმოძრაობისგან".
- ვაშაძე დღეს სულ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" კრიტიკაშია. - დააგვიანა. ვაშაძე არ იყო, რომ ამბობდა, ხელისუფლებაში რომ მოვალ, სააკაშვილს საქართველოში ჩამოვიყვანო? ეს ახსოვს ხალხს.
ხათუნა ბახტურიძე