"მხოლოდ დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა"
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა, მათ შორის 42 მაგისტრობის მსურველი, 12 კი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მსურველია.
როგორც სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდ 19-ის გამო საგამოცდო პროცესს დროებით გამოთიშული აპლიკანტებისთვის დამატებითი სესია დაინიშნება.
"დღეს დილიდან საგამოცდო პროცესი მაგისტრობის მსურველების ტესტირებით დაიწყო. შუადღის სესიაზე ჩატარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტირება. გარდა ამისა, დღეს გაიმართება დამატებითი სესია აბიტურიენტებისთვის ისტორიაში. მაგისტრობის კანდიდატის ოდენობა 12 800-ია. საერთო სამაგისტრო გამოცდა 30 ივლისის ჩათვლით გრძელდება. ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც, მაგისტრებიც და სპეციალური მასწავლებლების შემთხვევაშიც იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კოვიდ 19 და ამის გამო არ გამოცხადდნენ გამოცდაზე, დაინიშნება დამატებითი სესია. დღეს ასეთია 59 პირი, მათ შორის, 42 მაგისტრობის, 17 სპეციალური მასწავლებლობის მსურველი," - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
რაც შეეხება ნაშრომების გასწორების პროცესს, გორგოძის თქმით, გასწორების პროცესი, გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს იმ სესიებისთვის, რომელიც დამთავრდა.
"ორი გამსწორებელი ასწორებს თითოეულ ნაშრომს. იმ შემთხვევაში, თუ შეფასებაში იქნება განსხვავება, პროცესში მესამე გამსწორებელი ერთვება. თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კოვიდ 19-ის გამო ეთიშება პროცესს, მიუხედავად ამისა ვაგრძელებთ ამ პროცესს და ყველა იმ წესს ვიცავთ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა. ამიტომ არცერთი საგამოცდო ცენტრი ინფექციის გავრცელების წყარო არ არის", - განაცხადა გორგოძემ.