"საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა - ისედაც ვთქვით, რომ როგორც გვეგონა, იმ მასშტაბით არ გაყალბებულა არჩევნები" - კვირის პალიტრა

"საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა - ისედაც ვთქვით, რომ როგორც გვეგონა, იმ მასშტაბით არ გაყალბებულა არჩევნები"

"საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა - ისედაც ვთქვით, რომ როგორც გვეგონა, იმ მასშტაბით არ გაყალბებულა არჩევნები", - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რატომ დაიხარჯა ამდენი დრო და ენერგია საგამოძიებო კომისიაზე.

"ჩვენ, პოლიტიკოსებს, ვისაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეგვიძლია მალევე ვთქვით ეს, მე პირადად, როცა მოლაპარაკების რაუნდების დროს "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა გადავთვალოთ შედეგებიო და ყველამ თავი შეიკავა გადათვლაზე, მივხვდი, რომ გაყალბების მასშტაბები არ იყო ისეთი დიდი როგორიც გვეგონა. ოპოზიციამ ვერ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომ მასშტაბურად იყო არჩევნები გაყალბებული", - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ელისაშვილის თქმით, ჯერჯერობით, არც ერთს მხარს არ დაუჭერენ.

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მხარს არ დავუჭერთ კალაძეს. ასევე მხარს არ დავუჭერთ ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას. შესაძლოა, ოპოზიციაში სხვა ახალი კანდიდატი დავინახოთ, ვისაც ქალაქის პრობლემები ესმის და მას მხარი დავუჭიროთ, თუმცა ჯერჯერობით ასეთ კანდიდატს ვერ ვხედავთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა განმარტა, პირადად ის თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს და პარტია "მოქალაქეებს" მერობის კანდიდატი საერთოდ არ ეყოლება, თუმცა პარტია საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.