"მგონია, ცუდ ადამიანებზე თუ დავწერ, ამით ჩემს ზღაპრებს წავბილწავ"
"ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, რომ აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც ორ შაურად გაყიდა გამსახურდია. ისტორიამ გვაჩვენა, რომ მაშინდელი პუტჩისტების საქციელი აღმოჩნდა დამღუპველად მიმზიდველი და მას შემდეგ საქართველოში პერიოდულად არის მცდელობა ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდებისა"
მწერალს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და კინორეჟისორს, გურამ პეტრიაშვილს, ბევრი რამ აქვს გასახსენებელი და სათქმელი. ამბობს, რომ ერთადერთია, ვინც მწერლობით შოულობს ფულს. აძლევენ ცოტას, მაგრამ ჰყოფნის და ცდილობს, სხვასაც ხელი გაუმართოს.
"მე თქვენ მოგელანდებით!" - 1992 წელს ნათქვამი მისი ფრაზა დღესაც ახსოვთ. ამ სიტყვებით ქართველ ხალხს კი არა, იმათ დავემუქრე, ვინც აურ-დაურია და დაანგრია საქართველოო, მითხრა.
- წარსულზე ლაპარაკს რატომღაც მხოლოდ იმ პერიოდის შემდეგ იწყებენ, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. 2004 წელს არ იწყება ჩვენი ქვეყნის ბოლო წლების ისტორია - ეს ისტორია იწყება იმით, რომ ეროვნულმა მოძრაობამ გააღვივა პატრიოტული მუხტი, ზვიად გამსახურდიას ბლოკმა გაიმარჯვა არჩევნებში და გაუქმდა რუსული მმართველობა.
სენატორ ჯონ მაკკეინის ინიციატივით, რომელიც ოპოზიციაში იყო პრეზიდენტ ბუშთან, 1991 წლის იანვარში ზვიად გამსახურდიას პატივსაცემად კაპიტოლიუმის თავზე დროშა აღიმართა. მაშინ ზვიადი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო.
კიევში რომ ჩამოვიდა ჯორჯ ბუში, პირდაპირ ზვიადს დაარტყა" და განაცხადა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, რაზეც გამსახურდიამ უპასუხა, დინების მიმართულებით მხოლოდ მკვდარი თევზები მიცურავენო. მართალია, სიტყვიერ პაექრობაში ზვიადმა აშკარად აჯობა ბუშს, მაგრამ რადგან მაშინ მთელი მსოფლიო ამერიკას ემორჩილებოდა, მისი ეს სიტყვები ქართველმა ნაძირალა პუტჩისტებმა მიიღეს, როგორც მოწოდება, ჩამოეგდოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
უნდა ვაღიაროთ, რომ მათ შორის ბევრი იყო თავის პროფესიაში წარმატებული - ისინი იყვნენ კარგი რეჟისორები, მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ეღალატათ ხალხის არჩეული პრეზიდენტისთვის და ეღალატათ თავიანთი ერისთვის. პროფესიული წარმატება არ არის მთავარი, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი, კანონმორჩილი მოქალაქეები. ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, რომ აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც ორ შაურად გაყიდა გამსახურდია. ისტორიამ გვაჩვენა, რომ მაშინდელი პუტჩისტების საქციელი აღმოჩნდა დამღუპველად მიმზიდველი და მას შემდეგ საქართველოში პერიოდულად არის მცდელობა ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდებისა.
ეროვნულმა მოძრაობამ ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, მათ შორის - ლატავრა ფოჩიანიც, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ზვიადის მხარდამჭერ საპროტესტო მანიფესტაციებში. როდესაც ის ცეკვავდა, ვერასდროს ვუყურებდი აუღელვებლად. ერთხელ, როდესაც მიტინგისთვის ვემზადებოდი, ჩემთან მოვიდა რამდენიმე ქალბატონი და მითხრეს, თქვენი გაცნობა უნდა ერთ ადამიანსო.
რომ დავინახე, ერთადერთი სურვილი გამიჩნდა, მუხლებზე დავმდგარიყავი და მისი კაბის კალთისთვის მეკოცნა. შევამჩნიე, ლატავრა ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას იდგა ხოლმე. როდესაც უკვე ღალატისა და დენთის სუნი დადგა ქალაქში, მაშინაც შევხვდი მიტინგზე. გადავკოცნეთ ერთმანეთი, მერე ხელით დამიჭირა კეფა, სახე ახლოს მომიტანა და ყურში მითხრა, გურამ პეტრიაშვილო, შენც თუ უღალატე ზვიადს, ჩემი ხელით გამოგჭრი ყელსო!
რა უნდა მეთქვა? თქვენგან ამ სიტყვების გაგონებაც კი პატივია-მეთქი, მივუგე. კიევში რომ ვცხოვრობდი, მაშინაც დამირეკა და მომიკითხა. მივხვდი, რაკი მკითხულობდა, ესე იგი, ჩათვალა, რომ მე ღირსეულად მოვიქცი და არაფერი შემეშალა. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი იყო.
- უკრაინაში წახვედით, რადგან გაიგეთ, რომ თქვენს მოკვლას აპირებდნენ. ასე იყო? - ზვიადმა დამნიშნა თავის პირად ელჩად უკრაინაში და მერე 20 წელი ვიცხოვრე სხვა ქვეყანაში. ვკითხე, ხომ იცი, პოლიტიკა არ მესმის და იქ რა ვქნა-მეთქი? რასაც საქართველოში აკეთებდი, იქაც ის გააკეთე, აქ შენი ქვეყნის ისტორიას, ენასა და კულტურას იცავდი და იქ მათი კულტურა დაიცავიო. ასეც მოვიქეცი. შემიყვარდა მათი კულტურა, ვისწავლე ენაც, ისტორიაც, მაგრამ როცა მათ ეროვნული ზეიმები ჰქონდათ, მაინც ზედმეტად ვგრძნობდი თავს.
დიახ, პუტჩის დროს გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩემს მოკვლასაც აპირებდნენ. ბრძანება გასცეს, მე და ჩემი ძმა, სადაც გვნახავდნენ, იქვე დავეხოცეთ. ჩემი ამხანაგის დახმარებით ჩემს უმცროს ქალიშვილთან ერთად რუსების სამხედრო თვითმფრინავით შევძელი ჯერ მინერალურ წყლებში და შემდეგ გროზნოში ჩასვლა.
მძიმეა, როდესაც სამშობლოდან შორს ცხოვრობ. მე ხშირად მივდიოდი ჩემს ნათლიმამასთან, დემურ თუთბერიძესთან და მის ქალიშვილთან ერთად ვუსმენდით ქართულ ხალხურ სიმღერებს. ეს გვაძლებინებდა.…
- როგორ მოხვდით ეროვნულ მოძრაობაში, პოლიტიკაში? - ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩავები 1988 წლის შემოდგომაზე, ვიყავი ერთ-ერთი პირველი ქართველი ინტელიგენტი. მანამდე ზვიადს აქილიკებდნენ, მას მარტო "შპანა" ჰყავსო და ამას ჩემზე ვეღარ იტყოდნენ. შემდეგ უზენაესი საბჭოს არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. ასე უნებლიეთ მოვხვდი პოლიტიკაში, მაგრამ მაშინაც ვთქვი, არ მაქვს პრეტენზია, ვიყო კარგი კანონშემოქმედი, ვერ ვერკვევი პოლიტიკაში და ეკონომიკაშიც მარტო ის ვიცი, რომ კარგია, როცა კაცს ფული გაქვს და ცუდია, გაჭირვებული რომ ხარ-მეთქი.
სამშობლოს სიყვარულით ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ვიცით დასავლეთმა და, უპირველესად, ამერიკამ ქართველი არამზადების ხელით მოიშორეს გამსახურდია, რადგან იცოდნენ, ზვიადი არასდროს მიიღებდა ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგო კანონებს. იფიქრეს, რომ ამით საბოლოოდ გადაიჭრებოდა საქართველოს საკითხი, მაგრამ ასე არ მოხდა. როდესაც მთელ მსოფლიოს ეგონა, რომ თბილისში ჩატარდებოდა ლგბტ პრაიდი, ვერ ჩატარდა. ჩემმა მეგობარმა, კინორეჟისორმა ალეკო ჟღენტმა თქვა ერთხელ, დასავლეთმა თავიც რომ მოიკლას, მაინც ვერ დაგვიმსგავსებენო. ეს კარგად უნდა იცოდეს კელი დეგნანმაც და სხვა ქვეყნების ელჩებმაც. თურმე ევროპამ მიიჩნია, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე თამარ მეფის პორტრეტის გამოსახვა აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ იგივე ევროპა ამბობს, რომ 5 ივლისს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა დანაშაულია. ესე იგი, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო არის მონა და უნდა აიტანოს საკუთარი სიწმინდეების შეურაცხყოფა, მაგრამ ჩვენ ევროპის სიწმინდეებს არ უნდა შევეხოთ.
მინდა ერთი რამ შევახსენო ყველას - თამარ მეფე ქართველი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული სიწმინდეა. ისეთი სიწმინდეა, რომ აპირებდნენ ერთ-ერთი ქრისტიანული დოგმატის დარღვევასაც კი - თამარ მეფის დროინდელ საქართველოში იყო მოსაზრება, და მას ბევრი მომხრეც ჰყავდა, რომ მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და სულიწმინდასთან ერთად ქრისტიანულ სამებას დამატებოდა თამარ მეფე. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს...
- დღევანდელობაზე მინდა გკითხოთ - როგორც ჩანს, ბევრი რამ არ მოგწონთ, რაც დღეს ხდება... - არ მომწონს თუნდაც ბოლოდროინდელი ამბები - აღლუმებს ვგულისხმობ. დიახ, იმათ მხარეზე ვარ, ვინც ამას ეწინააღმდეგება და გეტყვით, რატომაც. არც მე ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ უწინ ქრისტიანული ღირებულებების გამო სწირავდნენ თავს ქართველები და თუ ასეთ ქართველებზე ძალადობს ვინმე, ბუნებრივია, არ მომწონს, მაგრამ დღეს რა ხდება? არსებობს პატარა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, წესად დაამკვიდრონ გარყვნილება. ამ ყველაფერს კარგად გასცეს პასუხი ღირსეულმა ქართველებმა... გურამ ფალავანდიშვილი არის ვაჟი ღირსეული დედ-მამისა. მამამისი შესანიშნავი ქართველი, გეიდარ ფალავანდიშვილია, დედა კი გურამ რჩეულიშვილის დაა და თავს დავდებ, რომ გურამი არასდროს ჩაიდენს რამე უზნეოსა და საქართველოს საწინააღმდეგოს. ტელევიზიით ითქვა, საქართველოს უმეტესობა მხარს უჭერს ევროპისკენ სწრაფვას და დროშა რატომ დახიესო? მაშინ ისიც დავიანგარიშოთ, რამდენი პროცენტია მამათმავლობის მოწინააღმდეგე - რამდენი და, 99%! მაშინ რატომღა გვიშლიან ნერვებს და გვმძოღვრავენ ეკრანიდან?
ვისაც როგორც უნდა, ისე მოიქცეს, მაგრამ რუსთაველზე რატომ უნდა იარონ ამაყად, რა გაუკეთებიათ სააღლუმე და საამაყო?! საქართველოში რუსთაველზე უნდა დადიოდეს ლადო ასათიანი, მისი ძეგლი უნდა ამშვენებდეს ამ პროსპექტს, რადგან 1989 წლის 9 აპრილს უსინათლო ქალბატონები მღეროდნენ მის ლექსს: "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს..." იცით, რის მიღწევას ცდილობენ ამ არეულობით? ისევ მიშას დაბრუნება სურთ! მიშამ კი კარგად იცის, რომ ვიღაც უნდა შეაშინო, ვიღაც უნდა მოკლა, ვიღაც უნდა მოქრთამო და ისე გააკეთებინო, რაც გინდა. ეს ჟურნალისტებიც, ბევრს რომ ყვირიან ხელისუფლების გადადგომაზე, მოსყიდულები ჰყავს.
ინგა გრიგოლია რომ გაჰყვიროდა, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე რატომ წაიღესო, ჟურნალისტი რომ ხარ, უპირველესად შენ არ უნდა გაინტერესებდეს, ადამიანი მოკლეს თუ არა? სხვათა შორის, "ნაციონალების" მეთოდია, ვიღაც მოკლან და შენ გადმოგაბრალონ, მერე პარლამენტშიც შეცვივდნენ! ვინ ჰკითხავთ მათ პრემიერ-მინისტრის გადაყენებას? შენ რომ არ მოგწონს, შენს სიტყვაზე უნდა გადადგეს? ღარიბაშვილმა ის ხომ არ თქვა, სცემეთ ან მოკალით ვინმეო? მათაც ის უნდოდათ, რომ ეცემათ და მერე ეკივლათ, არიქა, ჩვენი უფლებები ირღვევაო. რადგანაც საუბარი შეეხო სააკაშვილს, ვინც არ იცის, მინდა იმ მკითხველს ვუთხრა: ჩემმა მეგობარმა, პუბლიცისტმა და ჩემთვის ძალიან საყვარელმა ადამიანმა ირაკლი კაკაბაძემ ამ ბოლო დროს სააკაშვილი ამხილა და თქვა, რომ როდესაც პუტჩისტებმა ზვიად გამსახურდია ჩამოაგდეს, სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პოლონური ჟურნალის კორესპონდენტი და გახარებული წერდა, რომ ზვიადი ჩამოაგდეს და სამხრეთ ოსეთში ოსებს აღარ შეავიწროებენო. რადგან სააკაშვილი თავის დროზე პუტჩს ემხრობოდა, ეტყობა, მის მომხრეებსაც გადაედოთ პუტჩის სიყვარული და ამიტომ იყო, რომ შარშანაც და წელსაც რამდენჯერმე მოინდომეს პარლამენტში შევარდნა. ამას წინათ ვუსმენდი, ხატია დეკანოიძე შეძრწუნებული იყო, როგორ გაბედა ქართველმა დეპუტატმა და ამერიკელ დიდჩინოსანს როგორ შეუსწორა სიტყვაო. შემეცოდა ეს ქალბატონი, რადგან მას არ ესმის, რომ მონობა სწორედ ეს არის!
პოლიტიკაში ამგვარი სიბინძურეების გამო იძულებით ჩამოვშორდი ამ პროცესებს და ახლა საბავშვო ლექსებსა და ზღაპრებს ვწერ. დავდივარ სკოლებში, ვხვდები ბავშვებს, ვესაუბრები ლიტერატურაზე და კარგად ვგრძნობ თავს.
- გამოდის, თქვენი სათქმელი ადამიანებამდე ყველაზე კარგად მიიტანეთ როგორც მწერალმა და არა - როგორც პოლიტიკოსმა, მსახიობმა, რეჟისორმა? - ასეა. სათქმელი მაინც მწერლობისა და კალმის საშუალებით უფრო ვთქვი, თუმცა, ჩემი აზრით, კარგი მსახიობიც ვარ. სიმართლე მიყვარს და ვიტყვი, რომ კინორეჟისორობაში ჩემს თავს დავუწერდი სამიანს მინუსით, მაგრამ ეს იყო საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ფილმში "რამსეს ბულბული" მთავარი მიზანი იყო, გადამეღო ჩემი უსაყვარლესი ქართველი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი, რომელმაც შეასრულა ორი როლი - ქმრის და ქმრის ორეულის. ფილმში "ელისა და რარუს თავგადასავალი" გადავიღე საყვარელი ქართველი მსახიობები - ბერტა ხაფავა, იური ვასაძე, შოთა ქრისტესაშვილი, ედიშერ მაღალაშვილი, პაატა ბარათაშვილი, პალიკო ნოზაძე, მიშა ჯოჯუა, ლია კაპანაძე (თუ შემთხვევით ვინმე გამომრჩა, მაპატიეთ) და, რაც მთავარია, ამ ფილმში მომღერლის როლს ასრულებს ჩემი დობილი რუსიკო კიკნაძე, რომელიც თენგიზ აბულაძემ თავის "ვედრებაში" გადაიღო, როგორც სილამაზის, სინაზისა და სიკეთის განსახიერება. სწორედ ამ ფილმში ამბობს ის ჩემი მწერლობის მთავარ ფრაზას: "რაც არ მინდა, არ ვიმღერებ".
- ერთხელ თქვით, ჩემი ზღაპრები მათთვისაა, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობსო. - კარგად მახსოვს ბავშვობა. ლენტეხში დავიბადე, მაგრამ სოფელ დიდ ლილოში გავიზარდე - დედა იქიდან გახლდათ. სოფელ წინაგარში, სამხრეთ ოსეთში ვცხოვრობდით. მამა მასწავლებელი იყო, სკოლის დირექტორი. ისტორიას და ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მიტინგებზე ხშირად მეუბნებოდნენ, შენ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მამისნაირი ვერ ხარ, ის სხვა იყოო და მიხაროდა. პირველ კლასში წინაგარში შემიყვანეს, მაგრამ შემდეგ იმის შიშით, ოსურ გარემოში არ გაგვიოსდეს ბავშვიო, დედულეთში გამომგზავნეს, თუმცა მამას მე და ჩემი ორი ძმა ყოველ წელიწადს მივყავდით რაჭაში ან მამიდა ოლღასთან, ან თავის ძმა ალექსანდრესთან. რაჭველები ვართ წარმოშობით და უნდოდა, ჩვენი კუთხე გვყვარებოდა.
- ადრე ისიც თქვით, კიდევ ერთ ზღაპარს დავწერ, როგორ დაულია ახალგაზრდა ბიძიამ მოხუც ბაბუას ჩაიო. დაწერეთ ეგ ზღაპარი? - ბევრმა მითხრა, ამდენი რამის მნახველი და მომსწრე ხარ და რატომ არ გინდა ამ ყველაფერზე ზღაპრები დაწეროო, მაგრამ მგონია, ცუდ ადამიანებზე თუ დავწერ, ამით ჩემს ზღაპრებს წავბილწავ. მიუხედავად იმისა, რაც თავს გადამხდა, ჩემს გულში არასდროს შემიშვია ბოღმა და შური.
- თქვენი ერთი ლექსი უნდა გაგახსენოთ: "საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო, ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო..." როგორ ფიქრობთ, რატომ ვართ ყოველთვის სამიზნე? - საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ მას შემდეგ, რაც ქრისტე ვაღიარეთ და შევიყვარეთ, ქართველების დამახასიათებლად შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვები - რჯულის ერთგული ხალხი. აი, ამიტომ ვართ ყველას სამიზნე, ამიტომ ვიყავით მუდამ მტრების გარემოცვაში.
ალბათ, ბედისწერაა, რომ ყოველთვის ვიდექით გზაჯვარედინზე, სადაც იკვეთებოდა იმპერიათა ინტერესები. ისტორიამ გვიჩვენა და დადასტურდა, რომ ქრისტეს ერთგულები ვართ. როგორც ზვიადი ამბობდა, ქართველი ერის გზა არის ქრისტეს გზა - გზა ტანჯვისა და აღდგომისა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ვართ დიდი ერის შთამომავლები. აბა, სხვა ვინ ვერ დაწერდა ლექსს დედაზე, რომელიც ვეფხვის დედასთან მიდის, შვილის სიკვდილი რომ მიუსამძიმროს? ან აიღეთ ხალხური ლექსი "საბრალო დედაბრისასა". არც ერთი ხალხის ფოლკლორში არ მოიძებნება მსგავსი! ან როგორი ანდაზები გვაქვს? "ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა, ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით შევიმაგრებო". წარმოიდგინეთ, ცას ემუქრება! დევგმირის გული აქვს იმ უღიმღამო სხეულში. ან ეს როგორია: "ორაგულმა თქვა, ეს წვიმა რომ არ გადაიღებდეს, ცაში ავალო"!
- ეს ჩვენს ამბიციურობაზე მიუთითებს თუ გულადობაზე? - ამბიცია განა ცუდია? ილიამ 24 წლისამ უთხრა ქართველებს, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო. ამბიციური იყო, აბა რა! ჯანსაღი ამბიციაც საჭიროა, სხვანაირად წინ ვერ წავალთ და ქართველები ვერ ვიქნებით!
ნინო ჯავახიშვილი