"კრიზისი დარჩა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"კრიზისი დარჩა, მაგრამ..."

"ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იცვლება"

პოეტი დათო მაღრაძე "კვირის პალიტრას" ბოლოდროინდელ მოვლენებზე ესაუბრა.

- სანამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე გადავალ, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მინდა დიდი გამარჯვება მივულოცო ჩვენს ოლიმპიელებს - მადლობა თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული გამარჯვებებისთვის!..

რაც შეეხება ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯს - ჩემს ახალ ნაწარმოებს, რომელსაც "მეტაფიორა" დავარქვი, ასე ვიწყებ: "გადაარჩინე მოქალაქეში ადამიანი". ეს არის ჩემი, როგორც პოეტის განზრახვა, რათა ჩვენი ეპოქა, მისი კონტექსტი სწორად დავინახოთ. პოეზიის მისია მოქალაქეში ადამიანის გადარჩენაა. ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, რაც მორალური ქაოსის ეპოქაში ჩვენს ქვეყანაში ხდება.

"ქართული ოცნების" მიშელის შეთანხმებიდან გასვლას აღვიქვამ როგორც ნაბიჯს. ერთ-ერთ ლექსში მიწერია, თუ ნაბიჯია, კვალიც იქნება-მეთქი. როდესაც პოლიტიკური კრიზისი გამძაფრდა, ჩვენმა ხელისუფლებამ კრიზისის მართვის ინიციატივა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მათ კონკრეტულ წარმომადგენლებს დაუთმო. მათ, თავის მხრივ, ოპოზიცია აიძულეს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის კულტურას შეჰგუებოდნენ. ეს კრიზისის განსამუხტავად პოზიტივი იყო, მაგრამ მე ისიც მახსოვს, როგორ შეეგუა ხელისუფლება პარლამენტზე შეტევას. აშკარა კანონდარღვევა ჩვეულებრივ ამბად აღიქვეს, რამაც მოსახლეობა აღაშფოთა და საფუძველიც ჰქონდა - ნებისმიერ დროს ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი ძალადობა შესაბამისად უნდა შეფასდეს და კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს. არ შეიძლება კანონდარღვევის გრადაცია - ერთი ფაქტის ძალადობად შეფასება და მეორის - არა.

კანონით უნდა დაისაჯოს პარლამენტზე შტურმის მიმტანი მოძალადე და იმ ახალგაზრდა ოპერატორზეც. ხელისუფლებას კი იმის მიუხედავად, საერთაშორისო კონიუნქტურა რას მოსთხოვს, გრადაციის უფლება არა აქვს. ლაშქარავა, რომელიც თავის კოლეგა გოგონას გამოესარჩლა, ძალიან ღირსეულად მოიქცა, ამიტომ დაალეწეს თავ-ყბა. მისი სიკვდილის მიზეზს არ ვეხები, რადგან როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა განმარტა, სხვა მიზეზით გარდაიცვალა, მაგრამ ღირსეული ნაბიჯის გამო გაუსწორდნენ. მერე კი ამ კაცის ტრაგიკული ბედით შეძრწუნებულმა ხალხმა ნახა, რომ ეს ტრაგედია მიშას პოლიტიკურ კარიერას უნდა მისძღვნოდა. ოპოზიცია იმ ახალგაზრდა ოპერატორს, ღმერთმა შეიწყალოს მისი სული, დასძახოდა, მიშასამც შაეწირებიო. ამიტომ ხალხი გაიკრიფა და ოპოზიცია მხარდამჭერის გარეშე დატოვა.

რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას, ვფიქრობ, ეს იმით არის განპირობებული, რომ "ოცნებამ" გადაწყვიტა დაიბრუნოს მართვის სადავეები, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს დროებით დაუთმო. ამიტომ ვიხსენიებ ამ გადაწყვეტილებას ნაბიჯად, რომელსაც კვალიც უნდა მოჰყვეს. ეს არის ქვეყნის საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნებისა და ხელისუფლების ხელში მართვის სადავეების დასაბრუნებელი ნაბიჯი.

- ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის უნარი შესწევს?

- კრიზისი დარჩა, მაგრამ მოსახლეობაში ისეთი სიმძაფრით აღარ აღიქმება, როგორც პოლიტიკოსებსა და ტელევიზიებში.

საპროტესტოდ განწყობილი ხალხი გაიკრიფა. ქართველმა საზოგადოებამ და აქ აკრედიტებულმა ელჩებმა დაინახეს, რომ ოპოზიცია მხარდამჭერების გარეშე დარჩა - რუსთაველზე ორი კარავი და სააკაშვილის გახუნებული პორტრეტი იდგა.

ასე რომ, ხელისუფლების ეს ნაბიჯი არსებულ რეალობას დაემთხვა. ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ, რადგან მოსახლეობაში კრიზისი, ასე თუ ისე, განმუხტულია. კიდევ ერთი - როგორი პარტნიორული ურთიერთობაც უნდა გქონდეს ვინმესთან, არ შეიძლება ქვეყანა სამუდამო მმართველობაში გადასცე, გნებავთ ევროკავშირს ან სტრატეგიული პარტნიორობის ელჩებს. სტრატეგიულ პარტნიორებთან თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა სასარგებლოა და არა ქვეყნის მართვის მათთვის გადაბარება.

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სულ უნდა ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის და არა ბატონის ცვლილებისთვის. აქვე ჩვენს ხელისუფლებას მინდა ვურჩიო - მომავალში, სანამ სიტყვას იტყვის, გაითვალისწინოს, რომ ნათქვამს შესრულება სჭირდება და არა შეუსრულებლობის მოხერხებული ფორმულირებებით გამართლება.

- ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება, ნაწილი ბოიკოტზე ლაპარაკობს. ევროპარლამენტარები მმართველ გუნდს ხელშეკრულების ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და ორივე პოლიტიკურ ძალას ურჩევენ ქვეყნის ინტერესების მიხედვით იმოქმედონ. როგორ წარმოგიდგენიათ ამის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება? - დაახლოებით ასე: ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არც უნდა დაინიშნოს;

ხელისუფლება და მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ვალდებულია მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ქვეყანას რყევები ავარიდოთ. თუ ამ ქვეყანას სამშობლოდ აღვიქვამთ, მუდმივი ჯანჯღარის პირობებში არ უნდა ვამყოფოთ. ვფიქრობ, ამისკენ არის მოწოდებული ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, იმ ერთი მუჭა ოპოზიციისგან განსხვავებით, ორი კარვითა და მიშას ერთი გახუნებული ფოტოთი რომ ელოდება სააკაშვილს. ჯერ თავად ელოდებოდნენ, ახლა შვილებთან ერთად ელოდებიან და მერე შვილიშვილებთან ან შვილთაშვილებთან ერთად მოუწევთ ლოდინი.

გენიალური ვაჟა-ფშაველა თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს, "მთანი მაღალნი" ასე იწყებს, იდგნენ და ელოდნენ, უსაზღვროა მთების მოლოდინიო... დაელოდონ, ოღონდ მაინცდამაინც რუსთაველის პროსპექტს ნუ აირჩევენ. ადრე სილაღის, თავისუფლებისა და შეყვარებული წყვილების სასეირნო ადგილი იყო, ახლა კი, მძაფრი ვნებების მუდმივ სამოსახლოდ გადააქციეს.

რა თქმა უნდა, აბსოლუტური ძალაუფლება არც ხელისუფლებისა და მით უფრო ქვეყნისთვის არ არის კარგი. ამისთვისაა საჭირო ძლიერი ოპოზიცია, რათა მმართველ ძალას პოზიციის გამყარების შესაძლებლობა არ მისცეს, მაგრამ პარტიის დარეგისტრირება ან ტელევიზიებში აქტიურობა მათ რეალურად არსებობას არ ნიშნავს. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, პროცესების სასიკეთოდ განვითარებაში ვერ მონაწილეობენ, რადგან მუდმივად ინტრიგების ხლართვით, ქაოსის შემოტანით, დესტრუქციის უსუსური ცდით არიან დაკავებული. ამას ხედავს საზოგადოება. ხელისუფლება არჩევნებით იცვლება. "ძალა", რომელიც აცნობიერებს, რომ ხელისუფლებაში არჩევნებით ვერ მოდის, ცდილობს ქაოსით მოვიდეს. ქაოსი კი მისაღებია იმისთვის, ვისაც არჩევნებით მოსვლის იმედი არა აქვს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის სააკაშვილის უსუსური ცდა, რომლის "აქციებიც" მხარდამჭერების გარეშე დარჩა.

ასე რომ, არ ვეთანხმები ზოგიერთი დასავლელი თანამდებობის პირის მოსაზრებას, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. კი არ უნდა გადადგეს, მმართველ გუნდთან ერთად ძალიან მაგრად უნდა დადგეს, რომ ქვეყანას რყევები აარიდოს. ეს არის მათი უპირველესი მოვალეობა. არც მიშელის შეთანხმებაა იმაზე მნიშვნელოვანი და არც სხვა დოკუმენტი იმასთან შედარებით, ვიდრე კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნისთვის რყევების არიდებაა. მათ ეს უნდა შეძლონ, ვინაიდან ოპოზიციის ულტიმატუმი დაახლოებით ასე ჩანს - მანამდე ვიქნებით გიჟად, სანამ ხელისუფლებაში არ მოვალთო. არადა, მათი ხელისუფლებაში ყოფნით ქვეყნის მოსახლეობა გაგიჟდება. ამიტომ ჯობია, ისევ პირველ სურათს ვუყუროთ. მოსახლეობას რევოლუცია კი არა, ევოლუციური განვითარება სურს. რაც შეეხება მთელ ამ უმსგავსობას, ხელისუფლებამ კეთილინებოს და უზრუნველყოს, რომ მოსახლეობამ თავისი ნება არჩევნებზე გამოხატოს და პასუხიც გასცეს.

საზოგადოდ კი პოლიტიკური ცხოვრების გზაზე უმნიშვნელოვანესია თავიდან გავიაზროთ, რა სივრცეს მოიცავს და რა ჰორიზონტებს სწვდება თავისუფლება. ადამიანის უფლებების კვალდაკვალ არსებობს უფლება-მოვალეობებიც. უფლება-მოვალეობის გარეშე ქაოსია, მოვალეობა უფლების გარეშე - დიქტატურა. ცალ-ცალკე მახინჯ ფორმებს იღებს, ერთად კი საზოგადოებას განვითარების მუხტს აძლევს. ასევე გასააზრებელი გვაქვს ქრისტიანობა და ლიბერალობაც, რადგან 5 ივლისს გამოჩნდა, როგორ ვიაზრებთ მათ. კი ბატონო, ეპოქას თავისი ხასიათი, დინამიკა, საურთიერთობო ენა აქვს, მაგრამ ქრისტიანობის გზაზე ჩვენი მეხსიერებიდან და წარმოსახვიდან ნუ გავაქრობთ 33 წლის ქრისტეს, რომელიც სრულიად უქონელი, ერთი მოსაცმლითა და ეკლის გვირგვინით შეუდგა გოლგოთის გზას. ქრისტიანობა განსაცდელის რელიგიაა და არა კომფორტის, რომელსაც მოირგებ და მოილამაზებ.

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, ასეთი ფორმულირება: "ჯვარი ევროპის სანაცვლოდ", არასწორია. ამგვარად არც ევროპაა სწორად დანახული და არც ჯვარი, ლოცვა და რწმენა. ევროპული რენესანსი, რაც ხიბლავს მთელ კაცობრიობას და ძალზე ფაქიზ ყურადღებას იმსახურებს, გვამდიდრებს და გვასაზრდოებს, სწორედ ჯვარზეა დამყარებული.

ბერძნულ-რომაულმა სამყარომ გაუშალა ასპარეზი ქრისტიანობას. დავით აღმაშენებლის მემატიანე გელათის აკადემიის დაარსებაზე ამბობს: ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა და კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინადო... ეს იყო გელათის იდეა. ანტიკური რაციოსა და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების სინთეზში აღმოცენდა "ვეფხისტყაოსანი", ისევე, როგორც მიქელანჯელო, რაფაელი, ჯოტო და სხვ. ჯვარსა და ევროპას შორის საუკუნეებშია განფენილი უდიდესი სიმფონიაა. ასე რომ, გრძელდება სწრაფვა ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისკენ და მჯერა, ქვეყნის საგარეო ვექტორი, ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იცვლება...

- 30 წელია გვესმის, რომ ხსნა ევროპაშია. რატომ ვერ შეძლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის მისი სიკეთეები სწორად დაენახვებინა? - კარგი კითხვაა, რადგან ეს განსხვავებული დამოკიდებულებები მუდამ გვაფერხებს, არადა, მასთან თანამშრომლობა ქართველებს წყალივით სჭირდება. ამის თვალსაჩინოების მაგალითია სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც 6 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრები აღდგა... თუმცა გვაფერხებს საბჭოთა პათეტიკა, რომელსაც წლებია ვერ შეველიეთ და ჩვენი ცხოვრების წესში 21-ე საუკუნეშიც გადმოვიტანეთ. ვგულისხმობ იმ პერიოდს, რომელიც მონუმენტურ სკულპტურაში, ძეგლებში იყო გამოხატული. ჩვენი პლასტიკა სცენაზე თვალების დაკვესებასა და თავგანწირულობაში იყო გადათარგმნილი. ქართულ პოეზიაში სამშობლოს აღვირახსნილი სიყვარული იყო გამოცხადებული. იმ დროიდან წამოსული პათეტიკა დღემდე ებრძვის ჩვენს ისტორიულ წიაღს. არადა, საქართველო მუდამ გამორჩეული იყო სისადავით, სიდიადით. ეს ფრესკაშიც იკითხებოდა და არქიტექტურაშიც, დავით გურამიშვილის "დავითიანშიც" და ქართული სულიერების ისტორიაშიც. ეს ერთი შეხედვით ლირიკული გადახვევა სინამდვილეში სამწუხარო მოცემულობაა, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქანდაკებებს, რომელთა გამომეტყველებები ყალბი პათეტიკით არის ნასაზრდოები. პადუაში დგას დონატელოს კონდოტიერ გატამელატას ქანდაკება და მასში ზუსტად ჩანს, როგორ შეიძლება გადმოსცე სიმშვიდის სიდიადე. იგივე განცდა იკითხება ქართულ სულიერებაშიც, ფრესკა იქნება, ტაძარი, ორნამენტი, გურამიშვილის ლექსი, ვაჟა-ფშაველას ან გალაკტიონის შემოქმედება...

როდესაც ევროპის ნათელ მხარეებზე ვსაუბრობთ, მისი მიმზიდველობის სადემონსტრაციოდ მარტო ის რად ღირს, საფრანგეთის ქალაქ არლიში, სადაც ვან გოგი ერთხანს ცხოვრობდა და მუშაობდა, ის ოთახი და იმ სახლიდან დანახული ფანჯრის პანორამაც კი აღადგინეს... აი, ეს არის ევროპული კულტურა.

- საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ევროპულ სივრცესთან დაშორებას გამოიწვევს, რადგან ვნახეთ, რომ მათი ჩარევის გარეშე ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ძნელია. - ახლა ისეთი ეპოქაა, როგორც ჩემს ნაწარმოებში ვამბობ, მოქალაქეში ადამიანის გადარჩენა, ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ ეხება. მგონია, თავად სამყაროა აფორიაქებული და მორალურ ქაოსში შესული. ეს კი პოლიტიკოსებზეც, ჟურნალისტსა და საზოგადოების სხვა წევრებზეც ირეკლება. მგონია, რომ ეს რყევები, როგორც მორალური ქაოსი, როგორც ტალღა, პიკამდე მივა და მერე დაიმსხვრევა. ვფიქრობ, ასე ხდება ახლაც,

პოლიტკონიუნქტურა, მორალური ქაოსის ტრენდი, თავდაღმართისკენ მიდის და მალე დაიმსხვრევა, მაგრამ მას მოსდევს ქრისტიანობის, დემოკრატიის თავიდან გააზრება, გულისხმიერების დაბრუნება და მოქალაქეში ადამიანის გადარჩება. ასეთია კაცობრიობის ისტორია, ბუნების კანონზომიერება.

ასე მგონია, ჩვენი სამშობლო იოანე საბანისძის მარადიულ ფორმულას: "ჩუეულებისაებრს სლვაი მამულისა" დაუბრუნდება. ისევე, როგორც სამყარო დაუბრუნდება ჩვეულებისაებრ სვლას. ასე რომ, ევროპულ სამყაროსთან დაპირისპირების გაღრმავებას არ ველი. თუმცა გულისწყრომა გასაგებია, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ძალიან ბევრს გვეხმარებიან. თუნდაც ამერიკის ბოლო ჟესტი - ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის ჩუქება როგორი მნიშვნელოვანი თანადგომაა... რომ არა ამერიკის მხარდაჭერა, ძალიან სწრაფად დავდგებოდით ერეკლე მეფის დილემის წინაშე... თუმცა მგონია, ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებს მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიცია კი არა, ქართველი ხალხი, მისი განწყობაც არ უნდა გამორჩეთ. ყველამ ერთად, მოსახლეობამ და დიპლომატიურმა კორპუსმაც უნდა ვაღიაროთ საქართველოს სუვერენიტეტი და დანარჩენ თემებზე მერე ვისაუბროთ. ასე რომ, ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იკვლება. გარდა ამისა, ეს კავკასიაა, სადაც ტრადიცია ფერფლის თაყვანისცემას კი არ ნიშნავს, ცეცხლის გადაცემაა...

- ყოველწლიურ კონკურს "ლიტერას", ჟიურიში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ჩასმის გამო ათზე მეტი მწერალი გამოეთიშა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? - 1995 წელს გადავდექი მინისტრის პოსტიდან და მას შემდეგ სამინისტროსთან არ მითანამშრომლია. იქ რამდენიმე ჩემთვის ახლობელი და პატივსაცემი ადამიანი წლებია მუშაობს, მაგრამ მე ვარ პოეტი, რომელიც ბიუჯეტთან არ თანამშრომლობს. ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არასდროს მოხმარებია ჩემი წიგნის არც თარგმნას, არც ქართულ და არც უცხოურ გამოცემას და არც სადმე ვიზიტს. ამიტომ სამინისტროს ამბებში ჩახედული არა ვარ.