"ოცნება" ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს კობახიძეს"
"ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ "ოცნებამ" ვერ აიღოს 43% და 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ამბობს, რომ ბრძოლა უკომპრომისო იქნება. "ოცნების" ლიდერები უკვე ჩამოყალიბდნენ როგორც საერთაშორისო დონის "გადამგდებები", მათ არა მარტო ქართველი ხალხი გადააგდეს და უკვე მერამდენედ მოატყუეს, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყანა და შეერთებული შტატები, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტის მედიატორები არიან. ამ დონის პოლიტიკური გარიგებიდან ვერ გახვალ, პასუხისმგებლობა აღებულია, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას... პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" გამოაცხადებს ბოიკოტს და დატოვებს პარლამენტს. ანალოგიური ნაბიჯისკენ მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებსაც. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე", - ამბობს მამუკა ხაზარაძე. რას გულისხმობს "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ლიდერი უკომპრომისო ბრძოლაში, აპირებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მამუკა ხაზარაძე:
- უკომპრომისო ბრძოლაში ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან უსამართლობას. ისინი ცოტანი არ არიან. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - თუ თავად არ ვიბრძოლებთ, თავადვე არ გამოვხატავთ პროტესტს იმის წინააღმდეგ, რაც არ მოგვწონს, მაშინ სხვისი იმედიც არ უნდა გვქონდეს. მეგობრებს უპირველესად ჩვენი ბრძოლა უნდა დავანახოთ, რომ მერე გვერდით დაგვიდგნენ.
ჩვენ მაგივრად არავინ არაფერს გააკეთებს. ეს აქსიომაა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება და გვგონია, სხვა გააკეთებს ჩვენს საქმეს.
- ჩვენ კი მოვისმინეთ დასავლელი პარტნიორების კრიტიკული შეფასებები, მაგრამ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ დოკუმენტის ანულირების საკითხზე ევროპულ მხარესთან კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე იყო. - ეს არის კონსპირაციული თეორია, თითქოს ევროპული მხარე დაეთანხმა იმ შეთანხმების დარღვევას, რასაც ხელი თავადვე მოაწერა. სრული აბსურდია. ჩვენი ევროპელი მეგობრები აუცილებლად გამოეხმაურებიან კობახიძის ამ განცხადებას. ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი განცხადება... ეს სერიოზული ბრალდებაა. "ოცნება" ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს კობახიძეს.
- თუ ასეა და "ოცნებამ" ევროპელ კოლეგებს ბრალი დასდო, ოპოზიციას ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა როგორც ამომრჩევლის, ასევე დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. როგორ აპირებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას?
- ჯერ ერთი, მიშელის დოკუმენტი არ არის ნოტარიულად დამოწმებული რაღაც ხელშეკრულება. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება, საიდან გამოსვლაც გამორიცხულია. შეთანხმება შედგა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად და "ოცნება" ვერ შეძლებს ასე მარტივად ხელის დაბანას. რაც შეეხება ოპოზიციის საკეთებელ საქმეს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ უკომპრომისო ბრძოლა და ხალხს დავანახოთ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ დასრულდება ერთი პოლიტიკური ჯგუფის თვითნებობა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ "ოცნებამ" 43% ვერ აიღოს.
- ესე იგი, ბოიკოტს ან პარლამენტის დატოვებას აღარ გეგმავთ? - პარლამენტიდან გასვლას არ ვგეგმავთ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები. კობახიძე კი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ვაპირებთო, მაგრამ ავიწყდება, რომ ჩვენ პარლამენტში მიშელის შეთანხმების შესასრულებლად შევედით. თუ "ოცნება" გააგრძელებს ამ დესტრუქციულ ქმედებას და უარს იტყვის შეთანხმების შესრულებაზე, მაშინ პარლამენტს დავტოვებთ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ამისკენ მოვუწოდებთ. სხვა გამოსავალი აღარ იქნება. უკვე აღარ არის იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ ვიღაცა გადააგდო... აქ უკვე საუბარია იმაზე, გაფორმდება თუ არა ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად. უკვე ნათლად ჩანს, რომ რუსეთმა თავისი რბილი ძალის გატარებისთვის "ოცნება" გამოიყენა.
- ამ ბრძოლაში "ნაცმოძრაობასთან" ერთად ჩაებმებით? - "ნაცმოძრაობამ" ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და "ოცნებას" ხელშეკრულების დარღვევის საბაბი მისცა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ "ოცნების" საბაბი არც ისე წელგამართულია - "ნაციონალებმა" თუ არ მოაწერეს, სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხომ მოაწერეს? ხელშეკრულება ხომ გაფორმდა? "ლელო" დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას. "ლელო" სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ქვეყანაში აღარ იყოს ორი პოლუსი და ამომრჩეველს ალტერნატივა ჰქონდეს.
ის, რომ დროის რაღაც მონაკვეთში ჩვენი და სხვა პოლიტიკური პარტიების ამოცანები ან მიზნები ერთმანეთს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ვინმეს შევეკარით.
- მაგრამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლადაც ცდილობთ? - დიახ, ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ამომრჩეველს პრობლემიდან გამოსასვლელად კონკრეტულ გზებს სთავაზობს. ახლა ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ხმას მივიღებთ საკრებულოში. მთავარია, ოპოზიციური სპექტრის ხმები არ დაიკარგოს. მთავარი ამოცანა ახლა "ოცნების" გასტუმრებაა. შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არჩევნის თავისუფლება უნდა მივცეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ დილემის წინაშე - "ოცნება" ან "ნაცმოძრაობა". ეს აუცილებელია, რომ კოალიციური მმართველობა მივიღოთ.
- თვითმმართველობის არჩევნების შესახებ თუ შეთანხმდით? - მომავალ კვირას შევთანხმდებით და პრეზენტაციასაც ჩავატარებთ.
- მერობის კანდიდატს "ლელო" ყველა სხვა პარტიისგან დამოუკიდებლად წარადგენს? - დიახ. ამჯერად, პრეზენტაციის გამართვამდე სხვას ვერაფერს გეტყვით.
ხათუნა ბახტურიძე