"თუ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ნამდვილად არ შემოვირტყამ თავში ხელს"
"გვიჭირს იმ პარტიებთან კოორდინაციაში ყოფნა, რომლებიც "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს ეწყობიან და მისი ჩრდილიდან გამოსვლა უჭირთ. ჩვენ გვინდა საკუთარი იდენტობა იმდენად გამოვკვეთოთ, რომ სწორედ ამ იდენტობამ დააინტერესოს ამომრჩეველი. ეს არის ჩვენი ამოცანა და არა ის, რომელიმე დიდ პარტიას ავეკიდოთ და ანტურაჟი გავხდეთ..."
"თუ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ამის გამო ნამდვილად არ შემოვირტყამ თავში ხელს", - ამ განცხადებით გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელიც ბოლოდროინდელ მოვლენებზე გვესაუბრა:
- თუ "ოცნება" 43%-ზე დაბალ მხარდაჭერას მიიღებს, სურთ თუ არა, მოუწევთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ლეგიტიმაციის საკითხი დადგება. მგონი, "ოცნების" ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები საკუთარი ამომრჩევლისთვისაა გათვლილი და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
- რა გათვალა, რა დაგეგმა "ოცნებამ" 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირებით? - ამ ხელშეკრულების ანულირებაზე პასუხისმგებლობა "ოცნებასთან" ერთად "ნაცმოძრაობასაც" ეკისრება. ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ წყალში ჩაყარა დიდი შრომა, რომელიც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გასწიეს. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, თუ რატომ გააუქმა "ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება.
პირადად მე ვეთანხმები აზრს, რომ "ოცნებას" შეეშინდა ნაკისრი ვალდებულების შესრულების. აღარ აქვთ იმედი, რომ 43%-იან ბარიერს გადალახავენ და ამ ნაბიჯით არჩევნებში წაგების საფრთხე აირიდეს თავიდან. მეორე მხრივ, ძალიან აშფოთებთ გახარიას ფაქტორიც.
- ასე გაანეიტრალეს საფრთხე? - მათი გადმოსახედიდან თვითმმართველობის არჩევნები აღარ იქნება რეფერენდუმი და განწყობებიც შეიცვლება. ფიქრობენ, რომ ეს არჩევნები იქნება არა ხელისუფლების ფუნდამენტური ცვლილებისთვის, არამედ თვითმმართველობის დონეზე, ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებისთვის. გამოდის, სახელისუფლებო ცვლილებები თვითმმართველობამდე ჩამოალაბორანტეს.
- ასეთ დროს რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ და რას აპირებენ "მოქალაქეები"?
- ჩემი აზრით, ბოიკოტით მოქმედება კონტრპროდუქტიულია. ამიტომ მუშაობა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს.
თუ ბოიკოტს აცხადებ, მაშინ უნდა შეგწევდეს იმის ძალაც, რომ ქუჩიდან მოახერხო ხელისუფლებაზე ზეწოლა. ვაღიაროთ, რომ ამის რესურსი ოპოზიციას დღეს არ გააჩნია. ამიტომ უნდა დავრჩეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ მუშაობა.
- დღევანდელი ვითარება არის თუ არა ახალი შესაძლებლობა ოპოზიციისთვის? - მე ვხედავ შესაძლებლობას, რომ ორი დიდი პარტიის მიღმა სხვა პარტიები კარგი კამპანიითა და კოორდინაციით შეძლებენ პოზიციის გაძლიერებასა და მომდევნო არჩევნებზე ამომრჩევლისთვის "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ალტერნატივის შეთავაზებას. დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პოლარიზებაა. ეს რომ დასრულდეს, უნდა განვითარდეს პარტიული სისტემა "ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" შორის. ერთი და ორი ადამიანი ვერ იქნება მესამე არჩევანი, მესამე არჩევანი იქნება პარტიების სიმრავლე, რომლებიც ალტერნატივას შესთავაზებენ ამომრჩეველს, პარტიების სიმრავლე კი დამოკიდებულია არჩევნებში ასპარეზობაზე.
- "მოქალაქეებსაც" ხედავთ ამ პარტიათა სიმრავლეში? დღემდე ვერ ახერხებდით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას. - ჩვენ დღესაც გამოვხატავთ მზაობას, რომ ოპოზიციონერ კოლეგებთან მთელ რიგ საკითხებზე შევთანხმდეთ. უბრალოდ, გვიჭირს იმ პარტიებთან კოორდინაციაში ყოფნა, რომლებიც "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს ეწყობიან და მისი ჩრდილიდან გამოსვლა უჭირთ. ჩვენ გვინდა საკუთარი იდენტობა იმდენად გამოვკვეთოთ, რომ სწორედ ამ იდენტობამ დააინტერესოს ამომრჩეველი. ეს არის ჩვენი ამოცანა და არა ის, რომელიმე დიდ პარტიას ავეკიდოთ და ანტურაჟი გავხდეთ. როდესაც კოორდინაციაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ "ნაციონალებისა" და "ოცნების" შუაში მყოფმა პარტიებმა ერთმანეთის ამომრჩეველი არ გადაკვეთონ.
- "ნაციონალებს" მკვეთრად ემიჯნებიან "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და "გირჩიც". შეძლებთ მათთან თანამშრომლობას? - განცხადებების დონეზე ემიჯნებიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არც ისე ადვილი აღმოჩნდება ხოლმე "ნაციონალების" გავლენიდან გამოსვლა. თუმცა მივესალმებით, თუ შეძლებენ მათგან გამიჯვნას და თავიანთი დღის წესრიგის გამოკვეთას.
- ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თქვენი დღის წესრიგი თუ შეცვალა? - არა, ძველებურად ვაგრძელებთ ჩვენს კანდიდატებთან ერთად საარჩევნო კამპანიას და ძალიან მალე წარმოვადგენთ საინტერესო გუნდს, რომელიც თბილისის საკრებულოსთვის იბრძოლებს.
- ვიცით, რომ თქვენი მერობის კანდიდატი არ გეყოლებათ, მხარს ვის დაუჭერთ? - "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" კანდიდატებს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. თუ ოპოზიციაში გამოჩნდება ვინმე საინტერესო კანდიდატი, არ გამოვრიცხავთ, რომ მხარს დავუჭერთ.
ხათუნა ბახტურიძე