"ქართულ ოცნებას" ბევრ ვიზიტს გაუუქმებენ დასავლელი პარტნიორები, პრემიერ-მინისტრს უკვე გაუუქმეს ერთ-ერთი შეხვედრა ბალტიისპირეთის ქვეყნებში" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" ბევრ ვიზიტს გაუუქმებენ დასავლელი პარტნიორები, პრემიერ-მინისტრს უკვე გაუუქმეს ერთ-ერთი შეხვედრა ბალტიისპირეთის ქვეყნებში"

"ირაკლი კობახიძეს არ დაეჯერება. მეც მაქვს ევროპულ მხარესთან კომუნიკაცია და ზუსტად ვიცი, რომ მათთვის ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება"

"ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა - ჩვენ ვითხოვთ შეთანხმების შესრულებას. ვითხოვთ ჩვენი გარანტორი მხარეებისგან, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მაქსიმალურ ჩართულობას, რადგან სწორედ მათი გარანტიით მოვაწერეთ დოკუმენტს ხელი, თორემ "ქართულ ოცნებას" არ ვენდობოდი და კობახიძეს მანამდე არც ვუსმენდი. ჩვენ ვუსმენთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია და გვინდა გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი. ძალიან ბევრი საუბარი მქონდა ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან. იყო დახურული საუბრები ზუმის საშუალებით, სატელეფონო საუბრებიც და ძალიან კონკრეტულად ვაყენებ პოზიციებს - ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ აღსრულების მექანიზმების გამოყენება, რაც გულისხმობს წნეხს "ქართულ ოცნებაზე" და არა საქართველოზე. ქალბატონმა ვიოლა ფონ კრამონმაც ახსენა, რომ გადაიხედება ასოცირების შეთანხმებით მოპოვებული სიკეთეები საქართველოსთვის. არის ასეთი გზავნილი, რასაც მე კატეგორიულად ვემიჯნები და ვამბობ, რომ წარმოუდგენელია ეს მოხდეს. უვიზო რეჟიმი არ შეიძლება გადაიხედოს იმის გამო, რომ "ქართული ოცნება" ასე იქცევა. არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ "ქართული ოცნების" გამო", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. რა ტიპის აღსრულების მექანიზმების ამოქმედებას ელის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, რას საყვედურობს შარლ მიშელს და როგორ აპირებს "ქართული ოცნების" იძულებას დაუბრუნოს შეთანხმებას, ამის შესახებ გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- ერთი რამ ზუსტად ვიცი - "ქართულ ოცნებას" ბევრ შეხვედრასა და ბევრ ვიზიტს გაუუქმებენ დასავლელი პარტნიორები, პრემიერ-მინისტრს უკვე გაუუქმეს ერთ-ერთი შეხვედრა ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენ დასავლეთისგან უფრო მეტ კრიტიკას და ქმედით ნაბიჯებს ელოდით. - ვფიქრობ, ამერიკის პოზიცია საკმაოდ მკაცრია, საელჩომაც ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა. მე არ ვიცი, სხვა რას ელოდა.

- შარლ მიშელი რატომ გააკრიტიკეთ? - შარლ მიშელი გავაკრიტიკე იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი მთავარი გარანტია ამ შეთანხმების შესრულების და ცოტა მეტად მკაცრი და მომთხოვნი უნდა ყოფილიყო. ბატონი მიშელი რომ არა, ირაკლი კობახიძის ერთ სიტყვასაც არ ვენდობოდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასავლეთის მთავარი გზავნილი ის არის, რომ მათთვის შარლ მიშელის დოკუმენტიც ძალაშია, 43%-იანი ბარიერიც და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაც. ახლა მთავარია, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებები მივაღებინოთ. ამასთან მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია იყოს: "არა 41 ნომერს, არა "ქართულ ოცნებას". მათ უნდა აიღონ 43%-ზე დაბალი მხარდაჭერა. ასეთ შემთხვევაში ვაიძულებთ დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ არ დანიშნავენ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს.

- კი მაგრამ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხზე ევროპულ მხარესთან კომუნიკაცია უმაღლეს დონზე იყო. თქვენ რის საფუძველზე ხართ ასე იმედიანად? - ირაკლი კობახიძეს არ დაეჯერება. მეც მაქვს ევროპულ მხარესთან კომუნიკაცია და ზუსტად ვიცი, რომ მათთვის ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება. დაელოდოს კობახიძე ევროპის რეაქციას!

- საბოლოოდ რა გადაწყვიტეთ, დამოუკიდებლად აპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას? - დიახ, ასე გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. არ ვაპირებ "ქართულ ოცნებას" ოცნება ავუსრულო და მთელი ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვის საშუალება მივცე. უფრო მეტიც, "სტრატეგია აღმაშენებელი" უზრუნველყოფს მრავალფეროვან არჩევანს, გარდა იმ ორი პოლუსისა.

- ფიქრობთ, რომ ორ დიდ პოლიტიკურ ძალას შორის ალტერნატიული ძალის შექმნას შეძლებთ? - კი, ამაში დარწმუნებული ვარ. ამ საკითხზე ცოტა სხვა სტილით ვმუშაობთ: გავდივართ რეგიონებში, თბილისის სხვადასხვა უბანში. ძალიან საინტერესო ახალი თაობის პოლიტიკოსები მინდა წარმოვაჩინო ამ თვითმმართველობის არჩევნებზე. არსებულ პოლიტიკურ კლასს ნდობა აღარ აქვს. ამიტომ აუცილებელია პოლიტიკაში პროფესიონალები შემოვიყვანოთ.

ხათუნა ბახტურიძე