"ჩვენ როდემდე უნდა დავთმოთ ყველაფერი და "ნაციონალებმა" როდემდე აჯანჯღარონ ქვეყანა?" - კვირის პალიტრა

"ჩვენ როდემდე უნდა დავთმოთ ყველაფერი და "ნაციონალებმა" როდემდე აჯანჯღარონ ქვეყანა?"

"100 დღე ველოდეთ. ახლა მოდის არჩევნები, სადაც ყველას თანაბარი პირობები ექნება, და იქ დაამტკიცოს ყველა პარტიამ თავისი ხმა"

"19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსსა და ჩვენს მთავრობებს შორის თანამშრომლობასთან. ამას გარდა, უნდა ითქვას, რომ სანქციების თემა საფრთხობელასავით შემოაქვს ხოლმე ოპოზიციას და შიგადაშიგ გარკვეულ უცხოელ პარტნიორებს", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. როგორ ხსნის მმართველი გუნდი დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებს, აპირებს თუ არა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებას გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და შედგება თუ არა მხარეთა შორის ახალი შეთანხმება, ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გვესაუბრება:

- სანქციების დაწესება უკავშირდება სულ სხვა საკითხებს და არა იმ შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგს, რის მოგვარებასაც ემსახურებოდა შარლ მიშელის შეთანხმება. რატომ მოვახდინეთ ამ ხელშეკრულების ანულირება? ეს შეთანხმება თავის დროზე იმიტომ შედგა, რომ "ნაცმოძრაობა" საბოტაჟის მდგომარეობიდან გამოსულიყო, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, აეღო ვალდებულებები და ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა.

"ნაცმოძრაობამ" მთელი ასი დღის განმავლობაში დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. ახლაც ბოიკოტის რეჟიმში არიან. ორჯერ შემოვიდნენ პარლამენტში და ორჯერვე აყალმაყალი და სრული დესტრუქცია მოაწყვეს დარბაზში. მათი ვალდებულება იყო მინიმალური, ჩვენი - მაქსიმალური. რაც ყველაზე საინტერესოა, ჩვენ ხელშეკრულების ყველა პუნქტი შევასრულეთ, ყველა საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის საკონსტიტუციოც დავაინიცირეთ. ჩვენ პატიოსნად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, მეორე მხარე კი არათუ არ ასრულებს, დოკუმენტს ხელს არ აწერს.

- ამ შეთანხმებაში მხოლოდ ორი მხარე არ მონაწილეობდა, დოკუმენტზე "ნაციონალების" არა, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკური სუბიექტების ხელმოწერებია. მათ რა პასუხს აძლევთ? - რეალობას თვალი გავუსწოროთ - ის სხვა პარტიები რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი არიან. ყველა არეულობის, საბოტაჟისა და დესტრუქციის უკან, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო, "ნაცმოძრაობა" დგას. "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი" ჯამში 10%-ია. დესტრუქციის მთავარი წყარო ვინც არის, ანუ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, არანაირ შეთანხმებაზე არ მოდიან.

- 10 პროცენტია თუ ცოტა მეტი ან ნაკლები, ამ პარტიების პარლამენტში ყოფნას ხალხმა დაუჭირა მხარი. ფიქრობთ, რომ მათ ამომრჩეველს ანგარიში არ უნდა გაუწიოთ? - გავიგეთ, მაგრამ ამდენ ხანს ანჯღრიეს ქვეყანა იმის ძახილით, არჩევნები გაყალბდაო, და ლამის რევოლუციამდე მიგვიყვანეს. ყოველივე ეს აბსოლუტურ ტყუილზე იყო დამყარებული, ამის მთავარი ორგანიზატორი "ნაციონალური მოძრაობა" კი ხელს არ აწერს დოკუმენტს. ოდესმე ხომ უნდა გამოვიდეთ ამ ვირტუალური ცხოვრებიდან? ოდესმე ხომ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა "ნაციონალებმა"? ჩვენ როდემდე უნდა დავთმოთ ყველაფერი და "ნაციონალებმა" როდემდე აჯანჯღარონ ქვეყანა?

- დოკუმენტში მოყვანილი პუნქტები "ნაციონალური მოძრაობისთვისაა" მნიშვნელოვანი, თუ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის? - ამ დოკუმენტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, განსაკუთრებით სასამართლოს ნაწილში, ჩვენ უკვე განვახორციელეთ, გავატარეთ ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რაშიც "ნაცმოძრაობამ" არც მიიღო მონაწილეობა.

- მაინც ისე გამოდის, რომ მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ ცნობს. - კარგად გამიგეთ - ფაქტს ვერსად გავექცევით, მთავარი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობაა". თუმცა არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაუჭერიათ მხარი რომელიმე საკანონმდებლო აქტისთვის. სად არის კონსენსუსი, სად არის დათმობა? მხოლოდ ჩვენ მივდივართ დათმობაზე...

- მოსამართლეების დანიშვნაში მათ მხარი იმიტომ არ დაგიჭირეს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეები მხოლოდ რეფორმების დასრულების შემდეგ უნდა დაენიშნათ. - საქმეც ის არის, რომ ქვეყანა აყოლიებული ჰყავთ უსაფუძვლო და უაზრო განცხადებებით. მაგალითად, მოსამართლეებს რაც შეეხება, ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და კანონშია ასახული.

მოსამართლეების დანიშვნა ოპოზიციის მოთხოვნით ერთხანს შეჩერებული გვქონდა, რამდენ ხანს უნდა გავაჩეროთ სასამართლო?! 280 პროცესი აწერია ერთ მოსამართლეს უზენაეს სასამართლოში. ხალხს სამართალი სჭირდება. სრული აბსურდი იყო არჩევნების გაყალბებაზე საუბარი. ეს დაამტკიცა პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ახლოსაც არ გაჰკარებია ოპოზიცია. რატომ? იმიტომ, რომ არგუმენტები არ ჰქონდათ, ერთი ფურცელიც ვერ შემოიტანეს და ვერ თქვეს, რომ არჩევნების გაყალბების კონკრეტული მაგალითი ჰქონდათ. ამ ტყუილში ქვეყანა ვეღარ იცხოვრებდა.

ჩვენ 100 დღე ველოდეთ. ახლა მოდის არჩევნები, სადაც ყველას თანაბარი პირობები ექნება, და იქ დაამტკიცოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი ხმა. ხალხი განსაზღვრავს ყველაფერს.

- მაგრამ "ქართული ოცნება" ამბობს, რომ 43%-იანი ბარიერი აღარ იქნება იმის განმსაზღვრელი, ჩატარდება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. - დიახ, აღარ იქნება განმსაზღვრელი იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებული არა ვართ ცალმხრივად შევასრულოთ შეთანხმებები მაშინ, როცა ოპოზიცია ქვეყნის ჯანჯღარს განაგრძობს. ჩვენ აღარ ვართ ვალდებული ავიღოთ დამატებითი ვალდებულებები. მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონებით ჩატარდება არჩევნებიც და ყველა სხვა პროცედურებიც.

- რა შემთხვევაში შეიძლება დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ და შეთანხმებას დაუბრუნდეთ? ან ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მხარეთა შორის რაიმე სხვა შეთანხმება შედგეს? - მიშელის დოკუმენტის საკითხი ამოწურულია. ირაკლი კობახიძემ სწორად შენიშნა - ეს არ არის ბავშვური თამაში, რომ ჯერ ხელშეკრულების ანულირება მოვახდინოთ, მერე უკან დავიხიოთ. არც ის მგონია, რომ მხარეთა შორის ახალი შეთანხმება შედგეს. "ნაცმოძრაობას" 100 დღის განმავლობაში ჰქონდა დრო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერისთვის. ეს ფურცელი გადაშლილია. ერთსა და იმავე მდინარეში არც ჩვენ შევალთ და არც ოპოზიციას ვურჩევთ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მმართველი გუნდის ასეთმა ხისტმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი დააბრუნოს?

- გამორიცხულია, პოლიტიკური კრიზისი აღარ იქნება. აი, გამოვედით ხელშეკრულებიდან, სად არის პოლიტიკური კრიზისი? ყველა გზა მიდის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე და სწორედ მისი შედეგი იქნება ყველას ვერდიქტი.