"ახლა რომ პარლამენტი დავტოვოთ, მერე ნახეთ ჩვენი დადანაშაულება..." - კვირის პალიტრა

"ახლა რომ პარლამენტი დავტოვოთ, მერე ნახეთ ჩვენი დადანაშაულება..."

"სააკაშვილის წინასაარჩევნოდ ჩამოსვლა და ხელისუფლების მიერ მისი დაკავება პროცესებს არევს"

"ეს არ არის ისეთი შეთანხმება, სადაც ვიღაცას შეუძლია შევიდეს და გამოვიდეს, კაფე კი არ არის" - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ამ დღეებში ხდება, არის ძალაუფლების უზურპაციის გაგრძელების მცდელობა და ამისთვის ბერკეტების შექმნა: "გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეცვლის შესახებ იღებს ამომრჩეველი და მან ყველაფერი დაინახა. საზოგადოებრივი გამოკითხვა და უამრავი რამ აქვთ შესწავლილი, ეშინიათ, რომ 43%-ს ვერ გადალახავენ, გამორიცხულია, მით უმეტეს, რომ ყოველთვის აგებდნენ დიდ ქალაქებში. თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში "ქართული ოცნების" ატანა არა აქვს ხალხს. როდესაც 70%-ს ოპოზიცია იღებს, თუნდაც 60-ს, ეს შეთანხმებაც რომ არ იყოს, ეს ნიშნავს, რომ ხალხი გეუბნება, წადი, მორჩა თქვენი ბოგინი, მორჩა ივანიშვილის ერთმმართველობაო. პოლიტიკური ვერდიქტი იქნება ხალხის გადაწყვეტილება თბილისის არჩევნებზე". გოცირიძის თქმით, ოპოზიცია დასავლელი პარტნიორებისგან უფრო ხმამაღალ განცხადებას ელოდება, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა, რის გამოც პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილსაც ეკისრება და ისიც ვალდებულია, შეთანხმების დარღვევის გამო ხმა ამოიღოს. რას ელოდება "ნაციონალური მოძრაობა" დასავლელი პარტნიორებისგან ან საქართველოს პრეზიდენტისგან, რას ფიქრობენ "ნაციონალი" ლიდერები იმის შესახებ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გამო პასუხისმგებლობას მათაც აკისრებენ, ამ საკითხებზე რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- დასავლელი პარტნიორებისგან უფრო მწვავე განცხადებას ველოდით, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ ამ ყველაფერზე ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პრეზიდენტი ზურაბიშვილია, რომელიც დიდი ამბით ქულებს იწერდა და ამაყობდა, რომ შეთანხმება მის დარბაზში შედგა. რატომ არ იღებს ხმას? რისი ამომღებია, როდესაც დავალება პირდაპირ ივანიშვილმა მისცა. ჩანს, ზურაბიშვილს დღემდე არა აქვს გაცნობიერებული, რა გაუკეთა ივანიშვილმა. ხომ გახსოვთ, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რომ ატრაბახა, საქართველო სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიის განვითარებისთვის უზარმაზარ ნაბიჯს დგამსო. ამ განცხადებიდან ერთი კვირაც არ გასულა, საპარლამენტო უმრავლესობამ ივანიშვილის დავალებით ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილება, მსოფლიოში შეარცხვინა პრეზიდენტი. აი, მაშინ რომ არ ამოიღო ხმა, იმიტომ აჭამა ივანიშვილმა კიდევ ერთი დიდი სირცხვილი. ვერც ახლა იღებს ხმას, მხოლოდ იმასღა ცდილობს როგორმე სიტუაციიდან მშრალად გამოვიდეს, მაგრამ ვერ გამოვა, საერთაშორისო დონის სკანდალი მოხდა... ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას მხოლოდ შარშან, პანდემიისას, მომენტალურად გამოუყო 1,5 მილიარდი დოლარი. აქედან 800 მილიონი გრანტი, ანუ საჩუქარი იყო. უამისოდ ხალხი შიმშილით დაგვეხოცებოდა. ამის შემდეგ ჩამოდის ევროკავშირის წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობას მომავალი 5 წლის განმავლობაში კიდევ მილიარდიან დახმარებას ჰპირდება და შენ მსგავს თავხედობას ბედავ. ფაქტობრივად, "ოცნებამ" ევროკავშირის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი შეარცხვინა. არა მგონია, მიშელი ამ ერთი დიპლომატიური განცხადებით შემოიფარგლოს.

არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნებას" სანქციები დაუწესონ. ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, ევროკავშირის სანქცია იქნება სიგნალი სხვა დასავლური ქვეყნებისთვის. ამას მალე პერსონალური სანქციებიც მოჰყვება.

დემოკრატიას აფერხებს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი. ამ პროცესში საქართველოს მძიმე რეპუტაციული ზიანი მიადგა.

- ამ ყველაფერში დასავლელი პარტნიორები "ნაცმოძრაობის" პასუხისმგებლობასაც ხედავენ, თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები და ანალიტიკოსებიც გამუნათებენ, შეთანხმებაზე რომ ხელი მოგეწერათ, "ოცნებას" მისი ჩაშლის საბაბი არ ექნებოდაო. - "ოცნება" საბაბს ეძებდა და ყველა შემთხვევაში იპოვიდა. თავიდანვე მიზეზობდნენ და საბაბსაც, ადრე თუ გვიან, იპოვიდნენ? 43%-ის შეეშინდათ. პატარა ჭანჭიკის დათმობაც არ უნდათ, რაც მათ ძალაუფლებას უზრუნველყოფს.

თეა წულუკიანიც კი ლიტერატურული კონკურსის საბჭოს ჟიურის კანდიდატურასაც პოლიტიკური ნიშნით განიხილავს. პატარა ჭანჭიკით დაწყებული, დიდი საარჩევნო ბერკეტებით დამთავრებული, ყველაფრის სათავისოდ გამოყენება სურთ.

ძალიან ეშინიათ და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. გახარიას ფაქტორმაც გვარიანად შეაშინა და ასეთი თაღლითობა მოიფიქრეს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ამასობაში ოპოზიციაც ძალიან დაიბნა. ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტი, მისმა გუნდმა კი არა. 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირება მხოლოდ მელიასთვის აღმოჩნდა მიუღებელი და სხვა "ნაციონალებისთვის" არა? - პარლამენტის დატოვება ნიშნავს საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმას.

თუ კონსტიტუცია არ შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება "ოცნებამ" თავად ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, როცა მას აწყობს, მათ შორის პანდემიის გამოყენებითაც.

ახლა რომ ჩვენ პარლამენტი დავტოვოთ, მერე ნახეთ ჩვენი დადანაშაულება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაში. რაც შეეხება ნიკა მელიას, მან პერსონალური გადაწყვეტილება მიიღო. საერთოდაც, პარლამენტის დატოვება რომ ხელისუფლებას ცვლიდეს, ამაზე ადვილი რა იქნებოდა. ხელისუფლებას ცვლის ბრძოლის სხვადასხვა ფორმა და მათ შორის ცენტრალურია პარლამენტის გამოყენება. საქართველოში არაფერი მომხდარა ამ 30 წლის განმავლობაში, რაც პირდაპირ ან ირიბად არ იყო დაკავშირებული პარლამენტთან. პარლამენტის დატოვება შესაძლოა უკიდურეს ფორმად იქნეს გამოყენებული.

- "ნაცმოძრაობაში" განხეთქილებაა?

- ასე რატომ გგონიათ?

- იმიტომ, რომ პარტიის ლიდერი პერსონალურ გადაწყვეტილებას იღებს. - ესეც ბრძოლის ფორმაა. ამით "ოცნების" თავხედობა მეტად თვალსაჩინო იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. რაც უფრო მეტად ითავხედებს "ოცნება", მით დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ივანიშვილს.

- ანალიტიკოსები და თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები ხშირად ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალები" გარიგებული არიან, რომ სააკაშვილი სწორედ მაშინ გამოდის სკანდალური განცხადებებით და ზაფრავს ხალხს, როდესაც "ოცნებას" ძალიან უჭრის. - ეს ზღაპარია, არჩევნებმა ყველაფერი კარგად აჩვენა - "ნაცმოძრაობამ" ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ეს მაშინ, როცა სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული თავისი ტელეინტერვიუებით.

- სააკაშვილი ამჯერადაც შეჰპირდა მხარდამჭერებს და დაემუქრა "ოცნებას", რომ ჩამოვა. ამჯერად მაინც გაბედავს ჩამოსვლას? - ჩემი აზრით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დრო ახლა არ არის, ეს მისი უსაფრთხოების საკითხებს ეხება. წინასაარჩევნოდ ჩამოსვლა და ხელისუფლების მიერ მისი დაკავება პროცესებს არევს. ისე კი, სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ფაქტს გაგახსენებთ. ჩვენ გვახსოვს, როგორ მიმართავდა განცხადებებით "ქართული ოცნება" უკრაინულ მხარეს, რომ მოეხდინა მისი ექსტრადირება, თუმცა შემდეგ მოვისმინეთ ფარული ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ ეხვეწებოდა ჩვენი ხელისუფლება უკრაინას, არ გამოეშვათ სააკაშვილი. სააკაშვილის ჩამოსვლას უფრთხოდა და უფრთხის "ოცნება", მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ის საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა ჩამოვიდეს.

ხათუნა ბახტურიძე