"ორივე ძალა ცდილობს შუა გაკრიფონ და "ქოცი" ან "ნაცი" გაგვხადონ"
"მგონია, რომ "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" ყოველდღიურად კომუნიკაცია აქვთ, რომ რამე არ შეეშალოთ. აბა, როგორ შეიძლება პროდასავლურ საზოგადოებაში, ხელისუფლება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ანტიდასავლურ კურსს აწვებოდნენ და ამას დაუფარავად ამბობდნენ. ერთმა ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მეორე ადგა და ანულირებულად გამოაცხადა..."
"ვისთანაც უფრო იაფად გამოვა "ქართული ოცნება", იმასთან შეკრავს კოალიციას - ჩვენ ძვირი ვღირვართ", - ასე გამოეხმაურა "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას: "კოალიცია "ნაცმოძრაობასთან" გამორიცხულია, ხოლო რაც შეეხება გიორგი გახარიას, არსებობს მაგალითები, როცა მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან". ხვიჩიას აზრით, ეს არის წინასაარჩევნო რიტორიკა და კავშირი არა აქვს რეალურ ზრახვებთან: "წარმოიდგინეთ, ხელისუფლებას აკლდება გახარიას ხმები, რას იზამს? მოღალატესთან არ გავაკეთებ კოალიციასო და "ნაცებს" გადააბარებს ხელისუფლებას?". ვისთან შეიძლება შეკრას "ქართულმა ოცნებამ" კოალიცია, რომელი პარტიები უგდებენ ფასს "გირჩს", ამ და სხვა საკითხებზე იაგო ხვიჩია გვესაუბრება:
- "ქართული ოცნება" კოალიციას შეკრავს იმასთან, ვინც იაფი დაუჯდება. ვინ არიან ესენი? მგონი, ყველა, იმიტომ, რომ ყველა ჩვენ გვებრძვის. ჩვენი ფასი კი საკმაოდ ძვირია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კოლეგები ფასს გვიგდებენ, "ოცნებას" ჩვენთან არასდროს უწევს ვაჭრობა.
- სულ ამბობდით, რომ "ოცნება" "ნაციონალებთან" არის გარიგებულიო, ახლა რა შეიცვალა? - არაფერი, პირიქით, ეს ეჭვი უფრო მეტად გამიღრმავდა. საერთოდაც მგონია, ყოველდღიურად კომუნიკაცია აქვთ, რომ რამე არ შეეშალოთ. აბა, როგორ შეიძლება პროდასავლურ საზოგადოებაში, ხელისუფლება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ანტიდასავლურ კურსს აწვებოდნენ და ამას დაუფარავად ამბობდნენ. ერთმა ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ევროპისა და ამერიკის ძალისხმევით შედგა, მეორე ადგა და შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. აი, ასეთი პოლიტიკური რეალობა შეგვიქმნეს "ოცნებამ" და "ნაციონალებმა". თუ შევძელით და დავანახეთ ხალხს ეს რეალობა, წესით, ორივემ სერიოზული ელექტორალური დარტყმა უნდა მიიღოს. ორივე ძალა საკუთარ პარტიულ ინტერესებს ემსახურება, ცდილობენ შუა გაკრიფონ და "ქოცი" ან "ნაცი" გაგვხადონ, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არა ეს.
- შუა ხომ ისედაც გაკრეფილი იყო, რისთვის დასჭირდა ახლა "ქართულ ოცნებას" 19 აპრილის შეთანხმების ანულირება? - იმისთვის, რომ 43%-იანმა ბარიერმა შეაშინა და ამასთან, არ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში რაიმე შეეცვალა უკეთესობისკენ.
- ერთ ინტერვიუში მითხარით, როგორც კი "ოცნებას" რაიმე გაუჭირდება, სააკაშვილი გამოვარდება და თავისი განცხადებებით საპროტესტო მუხტს ააგდებსო. სააკაშვილი ამჯერადაც განაცხადა, რომ ჩამოვა. - იმ თეორიის მიხედვით, სადაც "ოცნება" და "ნაციონალები" შეკრული არიან, სააკაშვილის აქ ჩამოსვლა არავის არ სჭირდება. მთავარია, შორიდან იძახოს მოვდივარო და ამით დაზაფროს საზოგადოება. ამაშია მათი გარიგების არსი.
- დასავლელი პარტნიორები არ აპატიებენ "ქართულ ოცნებას" შეთანხმების ანულირებას, თუ როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მათთან ყველაფერი შეთანხმებულია. - არაფერი არ გამიკვირდება, უბრალოდ, მეშინია, საერთოდ არ ჩაიქნიოს ჩვენზე ხელი დასავლეთმა.
- პოლიტიკური რეალობის შეცვლით თქვენთვის რა შეიცვალა თვითმმართველობის წინასაარჩევნო სამზადისის თვალსაზრისით? - პოლიტიკური პროცესი რეალური პრობლემებიდან კიდევ ერთხელ გადაერთო რაღაც სისულელეზე, მაგრამ ჩვენ მაინც ვაპირებთ კონკრეტულ პროექტებზე დამყარებული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, სადაც მოქალაქეებს ავუხსნით, რა არის გასაკეთებელი და როგორ გავაკეთებთ.
ხათუნა ბახტურიძე