"არ ვიცი, ვიღაცებს რატომ ჰგონიათ, რომ "თავში მაქვს ავარდნილი" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ვიღაცებს რატომ ჰგონიათ, რომ "თავში მაქვს ავარდნილი"

"საერთოდ არ მესმის, ეს ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა რა წესია?!"

ძალიან ლაღი, ჭკვიანი და ლამაზი - ასეთია ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ყველამ სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" გავიცანით. რუსკა ამაყობს, რომ თავისუფალ საქართველოში გაზრდილი თაობის წარმომადგენელია და დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ჩვენს სამშობლოში ბევრ რამეს შეცვლის:

- რუსკა, ვიცი, რომ წელს აბიტურიენტი იყავი და გამოცდები უკვე ჩააბარე. რომელი პროფესია აირჩიე?

- ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. მგონი, გამოცდებზე ყველაფერი კარგად დავწერე და პასუხს სულმოუთქმელად ველოდები. განვლილი ერთი წელი ძალიან დაძაბული იყო, რადგან ჩვეულ რიტმში ვმუშაობდი და ამის პარალელურად, სწავლაც უნდა მომესწრო. ამიტომ ზოგჯერ გადასაღებ მოედანზეც ვმეცადინეობდი. ხშირად ღამითაც ვკითხულობდი ხოლმე, მოკლედ, ბევრს ვშრომობდი.

- რატომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი?

- გადავწყვიტე ორი პროფესია მქონდეს: მინდა საქართველოში ჟურნალისტიკა შევისწავლო, მერე კი სწავლას საზღვარგარეთ გავაგრძელებ და იქ აუცილებლად თეატრალურზე ჩავაბარებ. ლამის ტელევიზიაში გავიზარდე, ჟურნალისტიკაში უკვე ბევრი რამ ვიცი და გადავწყვიტე ეს საქმე უფრო ღრმად, პროფესიულად შევისწავლო.

- იმ თაობას ეკუთვნი, რომელიც საკუთარ შემოსავალზე ფიქრს ძალიან ადრე იწყებს. პირველი ანაზღაურება თუ გახსოვს?

- როგორ არა, პირველი ხელფასი 13 წლისამ ავიღე - 1.000 თუ 1.500 ლარი. ეს მაშინ არც ისე ცუდი თანხა იყო. ეს იყო ჩემი პირველი ჰონორარი, რომელიც "ხელოვნურ სუნთქვაში" მონაწილეობისთვის მომცეს.

- შენი დაკვირვებით, რატომ უპირისპირდებიან ქართველები ერთმანეთს და საიდან მოდის ამხელა აგრესია და სიძულვილი? - ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ თავისუფლება გარყვნილებას ნიშნავს და მხოლოდ ცუდთან ასოცირდება. თავის მხრივ, ამ თვალსაზრისს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და კონფლიქტიც ასე წარმოიშობა. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ განსხვავებული მოსაზრების ან იმიჯის მქონე ადამიანებს ვერ ვიღებთ. როცა ქართველები ერთმანეთთან მშვიდად ლაპარაკს მოვახერხებთ, ამის მერე შეიძლება ბევრი რამ მოწესრიგდეს. ჩემი აზრით, განსხვავებული აზრის მიუღებლობაა ყველაფრის თავიდათავი. ჩვენმა თაობამ ეს უნდა შეცვალოს. უნდა მივაღწიოთ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ერთმანეთის აზრი დავაფასოთ. დარწმუნებული ვარ, თაობა, რომელიც თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, ბევრ რამეს შეცვლის.

- რას ფიქრობ, როცა ადამიანს ჩაცმულობისა და იერის მიხედვით აფასებენ?

- მრცხვენია, რომ ამ თემაზე ჯერ კიდევ გვიწევს ლაპარაკი. ადამიანს რა სიგრძის კაბა აცვია, რამდენი ტატუ აქვს და რა ფერზე აქვს თმა შეღებილი, 21-ე საუკუნეში ამაზე ლაპარაკი სირცხვილია. დიახ, ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ვიღაც მეორე ადამიანს თავისი სტანდარტების მიხედვით აფასებს. ძალადობას ხომ ვერაფერი ამართლებს!

- აგრესია და სიძულვილი ყველაზე მეტად სოციალურ ქსელებში იგრძნობა. როგორ პასუხობ მტრულად განწყობილ ადამიანებს? - უსიამოვნო კომენტარების კითხვა მეც ხშირად მიწევს, მაგრამ არ ვპასუხობ. იცით, ყველაზე მეტად რას მსაყვედურობენ? - ჯერ 18 წლის ხარ და ამდენი მაკიაჟი რად გინდაო... როგორც ჩანს, ინფორმაცია არა აქვთ, რომ ეს ჩემი სასცენო იმიჯია. ყოველდღე არც მიყვარს მაკიაჟის გაკეთება, მაგრამ გადაცემებში და გადაღებებზე საჭიროა. ყველას ხომ ვერ ავუხსნი, რომ ტელევიზიაში არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა გამოიყურებოდე? 159 ათასი გამომწერი მყავს და ამას ყველას ხომ ვერ ვეტყვი? თუ ვინმე რაღაცას გულით მირჩევს, ყოველთვის ვპასუხობ და მის შენიშვნასაც ვითვალისწინებ, არ ვიცი, ვიღაცებს რატომ ჰგონიათ, რომ "თავში მაქვს ავარდნილი". ადამიანზე წარმოდგენა როგორ უნდა გაგიჩნდეს, როცა არ იცნობ? სანამ ადამიანს პირადად არ გავიცნობ, არც სხვის მონაყოლს ვუჯერებ და არც შეფასებებს ვენდობი. თუ ადამიანი არ გავიცანი, მასზე შთაბეჭდილებას წინასწარ არ შევიქმნი, მით უმეტეს, ვერ გავლანძღავ. საერთოდ არ მესმის, ეს ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა რა წესია?!

- როგორ ფიქრობ, ყველაზე ხშირად რა კატეგორიის ხალხი ილანძღება? - ვისაც თავისი საქმე აქვს, საიმისო დრო აღარ რჩება, რომ ვიღაცის მაკიაჟი, ჩაცმის სტილი ან სხვისი ცხოვრება გაარჩიოს. მგონი, ასეთ ადამიანებს თვითონ აქვთ დიდი პრობლემები და მერე ჯავრს სხვებზე იყრიან. შეუძლებელია შენი თავით იყო დაკავებული და ვიღაცას უთვალთვალო ან სოციალურ ქსელში ბოღმით სავსე კომენტარები წერო.

- ჩვენთან ვაქცინების გამოც კი ლანძღავენ ერთმანეთს. ამ საკითხზე რა აზრის ხარ? - ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, მე არ ავიცრა და ამით ვიღაცის ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნა. ყველა უნდა ავიცრათ - ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჩანს. ცუდია, რომ საკამათო თემას ყველგან ვპოულობთ და სულ ვცდილობთ ჩვენი აზრი ვიღაცას თავს მოვახვიოთ... ვისაც "ფაიზერი" ურჩევნია, "ფაიზერით" აიცრება, ვისაც ჩინური ვაქცინა მოსწონს, ჩინურით... ამის გამო სხვისი დამცირება როგორ შეიძლება? მაგალითად, მე "სინოვაკით" ვაპირებ აცრას, ხოლო ჩემმა დამ, "ფაიზერი" აირჩია. ვაქცინებზე ბევრი რამ წავიკითხე და ვნახე, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, თანაც ისეთი ძლიერი ვაქცინა, როგორიც "ფაიზერია", არა მგონია, ჩემს ასაკში საჭირო იყოს. ამიტომ გადავწყვიტე ჩინურით აცრა, სხვაგვარად ამ ვირუსს ვერ მოვერევით.

- როგორც ვიცი, კორონავირუსი უკვე გადაიტანე, რთული ფორმით გქონდა? - "კოვიდი" ნოემბერში გადავიტანე და ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს - ძალიან ცუდად ვიყავი. პოსტკოვიდური პერიოდის გადალახვაც ძალიან გამიჭირდა: მთელი ერთი თვე შფოთვითი აშლილობა და თავის ტკივილი მაწუხებდა. მთელი ჩემი ოჯახი ავად იყო და არ მინდა ეს ყველაფერი ხელახლა გამოვცადო! ალბათ, ფსიქოლოგიურადაც ვერ გავუძლებ, ისევ რომ შემხვდეს. ეს ახალი შტამი შეიძლება მე მარტივად გადავიტანო, მაგრამ ხომ შეიძლება ჩემი ბებო ან სხვა ვერ მოერიოს? ვიღაც სხვა, ვინც უკვე ასაკშია და თანმხლები დაავადებები აქვს? ამიტომ ჩემს ახლობლებს ყველას ვურჩევ აიცრან.

ყველა ჩემი მეგობარი, ვინც უკვე ორი დოზა გაიკეთა, თავს შესანიშნავად გრძნობს. "კოვიდი" შეიძლება აცრილსაც დაემართოს, მაგრამ შედარებით მსუბუქად. ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა აცრილებს შორის არც აღრიცხულა. აბა, როდემდე უნდა ვიყოთ ჩაკეტილი?! მჯერა, რომ ვაქცინაციის დასრულების შემდეგ ჩვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლება.

ხათუნა ჩიგოგიძე