"მოზარდებშიც ისევე უსაფრთხოა "ფაიზერი", როგორც მოზრდილებში"
შექმნილი ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროგნოზითა და რეკომენდაციებით "კვირის პალიტრას"ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი ესაუბრება.
- ინტერვიუ აშშ-ის პრეზიდენტის კომენტირებით დავიწყოთ: ჯო ბაიდენმა შტატების მთავრობებს მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც აიცრება, 100 დოლარი გადაუხადონ.
- ჯერ არ მომისმენია ეს ინფორმაცია, მაგრამ ამ ტიპის წახალისების მომხრე არ ვარ, რადგან ვთვლი, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ფული არ უნდა აიღოს. მეორე საკითხიცაა - იქ ამის რესურსი აქვთ, საქართველოში კი ამის განხილვაც შეუძლებელია. რაც შეეხება ჩვენთან მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს, ვერ ვიტყვი, რომ ხალხი უხალისოდ იცრება, არ ვიცი, რატომ არის ასეთი შეხედულება... ელვის სისწრაფით რეგისტრირდებიან ადამიანები და ვაქცინა, ფაქტობრივად, ქრება.
ახლა "ფაიზერს" მიანიჭეს უპირატესობა, მაგრამ მანამდე თუ ბევრი ადგილი არ იყო დაჯავშნილი, ეს იმიტომ, რომ ვაქცინა არ იყო. შესაძლოა, აცრების დაწყებისას, პირველი 2-3 კვირის განმავლობაში მართლაც არ იყო დიდი აქტიურობა, მაგრამ როცა რაღაც ახალია და, მით უმეტეს, ასეთი ტრაგიკული შემთხვევა ხდება (მედდის გარდაცვალება), ეს ბუნებრივია.
კი ბატონო, არიან ისეთებიც, რომლებიც არ იცრებიან და მათთან ბევრი მუშაობაა საჭირო, მაგრამ არა მგონია, ასეთი ხალხი ჩვენთან უფრო მეტი იყოს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჩვენთან შეფერხებები გამოიწვია იმან, რომ ან ვაქცინა არ იყო, ან ისმოდა დაპირებები, რომ ასეთი და ასეთი ვაქცინა შემოვიდოდა და ხალხი ამას ელოდებოდა. როცა შემოვიდა "ფაიზერი", ვნახეთ, რა მოხდა - ისეთი მოთხოვნა იყო, სისტემა გაიჭედა..
- დღევანდელი სურათით გაქვთ იმედი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება? - ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტი აიცრება, მაგრამ თუ ვაქცინა სტაბილურად იქნება, ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობის ადამიანები აიცრებიან. მართალია, ეს მაჩვენებელი დათქმულ 60%-ს მალე ვერ მიაღწევს, რადგან ვერც ვაქცინების რაოდენობა და ვერც ტემპი ამას ვერ გასწვდება, მაგრამ რაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს.
- დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, როგორი მეოთხე თუ მესამე ტალღის გაგრძელებას ელოდებით?
- ტალღების გამიჯვნას არ ვეთანხმები, ასეთი ტერმინი ეპიდემიოლოგიაში არ არსებობს. თანაც ვეღარ გავიგე, როდის მთავრდება და როდის იწყება ესა თუ ის ტალღა. კარგა ხანია, მეტ-ნაკლები ჩავარდნებით და აღმავლობებით ეპიდსიტუაცია ერთგვაროვანია. დიახ, ბოლო ხანებში მატების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ტალღას დავარქმევთ თუ გართულებულ ეპიდსიტუაციას, ყურადღება გვჭირდება, როგორც მოსახლეობას, ისე ჰოსპიტალურ სექტორს და ჯანდაცვის სამინისტროს.
- როგორ აგვისტო-სექტემბერს ელით?
- ალბათ, შემთხვევების რაოდენობა კიდევ მოიმატებს, თუმცა იმედი მაქვს, შარშანდელი ნოემბერ-დეკემბრის ნიშნულს არ მივაღწევთ, თუნდაც იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე აქვს იმუნიტეტი. იმედია, დღე-ღამეში 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ გვექნება.
- რა შემთხვევაში არ შეიძლება აცრა? - მხოლოდ მაშინ, თუ პირველი დოზით აცრისას განვითარდა მძიმე ალერგიული რეაქცია. სხვა საწინააღმდეგო ჩვენება არ არსებობს.
- როგორ მოვემზადოთ აცრისთვის? ათასი მითი გავრცელდა ამ საკითხზე... - არავითარი მომზადება აცრას არ სჭირდება. მივდივართ და ვიცრებით.
- მაგრამ წინასწარ რაღაც ანალიზებს იღებენ... - არავითარი ანალიზი საჭირო არ არის. ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს.
- არც ანტისხეულების შემოწმებაა საჭირო? - ანტისხეულებს იმიტომ იმოწმებენ, რომ აინტერესებთ, გამოუმუშავდათ თუ არა და რამდენი აქვთ, რაც, კი ბატონო, შეუძლიათ, მაგრამ ეს კლინიკურად აუცილებელი არ არის. D-დიმერს იმოწმებენ და ესეც უაზრო აკვიატებაა, არ ვიცი, საიდან მოიტანეს.
- როგორ უნდა ავირჩიოთ ვაქცინა? - ახლა "ასტრაზენეკა" ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც პირველი დოზით აიცრა. სხვებისთვის ხელმისაწვდომია: "სინოვაკი", "სონოფარმი", "ფაიზერი". არჩევანთან დაკავშირებით ზუსტი რეკომენდაციები არ არსებობს. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ყველას ინდივიდუალურად შეუძლია გადაწყვიტოს, რომელს აირჩევს. ზოგს დასავლეთევროპული და ამერიკული ბრენდები ურჩევნია, ზოგს - ჩინური. ერთადერთი დამატებითი რეკომენდაცია არსებობს "ფაიზერზე". ორსულების, მეძუძური დედებისა და 16 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით მხოლოდ ამ ვაქცინის კვლევებია ჩატარებული, ამიტომ ნახსენებ შემთხვევებში მხოლოდ მისი გამოყენება შეიძლება; ჩინური ვაქცინები ამ სამ კატეგორიაში გამოკვლეული არ არის.
- ბევრი მშობელი მაინც თავს იკავებს შვილების აცრაზე... - მშობლებს შეიძლება გავუგოთ - ვრცელდება ათასგვარი ინფორმაცია, ვაქცინები ახალია, რამდენიმეწლიანი გამოცდილება არა გვაქვს და ეს მათ აფიქრებთ, თუმცა მოზარდებთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩატარდა და დღევანდელი მონაცემებით, მოზარდებშიც ისევე უსაფრთხოა "ფაიზერის" ვაქცინა, როგორც - მოზრდილებში. რაც შეეხება იმას, აცრის თუ არა შვილს მშობელი, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ჩემი აზრით, შვილები აუცილებლად უნდა ავცრათ, რადგან თუ მოგზაურობას ვაპირებთ, აცრის გარეშე ბარიერი შეგვექმნება.
თუ ელით, რომ აცრით მოზარდი აღარ დაინფიცირდება და ოჯახის სხვა წევრებს არაფერს გადასდებს, ეს გარანტირებული არ არის, სამწუხაროდ. დაინფიცირება შესაძლებელია, თუმცა მისი გართულების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში, დაბალია. მე მენტორული კილოთი ვერ მოვუწოდებ ადამიანებს აიცრან, მაგრამ შემიძლია ვუთხრა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ეს ვაქცინა უსაფრთხოა. დანარჩენი მშობლების გადასაწყვეტია.
- დელტა შტამი და მისი თავისებურებები... - დელტა შტამი 50%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ყნოსვის და გემოს დაკარგვაც ნაკლებად ახასიათებს; უფრო ხშირია სურდო, რაც არ ახასიათებდა "კოვიდის" სხვა შტამებს. დელტა შტამის წინააღმდეგ "ფაიზერის" ვაქცინის ეფექტიანობა 88%-ია, "ასტრაზენეკასი" - 60%. ჩინური ვაქცინების შესაბამისი მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ვაქცინა გვიცავს გართულებისა და სიკვდილისგან.
- ამბობენ, რომ კორონავირუსით გარდაცვალება ყველაზე ხშირია იმ რეგიონებში, სადაც ჰაერი დაბინძურებულია. ასეა? - ასეთი კვლევები და სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ამ ინფორმაციაში ლოგიკა შეიძლება იყოს. საქმე ის გახლავთ, რომ ჰაერის დაბინძურების დროს ფილტვის დაავადებების მაჩვენებელი მაღალია, ამიტომ შეიძლება ასეთი ადგილების მოსახლეობაში გავრცელებული იყოს ფილტვის ქრონიკული დაავადებები და უფრო ხშირი - "კოვიდის" გართულებებიც.
- კოვიდგადატანილების ინტელექტის დაქვეითება მითია თუ რეალობა? - ეს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ითქვა, მაგრამ ჯერჯერობით ამის მყარი მტკიცებულებები არ არსებობს.