"ოცნებამ" შეთანხმებიდან გასვლა იმიტომაც გაბედა, რომ ხედავს, რამდენად უუნარო და დაქსაქსულია ოპოზიცია" - კვირის პალიტრა

"ოცნებამ" შეთანხმებიდან გასვლა იმიტომაც გაბედა, რომ ხედავს, რამდენად უუნარო და დაქსაქსულია ოპოზიცია"

შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების გამო "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის აზრით, მმართველი გუნდი შეთანხმებას იმიტომ გამოეთიშა, შეეშინდა, რომ მომავალ არჩევნებზე 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავს, რასაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვება. რას მოასწავებს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება და რეალურია თუ არა ევროკავშირსა და ნატოსთან დაშორების საფრთხე; როგორია ამ ვითარებაში ოპოზიციის როლი - ამ საკითხებზე პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრა.

- ვფიქრობ, "ოცნების" გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს: რაღაც ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მათ საერთაშორისო პარტნიორებთან გაუფუჭდათ ურთიერთობა. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც ამერიკამ და ევროპამ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვნის გამო გააკრიტიკეს.

მოსამართლეების საკითხის დეტალებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს "ოცნება" მიიჩნევდა, რომ მოსამართლეების დანიშვნით პირობებს არ არღვევდა. შესაძლოა ფორმალურად მართლა არ არღვევდა, მაგრამ მათი ქმედება დოკუმენტის სულისკვეთებას არ გამოხატავდა. ერთი სიტყვით, როდესაც გააკრიტიკეს, არ მოეწონათ. ამის გამოხატულება იყო ირაკლი კობახიძის განცხადებაში ერთი ფრაზა, დასავლეთი რატომ არაფერს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყანას არყევსო. ამით ის თქვა, ჩვენ თუ "გვაწვებით", იმავეს რატომ არ აკეთებთ "ნაცმოძრაობის" შემთხვევაშიო. ეს უკვე შეცდომაა, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ბევრად მეტი მოეკითხება მმართველ პარტიას, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც მართლაც რადიკალიზმითაა ცნობილი.

შეთანხმებიდან გასვლის მეორე მიზეზი ის არის, რომ არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობა გამოაცალეს, აღარ არის მიბმული ადგილობრივ არჩევნებზე დათქმა 43%-ზე და ვადამდელი არჩევნები. შესაბამისად, ოპოზიციას არჩევნებისთვის ძალის მობილიზება გაუჭირდება და ვფიქრობ, ამითაც აიხსნება სააკაშვილის განცხადება, ჩამოვდივარო, სურს არჩევნებისთვის ოპოზიციის ბრძოლას აქტუალურობა და სიმწვავე დაუბრუნოს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, მართლა ჩამოვა თუ არა. მგონი, თვითონაც არ იცის...

ასეთ ვითარებაში "ოცნება" ყველანაირად ეცდება ამ არჩევნებში ხმების 43% აიღოს, რადგან ამაზე ნაკლები თუ აიღო, სამართლებრივად არა, მაგრამ პოლიტიკურად პრობლემები შეექმნება, მისი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

- რამდენად შეძლებს "ოცნება" ამის მიღწევას ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ? - ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი მხარე უფრო ნაკლებ სისულელეს ჩაიდენს. სამწუხაროდ, საზოგადოება პოლიტიკოსების გონივრული გადაწყვეტილებებით კი არა, უგუნური და სულელური მოქმედებებით არის განებივრებული. ამაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამიტომ მოგებული ის იქნება, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

- "ოცნების" გადაწყვეტილებას ევროპისა და ამერიკის მკაცრი შეფასებები მოჰყვა. რა დასკვნები შეიძლება გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა და რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ? - მიშელის განცხადების პათოსი და შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო - ძალიან ბევრი ვეცადე, მაგრამ თქვენგან არაფერი გამოვა, ამიტომ ყველამ თავი დამანებეთო. "ოცნებას" რომ ევროკავშირის არ ეშინია, არაერთხელ გამოჩნდა. ყველაზე მძიმე ნაბიჯი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის ფინანსური დახმარების შეწყვეტა. იმედია, საქმეს აქამდე არ მიიყვანენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქვეყანა დაზარალდება, თორემ "ოცნებასა" და ოპოზიციის ზოგიერთ წევრს რა უჭირს... უფრო საინტერესოა, როგორია ამერიკის რეაქცია. სანქციებს არც ვაშინგტონიდან ველოდები, მაგრამ ამერიკელების გაბრაზებას მარტივად არასდროს ჩაუვლია. ამას ისტორიაც ადასტურებს. მათ არ უყვართ, როდესაც ატყუებენ, ან თავად მიიჩნევენ, რომ მოატყუეს.

შესაძლოა "ოცნება" ასე არ მიიჩნევს, მაგრამ მთავარია, ამერიკა როგორ ხედავს პროცესებს და ეს მმართველი გუნდისთვის კარგი არ იქნება. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე დაიწყება დახურულ კარს მიღმა მუქარა და ზეწოლა, მკაცრი რეაგირება. შემდეგ, თუ ძველებურად გაგრძელდება, შესაძლოა ფინანსური დახმარების შეწყვეტის საკითხი დადგეს. თუმცა ამას ჯერ არ ველოდები, მაგრამ, თუ "ოცნებამ" ამერიკა ვერ დაარწმუნა, რომ არ მოუტყუებია, მერე ნურაფერს გამოვრიცხავთ. მიუხედავად იმისა, მმართველ გუნდში საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში რამდენიმე ჩახედული, განათლებული კადრია, შესაძლოა მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე საკმარისი გავლენა არა აქვთ. ასე რომ არ იყოს, ისეთ სისულელეს არ დაუშვებდნენ, როგორიც თუნდაც მიშელის შეთანხმებიდან გასვლაა.

- პრეზიდენტისა და შარლ მიშელის არაოფიციალურ შეხვედრას შესაძლოა ამ ფაქტთან კავშირი ჰქონდეს? - არ არის გამორიცხული, რადგან მათი შეხვედრა საეჭვოდ დაემთხვა. სალომე ზურაბიშვილს მაინც აქვს თავისი ბერკეტები. ამასთან, იცის, როგორ უნდა ელაპარაკოს ევროპელებს, რასაც იქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ამან ითამაშა როლი იმაში, რომ მიშელის განცხადება არ იყო ისეთი მწვავე, როგორსაც ზოგიერთი ელოდა.

- საზოგადოების ნაწილის ვარაუდით, შესაძლოა "ოცნების" გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში პოლარიზაცია უფრო გაამწვავოს. - ამაზე მეტი რა უნდა გაამწვავოს? ნორმალურ ქვეყანაში ეს უკვე ითვლება უმძიმეს ვითარებად, რადგან ქვეყანაში, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მშვიდდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია მტკივნეული, მაგრამ ეფექტიანი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარება. მას ხანდახან არაპოპულარული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები სჭირდება, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლარიზაციაა, ნებისმიერი პატარა ნაბიჯიც კი ისტერიკას იწვევს და სახიფათო რყევები მოჰყვება.

მაგალითად, ცხინვალის რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე ზოგიერთმა სამარცხვინო ამბავი ატეხა, არიქა, მოსკოვთან გარიგება მოხდაო. ეს არის პოლარიზაციის შედეგი. ორივე პოლიტიკურ მხარეს და ზოგჯერ მათ მხარდამჭერებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა დაკარგული აქვთ და მზად არიან, ერთმანეთს ყველანაირად ამაზრზენი რამ დააბრალონ, ოღონდ მოწინააღმდეგე დააკნინონ და ხალხის თვალში ქულა მოიპოვონ.

საბედნიეროდ, ხანდახან აღმოჩნდება, რომ საზოგადოება უფრო ადეკვატურია, მისთვის პოლიტიკურ ორომტრიალსა და ვიღაცების პირად ინტერესებზე მაღლა სამშობლოს კეთილდღეობა, ქვეყნის ინტერესები დგას. ეს თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აჰყვა. ამიტომ ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ქართველი საზოგადოება უკეთესს იმსახურებსო და ორივე პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ ქვეყნის ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენონ, რამდენიმე თვეა ცდილობენ სტაბილურობისკენ გაგვათრიონ, რაზეც მავანი პასუხობს, ჩვენს პრობლემებს თავად მივხედავთო.

- შეიძლება "ოცნების" გადაწყვეტილება ევროპულ ოჯახში მოხვედრის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყოს? - ჯერჯერობით ამას ვერ ვიტყვი... ვფიქრობ, ევროპასაც და ამერიკასაც ჯერ კიდევ აქვთ ბერკეტები, რომ ხელი არ გაგვიშვან. ისინი ხედავენ საზოგადოების განწყობასა და დამოკიდებულებას ამ სამყაროს მიმართ. ჩვენ ვისწრაფვით დასავლეთისკენ, სურს თუ არა ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას. სხვა ბევრ შეცდომასთან ერთად, ამ ხელისუფლების, როგორც მისი წინამორბედების, ნაკლი ისიც არის, რომ ევროპის სიკეთეები მოსახლეობას სწორად ვერ დაანახეს. ახლა ეს ადვილი აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, ქართველი ბიზნესმენების დიდი ნაწილი რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, არასტაბილურია, მაგრამ შესვლა იოლია. მისგან განსხვავებით, ევროკავშირის ბაზარში შესვლა ძნელია. მეორე და არანაკლებ მთავარია რუსული პროპაგანდა, ევროპა არის გარყვნილება და გეიქორწინებაო, მუშაობს. თუმცა, ვფიქრობ, დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი დალაგდება. ხალხი უკვე ხედავს, სად არის სიმართლე.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც ევროპის გაიდეალება შეიძლება. არც იქ არის ყველაფერი კარგად. პორტუგალია, შვედეთი, უნგრეთი, და სხვა ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, არც ერთი ქვეყანა ერთგვაროვანი არ არის. ჩვენს საზოგადოებას სჩვევია ყველაფრის ასი პროცენტით გაიდეალება, მაგრამ ერთნაირად უზადო ინსტიტუციები არც იქ არის. თუმცა ამ რეალობაში, რაც ახლა მსოფლიოშია, ევროპა ყველას სჯობია. აუცილებელი არც არის ყველაფერში მას მივბაძოთ, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების წესში ბევრი პრობლემა გვაქვს. ეს იგრძნობა თუნდაც საგზაო მოძრაობის წესების დაცვაში, მიუსაფარი ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაში და სხვ. როდესაც საზოგადოებაში ასეთი პრობლემებია, ყველაფრის ერთბაშად გადმოღება აუცილებლად შექმნის პრობლემებს...

ამასობაში, რეგიონში ახალი რეალობა გვაქვს. სანამ ჩვენ შიდაპრობლემებით ვართ დაკავებული, რუსეთი და თურქეთი თავიანთ საქმეს აკეთებენ.

სიმართლე უნდა ვთქვათ - რუსეთს დიდად არ სჭირდება განსაკუთრებული ზომები და ბერკეტები იმისთვის, რომ ჩვენ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. ამას ჩვენით ვაკეთებთ. სანამ ქვეყანაში დაუსრულებელი გამიშვი-გამატარეა, ქვეყანა ვერ განვითარდება. რუსეთი შორიდან გვიყურებს და ძალიან კმაყოფილია. დამატებითი რესურსი და დრო რატომ უნდა დახარჯოს, როდესაც მის საქმეს თავად ვაკეთებთ? ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ვის სცალია ამისთვის? დღეს სახელმწიფო ატარებს იმ პოლიტიკას, რაც 2009-2010 წლებში გვქონდა.

ოპოზიცია და ხელისუფლება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე უნდა შეთანხმდნენ, მაგრამ ამ ქაოსსა და პოლარიზაციაში საკუთარი ინტერესების იქით არაფერი ახსოვთ. ყოველ წუთსა და ნაბიჯზე ერთმანეთს მოღალატესა და გამყიდველს ეძახიან. ევროპა გვეხვეწება, თქვენთან ვართ, ოღონდ როგორმე სიჯიუტე დასძლიეთო... არა! ორივე მხარე ერთმანეთის ჯიბრზე სისულელეებს სჩადის.

- ხელისუფლების შეცდომების კვალდაკვალ, როგორია ოპოზიციის რესურსი? - ოპოზიცია ვერ დალაგდა. "ოცნებამ" ამ შეთანხმებიდან გასვლა იმიტომაც გაბედა, რომ ხედავს, რამდენად სუსტი, უუნარო და დაქსაქსულია ოპოზიცია. წვალობს, მაგრამ ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავს. ამის დემონსტრირება იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ოთხი ოპოზიციური ტელეარხი გაერთიანდა და ქუჩაში ბევრი ხალხი მაინც ვერ გამოიყვანეს. მათი თავმოუბმელობა და დაქსაქსულობა იმაშიც გამოჩნდა, რომ ბოლო დღეებში, როდესაც მათთვის ვითარების შემოსაბრუნებლად ძალზე ხელსაყრელი დრო იყო, ერთმანეთის ლანძღვა-გინებით იყვნენ დაკავებული. ისევ პარლამენტში შესვლა-გამოსვლა-დარჩენაზე ძიძგილაობენ. და რაც მთავარია, ხალხი ამას ხედავს... ამ ვითარებაში გახარია სრულიად სხვა თამაშს თამაშობს. მისი პარტიის წევრები ამ არაფრისმომცემ კინკლაობაში არ ებმებიან და ტელედებატებზე, სხვებისგან განსხვავებით, ისტერიკას არ აწყობენ, ცდილობენ საქმეზე ისაუბრონ. ასე რომ, არჩევნებში "ნაციონალებზე" მეტ ხმას მაინც ვერ აიღებენ, მაგრამ მესამე ძალად დაფიქსირდებიან. ამის ნიშნები აშკარაა.