"უილიამ ჰელბერნი იყო პირველი, ვინც სტუდიური სტილის წინააღმდეგ გაილაშქრა" - კვირის პალიტრა

"უილიამ ჰელბერნი იყო პირველი, ვინც სტუდიური სტილის წინააღმდეგ გაილაშქრა"

ოლეგ კასინის, "კადილაკის", "კრაისლერის" და სხვა სახელგანთქმული კომპანიების ფოტოგრაფი, 46 პროფესიული ჯილდოს მფლობელი უილიამ ჰელბერნი მოდის სფეროში აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ნიუიორკელი ბიჭის ფოტოებში ყველაზე კარგად მისი ქალაქის თავისებურებებია ასახული. კრიტიკოსები ფოტოხელოვნებისადმი მის ახლებურ მიდგომას სარეკლამო ბიზნესში რევოლუციას უწოდებენ. სწორედ უილიამის წყალობით დღეს რეკლამა აღარ არის ისეთი, როგორიც გასული საუკუნის დასაწყისში იყო. ნოვატორი ფოტოგრაფი ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი - 1961 წელს ფლორიდაში გამართულ რბოლაში მან გრან-პრიც მოიპოვა. მის სახელს უკავშირდება ჰიროსიმის დაბომბვის პირველი ტრაგიკული კადრების გავრცელებაც. სახელოვანი ფოტოგრაფი გასული წლის ნოემბერში, 96 წლისა გარდაიცვალა, თაობებს კი დარჩა მისი ფოტოები, როგორც გზამკვლევი ფოტოხელოვნებაში. უილიამ ჰელბერნზე მისი ბიოგრაფი და წიგნის ავტორი რობერტ ლილი "კვირის პალიტრას" ესაუბრება.

"მისი ფოტოები ნიუ-იორკით სუნთქავს"

- როდესაც უილიამ ჰელბერნის შესახებ წიგნზე დავიწყეთ მუშაობა, თავდაპირველად მისი რევოლუციური ხედვით დავინტერესდით. წიგნიც ასე იწყება: "ფოტოგრაფი ცნობილია, როგორც შემოქმედებითი ცვლილებების მოყვარული". 1950-60-იან წლებში რეკლამისადმი მისმა ახლებურმა მიდგომამ მთლიანად შეცვალა როგორც დამკვეთის, ასევე შემსრულებლების ხედვა. შემოქმედებითი რევოლუცია სარეკლამო სფეროში 1949 წელს დაიწყო სააგენტო "დოილ დეინ ბერნბახის" ინიციატივით, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სფერო მახვილგონივრული ფრაზებისა და ავანგარდული დიზაინის გამოყენებით. ამან საბოლოოდ უკუაგდო იმ პერიოდში დამკვიდრებული რეკლამების კონსერვატორული სტილი. ჰელბერნმა კი სწრაფი კონცეპტუალიზაციით სარეკლამო იდეა გახადა უფრო დამაჯერებელი, მიმზიდველი. სწორედ ამან განაპირობა ნიუ-იორკის სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოსთვის მისი ყველაზე პოპულარულ ფოტოგრაფად ქცევა. ის იყო პირველი, ვინც სტუდიური შეზღუდვებისა და სტილის წინააღმდეგ გაილაშქრა. უილიამი ბუნებრივი განათების მომხრე იყო. არ არსებობდა წინასწარ დადგმული განათება, ის ყოველთვის თავად დგამდა განათებას. როგორც ამბობდა: "კადრს უკან სინათლე არის ის, რაც მე შევქმენი".

- უილიამ ჰელბერნმა და თედ ქრონერმა გადაიღეს პირველი ფოტოები ჰიროსიმის აფეთქების დროს. როგორ მოხვდნენ იქ? - უილიამი მეორე მსოფლიო ომის დროს მოხალისედ წავიდა ამერიკის ჯარში იმ იმედით, რომ პილოტად ემსახურა, მაგრამ სინუსიტის პრობლემამ ხელი შეუშალა და უილიამი თედთან ერთად 949-ე საინჟინრო ავიაციის ტოპოგრაფიულ კომპანიაში გაგზავნეს გუამის ტერიტორიაზე, სადაც ისინი სწავლობდნენ ნაბეჭდი მასალების მომზადებასა და რუკებზე მუშაობას. 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაზე ბირთვული შეტევისას პირველი იერიში მიიტანა ბომბდამშენმა "B-29 Eნოლა Gაყ". ფირი, რომელზეც აფეთქება იყო ასახული, დასამუშავებლად გუამში გაიგზავნა და უილიამი აღმოჩნდა პირველი, ვინც ეს ფირი გაამჟღავნა... ერთხელ გამომიტყდა, როდესაც კადრები ვნახეთ, ისეთ შოკში ვიყავით, აზრზე ვერ მოვედით, რას ვხედავდითო..."როდესაც ნიუ-იორკში დაბრუნდა, გადაწყვიტა ფოტოგრაფიაში ეცადა ბედი და თვეში 28 დოლარად იქირავა სტუდია ცენტრალ პარკის ცხენების სადგომთან. თავდაპირველად საცდელი ფოტოების გადაღება გადაწყვიტეს - 20 ცენტი ერთი ფოტო. ამბობდა, ჩვენთან ტოპმოდელები არ მოდიოდნენ, მაგრამ თუ კარგ ფოტოს გადაუღებდი, მეგობრებიც მოჰყავდათო. მათი პირველი მოდელები სტუდიაში გრეის კელი და ტიპი ჰედრენი იყვნენ.

- უილიამ ჰელბერნი იყო ნიუიორკელი ბიჭი, რაც მის ფოტოებშიც აისახა. - უილიამი ნიუ-იორკს სიურრეალისტური სტილით გადმოგვცემს - მოდელებს ავტობუსის სახურავსა და ტაბურეტებზე აყენებს ქუჩებში. უყვარდა კონტრასტები - ცენტრალ პარკში სცენაზე მდგარი მოდელები, ჰუსარები და ქალბატონები. მან ჩვენს წიგნში აღნიშნა: "ძალიან ბევრი ფოტო, რომლებიც სამოთხეში გადაღებულს ჰგავს, ცენტრალ პარკში გადავიღე". უილიამის ფოტოები ნიუ-იორკით სუნთქავს.

- ერთ-ერთი ცნობილი ფოტოა "წითელი კანოე", რომელიც გადაიღეს კომპანია შუპიმა-სთვის (კოტონის სარეალიზაციო კომპანია). - "წითელი კანოე" გრამერსი პარკში, ნიუ-იორკში გადავიღეთ. უკანა ფონზე მოჩანს სახლი, რომელიც ამერიკელი ფინანსისტისაა. ჩვენ ვიქირავეთ "როლს როისი"... რადგან რეკლამა ეხებოდა კოტონის მწარმოებელ კომპანიას, მოდელს, ბარბარა მიულენს, შუპიმა-ს კაბა ეცვა. უილიამი იხსენებდა: "ყოველთვის მაინტერესებდა, რას გააკეთებს მდიდარი კაცი, თუ მან ტბაზე პაემანზე დაპატიჟა გოგონა? ის აუცილებლად საკუთარ კანოეს მიიტანს ტბაზე და იქ ჩასხდებიან". სწორედ ეს სიუჟეტი ჩანს ფოტოში. გოგონა ელოდება მეწყვილეს და ერთად, თავიანთი კანოეთი, გეზს ტბისკენ იღებენ. უილიამის შემოქმედებაზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა. მას უყვარდა ჯაზი - სტენ კენტონი და კაუნტ ბეისი. მას ჰქონდა თავისი ბილიარდის მაგიდა ნიუ-იორკის ცნობილ საბილიარდოში, 52-ე ქუჩაზე და მეგობრობდა ჯაზმენებთან. ბევრ მის ფოტოში აისახა მუსიკის ჰანგები და იმ პერიოდის ბოჰემა. უილიამ ჰელბერნის საჩუქარი მსოფლიო ფოტოგრაფიისთვის არის წარმოსახვის

მრავალფეროვნება და იუმორი.

გამოუსწორებელი მექალთანე...

უილიამ ჰელბერნი ორჯერ იყო დაქორწინებული იმ პერიოდის ყველაზე ლამაზ მოდელებზე. მესამედ იტალიელ მოდელზე, ელსა მარტინელიზე იქორწინა. რობერტ ლილი იხსენებს, რომ თავდაპირველად წიგნზე მუშაობისას უილიამმა ელსა ახსენა, როგორც თავისი ცხოვრების მთავარი სიყვარული, თუმცა წიგნზე მუშაობა ოთხი წელი გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში უილიამმა არა ერთი ქალბატონი მოიხსენია თავისი ცხოვრების სიყვარულად.

უილიამ ჰელბერნი ცნობილი იყო, როგორც მექალთანე, ამიტომ მოდელები ხშირად გადასაღებ მოედანზე მის ფლირტს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. 2014 წელს ჟურნალისტ გილიან მაკკეინთან ინტერვიუში უილიამ ჰელბერნი გულწრფელად ლაპარაკობს თავის გატაცებებზე და იუმორით იხსენებს კარიერის დასაწყისს. "ვამაყობ ყველა ქალით, ვისთანაც ვწოლილვარ... როდესაც ფოტოგრაფობა დავიწყე, ყველა ფოტოგრაფი გეი იყო, ასე რომ, უკონკურენტო აღმოვჩნდი. რესტორანში დესერტის მაგიდასთან მარტო რომ აღმოჩნდები, აი, ასე ვიყავი. ცოტა სასაცილოც კი იყო. თავი ყოველთვის ერთ მახინჯ ებრაელ ბიჭად მიმაჩნდა. აკნეს თავი ვერ დავაღწიე და, საერთოდ, მეგონა, ნორმალური გოგო ჩემთან არც გაივლიდა. ძალიან ქერას და დაბალს სკოლაში ყველა ზემოდან მიყურებდა. არასდროს მიფიქრია, თუ იმ ეპოქის ტოპმოდელები ჩემი შეყვარებულები იქნებოდნენ".

უილიამს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკელ მოდელსა და მსახიობ შერონ ტეიტთან. წიგნისთვის ჩაწერილ ინტერვიუში უილიამი იხსენებს: "მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მოდელებთან ფლირტი ჩვეულებრივი ამბავი იყო, ეს არასდროს ყოფილა შერონ ტეიტთან ურთიერთობაში. ჩვენ ვმეგობრობდით, მე მხოლოდ მასთან საუბარი, მის გვერდით ყოფნა მიხაროდა. ჩვენმა ურთიერთობამ გადასაღებ მოედანზე სულ სამი კვირა გასტანა. იმ პერიოდში რომან პოლანსკი იღებდა ფილმს "როზმარის ბავშვი" და ყოველდღე სთხოვდა შერონს, მისულიყო გადასაღებ მოედანზე, თუმცა ის ჩვენი ფოტოსესიების გამო უარს ეუბნებოდა. ყოველ დილას მაკითხავდა სახლთან, შემდეგ ერთად მივდიოდით სტუდიაში, რომელიც ძალიან ვიწრო იყო, თუმცა არასდროს დაუწუწუნია, პირიქით, ძალიან მეხმარებოდა და ხელს მიწყობდა გადაღებების დროს. როდესაც პოლანსკიმ ფილმზე მუშაობა დაასრულა, კალიფორნიაში დაბრუნდნენ. თვეში ერთხელ მეხმიანებოდა, შემდეგ - წელიწადში ერთხელ. ბოლოს მოხდა ის საზარელი ამბავი (1969 წლის 9 აგვისტოს შერონ ტეიტი საკუთარ სახლში, ოთხ სხვა ადამიანთან ერთად, მენსონების ოჯახმა"მოკლა. ტეიტი ამ დროს თავის და რომან პოლანსკის პირველ ვაჟიშვილს ელოდებოდა - ავტ.).