"ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით - იმედია, იგი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის აზრს"
"ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით. იმედია, იგი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისივე თქმით, "ლელომ" შარლ მიშელის დოკუმენტიდან "ქართული ოცნების" გასვლა შეაფასა, როგორც ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა და უპატივცემულობა არამხოლოდ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის, არამედ იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ჩართული იყვნენ ამ ხელშეკრულების შედგენაში.
"ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, რომელიც დაინიშნა ქალბატონი პრეზიდენტის მოწვევით და სურვილით. პარტია "ლელომ" შარლ მიშელის დოკუმენტიდან "ქართული ოცნების" გასვლა შევაფასეთ, როგორც ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა და უპატივცემულობა არამხოლოდ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის, არამედ იმ პარტნიორების, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ჩართული იყვნენ ამ ხელშეკრულების შედგენაში და გაფორმებაში. ამაში იგულისხმება როგორც მთელი ევროკავშირის ქვეყნები, შეერთებული შტატები და ის ქვეყნები, რომლებიც ინტენსიურად იყვნენ ამაში ჩართული. ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იმედია, იგი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას. იგი შეხვდა შარლ მიშელს იმავე საღამოს და ბუნებრივია, ამ თემაზე გვექნება საუბარი", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.