ხათუნა სამნიძე და მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

ხათუნა სამნიძე და მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი ხელისუფლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხი გახდა. ხათუნა სამნიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის მიერ დოკუმენტის ხელის მოწერაზე უარის თქმის საბაბად გამოყენება და თან ყველა ხელმომწერის "ერთ ყუთში ჩაყრა", რომ არავინ ასრულებს ხელშეკრულებას, არის ძალიან ბავშვური უპასუხისმგებლო არგუმენტი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან.

"ხელშეკრულება იყო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გვეთანამშრომლა კონკურენციის რეჟიმში, ზოგი მისცემდა რაღაცას ხმას, ზოგი არ მისცემდა რაღაცას ხმას, მაგრამ თითის გაშვერა, რომ არც ერთმა მხარემ ოპოზიციიდან არ შეასრულა პირობა, არის არასწორი, უპატივცემულობა. მესმის, რომ თქვენ გინდათ შავ-თეთი პოლიტიკა: თქვენ და "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ, იმიტომ, რომ სხვა მეთოდი არ იცით, სამწუხაროდ, 9-10 წელია ასეთი კამპანია ტარდება ამ ქვეყანაში, მაგრამ გაჩნდა მრავალფეროვნება. ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ქვეყანას წარმოადგენთ, ხელისუფლებაში ხართ, ხელი მოაწერეთ შეთანხმებას და იმის გამო, რომ რაღაც პუნქტის რომელიღაც ნაწილის შეგეშინდათ, ახლა თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩანაწერსაც უარყოფთ, ამასაც არ აპირებთ და ვერც კი ბედავთ, რომ თქვათ წინასწარ. ძალიან ცუდ ვითარებაში ვართ! თქვენ ისევ იმის გამო, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, ყველაფერზე მიდიხართ. მე გთხოვთ, რომ გადახედოთ უახლოეს წარსულს, გადახედოთ იმ ძალებს, რომლებიც ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდიოდნენ, რითი დაამთავრეს,"- მიმართა ხათუნა სამნიძემ უმრავლესობას.

ხათუნა სამნიძის განცხადების საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს არ შეეძლოთ შეთანხმების მთავარი მიზნის მიღწევა, პოლარიზების შემცირება, რის გამოც მოხდა დოკუმენტის ანულირება. მდინარაძის განმარტებით, ამ ნაწილში მთავარი აქტორი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და სწორედ ამიტომ მახვილდება ამ პარტიაზე ყურადღება.

"ყველამ ხომ ვიცით, რა იყო დეკლარირებული მიზანი ამ შეთანხმების - პოლარიზაციის შემცირება, დამშვიდება პოლიტიკური სიტუაციის. პოლარიზაცია შეამცირეთ? პოლარიზაციის შემცირებას თქვენ თუ უზრუნველყოფთ, მაშინ კიდევ ვილაპარაკოთ, მაგრამ თქვენ ამას ვერ უზრუნველყოფთ, იმიტომ, რომ არ ხართ თქვენ აქტორები. აქტორი, ამ შემთხვევაში, და გადამწყვეტი არის "ნაციონალური მოძრაობა", ამიტომ ვსაუბრობთ "ნაციონალურ მოძრაობაზე". თქვენ ვერ უზრუნველყავით პოლარიზაციის შემცირება, ანუ მიზანს ამ ხელშეკრულებამ ვერ მიაღწია, ამიტომ არის ის ანულირებული,"- მიმართა მდინარაძემ სამნიძემ.

თავის მხრივ, სამნიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს, რომ პოლარიზებას არ ასრულებს ოპოზიციური პარტია, სინამდვილეში ხელისუფლებაში არც არის.

"ხელისუფლებაში არ ყოფილხართ თქვენ! თქვენ გაქცევის უნარი გაქვთ, მეტი არაფერი! გაექეცით ვალდებულებებს!"- განაცხადა სამნიძემ.