"დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია დაინერგება, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს სამართლადარღვევის ფაქტზე მონაცემი მოგვაწოდოს" - კვირის პალიტრა

"დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია დაინერგება, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს სამართლადარღვევის ფაქტზე მონაცემი მოგვაწოდოს"

"დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს სამართლადარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს მიაწოდოს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხმარებელს შეუძლია სამართლადარღვევის ფაქტი როგორც ღიად, ასევე ანონიმურად მიაწოდოს.

"დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით სამართლადარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი, როგორც ღიად, ასევე ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს", - აღნიშნა გომელაურმა.

"ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით", - როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად სამინისტროს ქსელში ჩართულია 5293 ვიდეოკამერა. ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება.

"საგზაო მოძრაობის ორგანიზების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგულირების მიზნით, ადმინისტრირებისა და აღსრულების ეფექტიანობის გაზრდისთვის შემუშავდა დამატებით ღონისძიებათა კომპლექსი. საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 5293 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1775 არის ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა, ხოლო 3518 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, დღეის მონაცემებით, ამოქმედებულია 295 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1269 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთი.

დანაშაულის პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება;

სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზებზე ყოველწლიურად 50 სექციური სიჩქარის კონტროლის სისტემა ამოქმედდება, რომლებიც საანგარიშო პერიოდში, დამატებით დაფარავს 1000 კმ საგზაო მონაკვეთს.

10-წლიან პერიოდში, ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით. სრულად განახლდება ვიდეოკამერებისა და რადარებისთვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა.

"სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. სამინისტრო მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ეტაპობრივ ამაღლებას.

2020 წელს შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო. სპეციალიზებული დანაყოფი აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და მეორე მხრივ, მათი ჩართულობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებას. დედაქალაქის გარდა, მსგავსი დანაყოფები შეიქმნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთანავე, 2030 წლამდე, კვლავაც გაგრძელდება ქვეყნის დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა.

გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე სწრაფი და ქმედითი რეაგირების უზრუნველსაყოფად, 2024 წლისთვის სრულად განხორციელდება სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია და მათთვის მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და გამეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2024 წლისთვის იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ეტაპობრივად გაძლიერება და საქართველოს მასშტაბით გაფართოება.

სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია სქესობრივი დანაშაულის პრევენციული მონიტორინგის პლატფორმა, რაც საშუალებას მოგვცემს, განხორციელდეს "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" კანონი, რომლის თანახმადაც მოხდება მსჯავრდებული და უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის წარმოება, ასევე, სკოლებისა და ორდერების მონიტორინგი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები სრულად ამოქმედდება, რომლებითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები.

მისივე თქმით, 2025 წელს კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი 2023 წელს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს მოიცავს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას.

"რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და საპოლიციო თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, მიმდინარეობს და 2025 წელს დასრულდება კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, რომლის მიზანია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების სრული გამიჯვნა ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებში.

გრძელვადიან ჭრილში კი, გამიჯნული ფუნქციების შესაბამისად, მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება, რაც შედეგად მოგვცემს გამოძიების სრული ციკლის გაუმჯობესებას და დანაშაულის შემცირებას, ისევე, როგორც მასზე რეაგირების ღონისძიებების ხარისხის ზრდას. 2024 წლისთვის სრულად ამოქმედდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომლებითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა დანაშაულის პრევენციასა და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელი - მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შემუშავებული და დამტკიცებულია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება. ამ ეტაპზე, თბილისის 3 რაიონში 279 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს. გეგმის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი 2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"