კულტურის სამინისტრო "ლიტერას" კონკურსის ჩაშლაზე: "მწერალთა სახლის" გადაწყვეტილება ჩვენთვის დასანანია და ვწუხვართ"
"თუკი "მწერალთა სახლმა" ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენთვის ეს მხოლოდ დასანანია და ვწუხვართ", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რითაც "მწერალთა სახლის" გადაწყვეტილება შეაფასეს იმის თაობაზე, რომ ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" წელს აღარ გაიმართება.
უწყების განმარტებით, კონკურსის ჩატარება "მწერალთა სახლის" უფლებამოსილებაა.
"ლიტერა" იყო და არის "მწერალთა სახლის" პასუხისმგებლობა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხოლოდ ურიცხავს კონკურსის ჩასატარებელ თანხას "მწერალთა სახლს" და ხუთკაციან კომისიაში კომისიის ერთ წევრს ასახელებს. თუკი "მწერალთა სახლმა" ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენთვის ეს მხოლოდ დასანანია და ვწუხვართ", - აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, მწერლების პროტესტის გამო, ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა" წელს აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "მწერალთა სახლი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან 92 წიგნი მოიხსნა. ამასთან, მუშაობაზე უარი თქვა "მწერალთა სახლის" მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. შექმნილ სიტუაციაში "მწერალთა სახლი" კონკურსის ჩატარებას წელს შეუძლებლად მიიჩნევს.