ბერლინელი მუსიკოსი მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ თავდაპირველად ინფორმაცია "აღელვების ნიადაგზე" გაავრცელა - კვირის პალიტრა

ბერლინელი მუსიკოსი მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ თავდაპირველად ინფორმაცია "აღელვების ნიადაგზე" გაავრცელა

საქართველოს პროკურატურამ, 30 ივლისს, ქ.ბათუმში, ბერლინელი მუსიკოსის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირსბრალდება წარუდგინა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, მუსიკოსი გამოკითხვისას მის მიმართ დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში შესაბამისი ინფორმაცია თავდაპირველად "აღელვების ნიადაგზე" გაავრცელა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ "სფეროს"" მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ლ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, იძალადა ჰ.ვ.მ.-ზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ჰ.ვ.მ.-მ გამოკითხვისას მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი და ასევე, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა უარყო, ხოლო რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჰ.ვ.მ. ჰომოფობიურ და დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო აღელვების ნიადაგზე და სიმართლეს არ შეესაბამება.

პროკურატურის ინფორმაციით, ლ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.