მეფე ეშაფოტზე
ჩარლზ I სტიუარტის აღსასრული
XVII საუკუნის დასაწყისისთვის ინგლისში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ქვეყანა თავისი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს და დრამატულ პერიოდში შედიოდა. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ეს იყო უდიდესი გადატრიალებების, სამოქალაქო ომების, პოლიტიკური და რელიგიური გარდაქმნების საუკუნე. მიუხედავად წლითიწლობით ვითარების დაძაბვისა, ვერც ერთი პოლიტიკოსი მომავლის ყველაზე თამამ პროგნოზებშიც კი ვერ დაუშვებდა, რომ სულ მალე მეფე ართურისა და კამელოტის, რიჩარდ III ლომგულის, ჰენრი VIII-ისა თუ ელიზაბეტ I-ის ქვეყანაში მონარქის სისხლი დაიღვრებოდა.
1625 წელს ინგლისის მეფე ჯეიმზ I სტიუარტი გარდაიცვალა. სამეფო ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, ოცი წლის ჩარლზ I. ჩარლზი 16 წლის ასაკში გახდა ტახტის მემკვიდრე, მას შემდეგ, რაც მისი ორი უფროსი ძმა გარდაიცვალა. ბავშვობისას დამჯერი, მშვიდი და უწყინარი იყო. ახალგაზრდობის წლებში კი თეოლოგიურმა დისპუტებმა და საბრძოლო ხელოვნებამ გაიტაცა. ახალგაზრდა მეფე მამაცი იყო, განსწავლული, სამხედრო საქმეში ბრწყინვალედ გარკვეული მონარქი. თუმცა ახასიათებდა ქედმაღლური დამოკიდებულება ქვეშევრდომებისადმი. ეს გარკვეულწილად აფრთხობდა მისადმი ერთგულად განწყობილთ. ამასთან, მეფეს უჭირდა საუბრისას შესაბამისი ტონის შერჩევა: უკან იხევდა და დამთმობი ხდებოდა მაშინ, როდესაც პრინციპულობა იყო საჭირო, ხოლო დათმობებზე წასვლის საჭიროებისას უკომპრომისობას იჩენდა. საბოლოო ჯამში, ამან მეფის მრავალი მნიშვნელოვანი შეცდომა განაპირობა. ჩარლზ I გულმხურვალე ქრისტიანი იყო. ღრმად სწამდა, რომ სამეფო ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად ღვთისგან მომდინარეობდა, მონარქი კი მხოლოდ უფლის სამსჯავროზე აგებდა პასუხს. ჩარლზი დარწმუნებული გახლდათ, რომ მეფის ხელისუფლება აბსოლუტური უნდა ყოფილიყო. არც ერთ მიწიერ სტრუქტურასა თუ ინსტიტუციას (პირველ რიგში კი პარლამენტს) არ ჰქონდა უფლება, ღვთივდადგენილი ხელისუფლება შეეზღუდა.
ჩარლზ I, მიუხედავად თავისი არაკეთილგანწყობისა პარლამენტისადმი, დამოკიდებული აღმოჩნდა მასზე. პარლამენტი ფლობდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტს – სუბსიდიებს. მეფე იძულებული იყო, ფინანსებისთვის საკანონმდებლო ორგანოსთვის მიემართა. თავის მხრივ, პარლამენტი ამ მდგომარეობით სარგებლობდა და სამეფო პოლიტიკაში მაქსიმალურად ჩარევას ცდილობდა. ამასთან, მხარეებს სხვადასხვა პრიორიტეტი ჰქონდათ, მათი საერთო აზრამდე მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა. ქვეყნისთვის საზიანო ასეთ ურთიერთობათა სამწუხარო ტრადიცია ჯეიმზ I-ის დროიდან ჩამოყალიბდა.
ჩარლზ I-მა 1625 წელს თავის პირველ სესიაზე ხისტად და იმპერატიულად მოსთხოვა პარლამენტს სუბსიდიები ესპანეთთან ომისთვის. დეპუტატები მეფისთვის მხოლოდ 140 ათასი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას დათანხმდნენ და ამ მიზნით ე.წ. კასრის გადასახადი შემოიღეს, ისიც ერთი წლით. იმედგაცრუებულმა მეფემ პარლამენტი დაითხოვა. რიგით მეორე პარლამენტი 1626 წელს ამოქმედდა. თუმცა არც მას დაუკმაყოფილებია მეფის ბრძანება სუბსიდიებთან დაკავშირებით. მეტიც, დეპუტატები შეეცადნენ, ჰერცოგი ბეკინჰემი სასამართლოს წინაშე წარედგინათ. ჩარლზმა განაცხადა, რომ ჰერცოგის ყველა განკარგულებაზე თავად იღებდა პასუხისმგებლობას. მეფემ კვლავ სასწრაფოდ დაითხოვა პარლამენტი, ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი დააპატიმრეს. მესამე პარლამენტი 1628-1629 წლებში მოქმედებდა. მეფესა და დეპუტატებს შორის ცხარე კამათი განახლდა, ბეკინჰემის გასამართლებაც კვლავ მოითხოვეს. გარდა ამისა, "თავისუფლებათა დიდ ქარტიაზე" (XIII ს.) დაყრდნობით, ოპოზიციურმა თემთა პალატამ მეფეს წარუდგინა "პეტიცია უფლებათა შესახებ". პეტიციის მიზანი იყო მონარქის ხელისუფლების შეზღუდვა ხალხის ინტერესებისთვის. მეფემ, როგორც იქნა, პეტიცია დაამტკიცა. მას შემდეგ ეს დოკუმენტი პარლამენტის მთავარი იარაღი გახდა მონარქიასთან კონფლიქტში. დათმობის მიუხედავად, ჩარლზმა სუბსიდიები ვერ მიიღო, დეპუტატები ბეკინჰემის გასამართლებას ითხოვდნენ (1628 წელს ჰერცოგი ოფიცერმა ფელტონმა მოკლა). მეფემ კიდევ ერთხელ სასწრაფოდ დაშალა პარლამენტი, პეტიცია უარყო და მტკიცედ გადაწყვიტა, ამიერიდან ქვეყანა უპარლამენტოდ ემართა.
1629-დან 1640 წლამდე ჩარლზ I-ის შეუზღუდავი, აბსოლუტური მმართველობის პერიოდი იყო. ის ეყრდნობოდა სამ პირს, რომელთა ოსტატური პოლიტიკის წყალობით ჩარლზმა თავისი აბსოლუტიზმის თერთმეტი წლით გახანგრძლივება შეძლო. ეკონომიკის სფეროში მეფის ტახტს ხაზინადარი ლორდი რიჩარდ უესტონი ამყარებდა. იგი სხვადასხვა ხერხით ახალ-ახალ გადასახადს აწესებდა ქვეყანაში. მისი მიზანი იყო, მეფისთვის პარლამენტისგან დამოუკიდებელი ფინანსური ბაზა შეექმნა. სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში მეფე თავის უსაყვარლეს მინისტრსა და მრჩეველს, გრაფ სტრაფორდს ეყრდნობოდა, რომელიც უკომპრომისო პოლიტიკას ატარებდა ოპოზიციონერებისადმი, აპატიმრებდა ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილთ, უზრუნველყოფდა უესტონის მიერ დაწესებული გადასახადების აკრეფას, აგრეთვე, სამეფო ჯარს აყალიბებდა. საეკლესიო სფეროში მეფის მარჯვენა ხელი იყო ანგლიკანური ეკლესიის პრიმასი, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი უილიამ ლოდი. იგი აქტიურად იბრძოდა სამეფო ეკლესიის გასაძლიერებლად. ლოდი ასევე ხელს უწყობდა ანგლიკანური ეკლესიის კათოლიციზმთან დაახლოებას. მთავარეპისკოპოსი ყველგან დაუღალავად ქადაგებდა ჩარლზის აბსოლუტიზმის ღვთივკურთხეულობის შესახებ. ლოდი აფრთხილებდა ხალხს, რომ ჩარლზის ხელისუფლებასთან ნებისმიერი სახის დაპირისპირება დიდი ცოდვა იყო. ყველა ეპისკოპოსსა და პასტორს მთავარეპისკოპოსი ავალებდა, კათედრებიდან აბსოლუტიზმის განსადიდებლად ექადაგათ.
მეფის აპარატის მცდელობა, აბსოლუტიზმისთვის მტკიცე საფუძვლები შეექმნა, მხოლოდ დროებით და მოჩვენებით შედეგებს იძლეოდა. წლიდან წლამდე ჩარლზის ხელისუფლება სულ უფრო სუსტდებოდა. ძალას იკრებდა ოპოზიციური საპარლამენტო უჯრედი, ხალხი უარს ამბობდა გამრავლებული გადასახადების გადახდაზე. სამეფო პოლიცია მრავალ ადამიანს აპატიმრებდა. ანონიმი ავტორები მონარქის საწინააღმდეგო პამფლეტებს ავრცელებდნენ. ჩარლზის მოწინააღმდეგეები აბსოლუტიზმის ამ ეპოქას "თერთმეტწლიან ტირანიას" უწოდებდნენ. პროტესტი იზრდებოდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საბრძოლო კონსოლიდაცია ჩარლზ I-ის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ოპოზიციურმა სპექტრმა, პურიტანულმა საზოგადოებამ. პურიტანებმა, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი აზრის მიმართულება განსაზღვრეს. ისინი ახლა უკვე ძალიან მკაცრად მოითხოვდნენ ანგლიკანური ეკლესიის სრულად იზოლირებასა და კათოლიციზმისგან გაწმენდას.
პურიტანიზმი პროტესტანტული მოძრაობის ყველაზე რადიკალურ ფორმას წარმოადგენდა, მისი საერო გამოხატულება სახელმწიფოს რესპუბლიკური წყობა იყო. ამგვარად, პურიტანები ჩარლზის აბსოლუტიზმსა და მის დასაყრდენს, ანგლიკანურ ეკლესიას დაუპირისპირდნენ. პურიტანიზმის მიმდევართა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. მთავარეპისკოპოსი ლოდი პურიტანებისადმი რეპრესიებს მიმართავდა, ყოველმხრივ დევნიდა მათ, თუმცა ეს უკუშედეგს იძლეოდა. აშკარა ხდებოდა, რომ პურიტანიზმი მონარქიის გაცილებით საშიში და ძლიერი მეტოქე იყო, ვიდრე პარლამენტი. 1641 წლისთვის აბსოლუტიზმმა სრული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრახი განიცადა. ამასთან, სამეფო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო შოტლანდიის 20-ათასიანი არმია ინგლისში შეიჭრა. უსახსროდ მყოფმა ჩარლზ I-მა პარლამენტი მოიწვია.
პირველივე სხდომაზე თემთა პალატამ მეფის თერთმეტწლიანი მმართველობის გამოძიება მოითხოვა. ჩარლზმა ისევ დაითხოვა პარლამენტი. შოტლანდიელთა არმია ჩრდილოეთში გამარჯვებებით მოიწევდა. მეფე იძულებული გახდა, კვლავ მოეწვია "ხანგრძლივი პარლამენტი". ახალი პარლამენტისთვის ეს გახდა შანსი, სერიოზულად შეეტია ჩარლზ I-ისთვის. პურიტანებმაც მასობრივი ანტიმონარქიული აგიტაცია გააჩაღეს, ავრცელებდნენ პამფლეტებს. პარლამენტმა საზოგადოებრივი ძალების მხარდაჭერა იგრძნო. ჩარლზის წინააღმდეგ დიდი ტალღა აგორდა. დეპუტატებმა სასწრაფოდ დააპატიმრებინეს ლოდი, სტრაფორდი და "თერთმეტწლიანი ტირანიის" სხვა აქტიური მოღვაწეები. სულ მალე ლოდი და სტრაფორდი სიკვდილით დასაჯეს.
საზოგადოებრივი ოპოზიცია იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ ჩარლზმა ხელისუფლების უმთავრესი საყრდენები ვეღარ დაიცვა. გაათავისუფლეს მონარქიისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტპატიმრები. პარლამენტი თანამიმდევრულად და სრულად აცლიდა ჩარლზის ტახტს საძირკველს. 1641 წელს გაუქმდა აბსოლუტიზმისთვის მნიშვნელოვანი სტრუქტურები – ვარსკვლავური პალატა (უმაღლესი ადმინისტრაციულ-სასამართლო ტრიბუნალი) და მაღალი კომისია (უმაღლესი საეკლესიო სასამართლო). დაშალეს სამეფო ჯარი. გაუქმდა მეფის ეკონომიკური მონოპოლია და გადასახადები. შეადგინეს "დიდი რემონსტრაცია", დოკუმენტი, რომლის 204 მუხლში წარმოდგენილი იყო ჩარლზ I-ის მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შედეგები. 1642 წლის იანვარში მეფემ თემთა პალატის ხუთი წევრი შოტლანდიელებთან ფარულ კავშირში დაადანაშაულა. დეპუტატების დაპატიმრება ჩარლზმა ვერ შეძლო, შერიფები ბრძანებას არ დაემორჩილნენ. განრისხებულმა ბრბომ სამეფო ამალას გზა გადაუკეტა.
ლონდონში ხალხის უკმაყოფილება იზრდებოდა. ჩარლზმა დედაქალაქში დარჩენა სახიფათოდ ჩათვალა და 10 იანვარს ჩრდილოეთით, ქალაქ იორკისკენ გაემგზავრა. ინგლისი სწრაფად უახლოვდებოდა სამოქალაქო ომს.
იორკი იქცა მეფის ერთგული ძალების, როიალისტების მთავარ ცენტრად. ძველი ფეოდალური ტრადიციების თავადაზნაურობა იორკში იყრიდა თავს. 1642 წლის სექტემბრისთვის მეფეს 6 ათასი ქვეითი და 2 ათასი კავალერისტი ჰყავდა. როიალისტების ხელთ იყო ქვეყნის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილები. პარლამენტის გამგებლობაში კი შედიოდა ეკონომიკურად ძლიერი სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორიები: ლონდონი და სამრეწველო-სავაჭრო თვალსაზრისით განვითარებული ქალაქები, უმსხვილესი პორტები. პარლამენტმა 20-ათასიანი არმია ჩამოაყალიბა. 1642 წლის 22 აგვისტოს, ნოტინჰემში, ჩარლზ I-მა საზეიმო ვითარებაში აღმართა სამეფო შტანდარტი. ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა. მეფის თქმით, მისი მიზანი მეამბოხეთა შეჩერება იყო. დაიწყო სამოქალაქო ომი.
თავიდანვე შესაძლებელი ჩანდა როიალისტთა გამარჯვება. 1642-1644 წლებში სამეფო არმიამ მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენა პარლამენტის ძალებს. ჩარლზის მომხრე თავადაზნაურობა სამხედრო საქმეს ბრწყინვალედ ფლობდა. ამ მხრივ პარლამენტის არმია მოისუსტებდა. თითქოს როიალისტები ახლოს იყვნენ კიდეც საბოლოო გამარჯვებასთან, თუმცა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. პარლამენტის მხარეს შოტლანდია ომში ჩაება. ჩარლზს ორ ფრონტზე მოუწია ძალების გაყოფამ, სულ მალე კი მეფის წინააღმდეგ პურიტანთა მძლავრი არმია გამოვიდა. "ხანგრძლივი პარლამენტის" დეპუტატმა ოლივერ კრომველმა პურიტანული მრწამსით განმსჭვალული, სამხედრო თვალსაზრისით სანიმუშო არმია ჩამოაყალიბა. კრომველის ლაშქარი საპარლამენტო არმიის დამრტყმელ ძალად იქცა. სწორედ ამ ძალამ შეიტანა ომში გარდატეხა. როიალისტებმა უმძიმესი დარტყმები განიცადეს. 1645 წელს, ნეიზბისთან, კრომველის არმიამ ჩარლზ I საბოლოოდ დაამარცხა. ინგლისის მეფე იძულებული გახდა შოტლანდიაში გაქცეულიყო. 1647 წელს შოტლანდიელებმა 400 ათასი გირვანქა სტერლინგის საფასურად მეფე პარლამენტს გადასცეს. ჩარლზმა პოლიტიკური ინტრიგების გაბმა გადაწყვიტა. იგი ცდილობდა, დეპუტატთა შორის არსებული დაპირისპირებებით ესარგებლა. ამას მოჰყვა ეფემერული როიალისტური ამბოხება სამხრეთ-აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ჩარლზმა შოტლანდიელებიც გადმოიბირა. კრომველმა 1648 წელს, პრესტონთან, შოტლანდიელები დაამარცხა და როიალისტთა გამოსვლები უმალვე ჩაახშო. ვითარებას ამჯერად პურიტანული არმია სრულად აკონტროლებდა. კრომველი დათმობას აღარ აპირებდა. მეფესთან მოლაპარაკების მომხრე დეპუტატები მან პარლამენტიდან განდევნა, მათი ადგილი რადიკალურმა ოპოზიციამ დაიკავა. კრომველი ლონდონში ტრიუმფატორივით შევიდა და უაიტჰოლის სამეფო დარბაზში დაბინავდა.
ოლივერმა გადაწყვიტა, ყოველმხრივ გზამოჭრილი ჩარლზი საბოლოოდ დაემარცხებინა. საგანგებო ბადრაგმა დაპატიმრებული მონარქი უინძორში, შემდეგ კი სენტ-ჯემსის სასახლეში გადაიყვანა. 1649 წელს კრომველმა მეფის გასასამართლებლად 50-კაციანი ტრიბუნალი შექმნა. სხდომები 20 იანვარს უესტმინსტერის სასახლეში გაიხსნა. ჩარლზ I პროცესზე სამჯერ დაიბარეს. თავიდანვე და ყველა გამოსვლაზე იგი თავის მართლებაზე უარს აცხადებდა. უფლებამოსილად არ ცნობდა ტრიბუნალს, ნებისმიერ სხვა მიწიერ ინსტიტუციას ღვთივდადგენილი მეფის გასასამართლებლად. მონარქი აცხადებდა, რომ ღვთისგან მიიღო ხელისუფლება და არა ხალხისგან, რომ იგი იძულებული გახდა, სამხედრო ძალა ეხმარა მეამბოხეთა შესაჩერებლად, კანონიერების დასაცავად. სასამართლო პროცესი ნორმათა სრული დაცვით რომ წარმართულიყო, ამ საკითხებში სამართლიანი გარკვევა არაერთ თვეს გაგრძელდებოდა, მაგრამ კრომველი ჩქარობდა. 27 იანვარს ტრიბუნალმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო: "ჩარლზ სტიუარტს, როგორც ტირანს, მეამბოხეს, მკვლელსა და ინგლისის სახელმწიფოს მტერს, მიესაჯოს თავის მოკვეთა". მეფეს განაჩენის აღსრულებამდე სამი დღე მისცეს. ეს დრო ჩარლზ I-მა ლოცვებსა და სულიერ განწმენდას დაუთმო. მის გვერდით იყო ეპისკოპოსი ჯონსონი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვიდრე უკანასკნელ წუთამდე, მონარქს განსაკუთრებული სიმხნევით ეჭირა თავი. 30 იანვარს, უაიტჰოლის სასახლის წინ მოწყობილ ეშაფოტზე ჩარლზ I-მა სტიუარტმა მუხლი მოიდრიკა. მეფეს თავი მოკჰვეთეს. რამდენიმე დღეში პარლამენტმა მონარქია გააუქმა, ინგლისში რესპუბლიკა გამოცხადდა. ჩარლზ I-ის ცხედარი უინძორის ციხეში წაასვენეს და იქ დაკრძალეს.
მირონცხებული მონარქის გასამართლება და სიკვდილით დასჯა უპრეცენდენტო მოვლენა იყო ქრისტიანული ევროპის ისტორიაში. ეს ფაქტი აშკარად მიანიშნებდა დასავლეთ ევროპის საზოგადოების მსოფლმხედველობასა და ცნობიერებაში მომხდარ ცვლილებებს. 1649 წლის 27 იანვრის შემდეგ ევროპა უკვე აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც აქამდე ახსოვდათ.
სრულიად ახალი ეპოქა იწყებოდა.
მიხეილ ბარნოვი
ჟურნალი "ისტორიანი".#4