"არავის არ ვეჯიბრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა"
მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ის ახალი კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეეცდება, რომ მოსახლეობას მის მიმართ არსებული სიყვარული უკან გაკეთებული "მაგარი საქმეებით" დაუბრუნოს.
"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის არ ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მე მაძლევს ის ყოველდღიური ურთიერთობა, რაც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან, ფაქტობრივად, ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრები, რომელიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული მაგარი გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს თითოეული ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი", - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ IRI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგზე საუბრისას განაცხადა, რომ კვლევის შედეგების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, რადგან ისინი არჩევნების შედეგებისგან რადიკალურად განსხვავდება ხოლმე.
"სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევები, ამის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, მოყოლებული 2012 წლიდან, არაერთი კვლევა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, ყველა არჩევნების წინ, როდესაც ხდებოდა მონაცემების გამოყენება და შემდეგ რა შედეგებით სრულდებოდა არჩევნები და ეს, რა თქმა უნდა, ამ კვლევების მიმართ ნეგატიურად განმაწყობს", - განაცხადა კახა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"