"ჩემთვის მძიმეა გახსენება, მაგრამ შემიძლია, სუფთა სინდისით ვთქვა..." - რას ამბობდა გორბაჩოვი სტალინზე, პუტინსა და საქართველოზე
2021 წელს რუსულ სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში - Россия в глобальное политике გამოქვეყნდა მიხეილ გორბაჩოვის - სსრ კავშირის ექსპრეზიდენტის ვრცელი სტატია სათაურით - "გარდაქმნის გაგება და ახალი აზროვნების შენარჩუნება", რომელშიც ავტორი ყოფილ საბჭოთა კავშირში სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარი მოვლენების, მათ შორის - საქართველოში განვითარებული სიტუაციისა და 9 აპრილის შესახებ საუბრობს.
უკვე 30 წელზე მეტი გავიდა იმ მომენტიდან, როცა საბჭოთა კავშირში ცვლილებები დაიწყო - "გარდაქმნის" ("პერესტროიკის") სახელწოდებით, მაგრამ არ წყდება დავა-კამათი იმაზე, თუ რას ნიშნავდა გარდაქმნა, რა მოუტანა მან ქვეყანას და მსოფლიოს. მე თვითონ ამის შესახებ მუდმივად ვფიქრობ, ვეძებ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც მისვამენ მეცნიერები, ჟურნალისტები, წერილების ავტორები - როგორც ჩვენი თანამემამულეები, ისე - უცხოელები. ადამიანებს სურთ გაიგონ, თუ რა იყო გარდაქმნაში ჩადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი მოვლენები ჯერ კიდევ არ გამხდარა შორეული წარსული. გარდაქმნის გამოცდილება და გაკვეთილები დღესაც აქტუალურია და - არამარტო რუსეთისათვის.
"პერესტროიკამ" სხვადასხვა ეტაპები გაიარა - ძიების, შეცდომების, მიღწევების ეტაპები. რასაკვირველია, ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველი - "გარდაქმნის" დაწყება ისტორიულად აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენდა, მეორე - ჩვენ სწორი მიმართულებით მივდიოდით", - წერს მიხეილ გორბაჩოვი.
ვრცელ ანალიტიკურ პუბლიკაციაში ავტორი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს იმდროინდელ ეროვნულ პოლიტიკას, ცენტრისა და პერიფერიების ურთიერთობას: "ვერ ვიტყვი, რომ მე და ჩემი კოლეგები, გარდაქმნის პროცესის დაწყებისას, ეროვნული პოლიტიკის ფაქტორს, ეროვნულ პრობლემებს სრულად ვაცნობიერებდით. დღეს, რასაკვირველია, უკეთ ვხედავთ, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი - ერთგვარ "მსოფლიოთა მსოფლიო" - ხალხების კონგლომერატს, რომლებიც ისტორიული ბედითა თუ უბედობით ერთად მოხვდნენ, ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში, მოკავშირე რესპუბლიკების სახით. ისინი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულები იყვნენ - ვთქვათ, ესტონეთი და თურქმენეთი - და მათი მართვა, თანაარსებობა ძალიან რთული იყო. "პერესტროიკის" დროს ყველაფერმა ამოხეთქა, რაც ათწლეულობით გროვდებოდა ეროვნული ურთიერთობების სფეროში. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით", - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი, გარკვეულწილად, ნეგატიურად აფასებს ვლადიმერ პუტინის გამონათქვამებს საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზების თაობაზე (რაც გამოიხატება პრეზიდენტის მიერ ფედერაციის ლენინური კონცეფციის კრიტიკაში, რომლის მიხედვით, მოკავშირე რესპუბლიკებს კონსტიტუციის საფუძველზე გარკვეული სუვერენიტეტი და სსრკ-დან გასვლის უფლება ჰქონდათ): "ისმის კითხვა: მართლაც, ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზი? ჩვენ ვიცით, რომ ბევრი იმპერია და სახელმწიფო დაშლილა, რომელთა კონსტიტუციებში მსგავსი რამ ჩაწერილი არ იყო. ესე იგი, მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ", - წერს მიხეილ გორბაჩოვი და იხსენებს სტალინურ მკაცრ ეროვნულ პოლიტიკას, როცა ცენტრი ყველაფერს აკონტროლებდა, ყველას მაგივრად ყველაფერს წყვეტდა, საზღვრებს სურვილისამებრ ადგენდა, თანაც ისე, რომ არავის ეფიქრა საბჭოთა ოჯახიდან გასვლა. "საბჭოთა ხალხის აყვავების" ფასადის მიღმა ბევრი ისეთი პრობლემა არსებობდა, რომლის მოგვარებას არავინ ცდილობდა. იოსებ სტალინი ყველა ეროვნულ პრეტეზიას ანტისაბჭოურად მიიჩნევდა და მათ დაუნდობლად ახშობდა, დროს არ კარგავდა მიზეზების შესწავლაზე.
"გარდაუვალი იყო, რომ დემოკრატიზაციის პროცესში მიყუჩებული პრობლემები თავს აუცილებლად იჩენდა. ეს ვიცოდით, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ყველაფერი ვერ გავითვალისწინეთ, ბოლომდე ვერ შევაფასეთ მათი სავარაუდო უარყოფითი შედეგები. კაცმა რომ თქვას, ჩვენ აღარ შეგვეძლო პრობლემების გადაწყვეტა ძალისმიერი მეთოდებით - აკრძალვებით, ჩახშობებით, ვცდილობდით, დარწმუნების გზით მიგვეღწია მიზნისთვის. სამწუხაროდ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ მოვახერხეთ", - წერს მიხეილ გორბაჩოვი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების მიზეზებს იხსენებს.
"მე მიმაჩნდა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი თვითონ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ერთმანეთთან მოლაპარაკებით უნდა დაედგინათ, ხოლო ჩვენი - ანუ საკავშირო ცენტრის მოვალეობა მათ დახმარებაში უნდა გამოხატულიყო, ვთქვათ, ეკონომიკური თვალსაზრისით. ახლაც მჯერა, რომ ეს სწორი პოლიტიკა იყო. მაგრამ ორი რესპუბლიკის ვერც პარტიულმა სტრუქტურებმა და ვერც ინტელიგენციამ ვერ შეძლო თანხმობისაკენ, თუნდაც დიალოგისაკენ, გზების მოძებნა. მათ სარბიელი ექსტრემისტებს დაუთმეს. და პირველი სისხლიც დაიღვარა სუმგაითში..."
"1987-88 წლებში ვცდილობდი, რომ ეროვნულ-ტერიტორიული დავებისა და უთანხმოებების მოსაგვარებლად ერთიანი დემოკრატიული მეთოდი შეგვემუშავებინა, პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კონტექსტში. სხვათა შორის, თავდაპირველად, 1987 წელს, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების, უკრაინის, მოლდავეთის, საქართველოს ეროვნული მოძრაობებიდან არავინ აცხადებდა საბჭოთა კავშირიდან გასვლის სურვილს, ყველა "პერესტროიკის" ლოზუნგების მხარდამჭერად გამოდიოდა.
მაგრამ ძალიან მალე ეროვნულ მოძრაობებში სეპარატისტული ტენდენციები გამოიკვეთა და გაძლიერდა. სამწუხაროდ, ადგილობრივმა პარტიულმა ლიდერებმა დემოკრატიის პირობებში მუშაობა ვერ მოახერხეს. ისინი დაიბნენ. ეს ტენდენცია გამოვლინდა საქართველოში, როცა 1989 წლის აპრილში ხალხი თბილისის მოედნებსა და ქუჩებში გამოვიდა. საჭირო იყო, რომ საქართველოს კომპარტიის ცეკას წევრებიც ქუჩაში გამოსულიყვნენ და ხალხს შეხვედროდნენ, მაგრამ მათ ბუნკერში ჯდომა არჩიეს. და სიტუაციაც უბედურებამდე მივიდა: დემონსტრანტებისაგან ქუჩის "გასაწმენდად" ძალა იქნა გამოყენებული, დაიღუპა 21 ადამიანი, ათობით მოქალაქე დაშავდა.
ჩემთვის ძალიან მძიმეა [9 აპრილის] გახსენება, მაგრამ შემიძლია, სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისის მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან იქნა მიღებული, ჩემი ნების გარეშე. მაშინაც და მოგვიანებითაც მტკიცედ ვიცავდი ჩემს კრედოს: ყველაზე რთული პრობლემებიც კი მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით უნდა მოგვარდეს, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე", - ხაზს უსვამს მიხეილ გორბაჩოვი. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ