"ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა" - კვირის პალიტრა

"ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა"

საქართველო მეგობრების მოთმინებას ცდის და შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც "საკმარისი" საკმარისი იქნება, - ამის შესახებ "დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორი ლორა თორნტონი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.

როგორც თორნტონი აღნიშნავს, "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძალიან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია.

"როგორც იცით, ამ შეთანხმებისთვის ბევრი დიდი ბრძოლა გადაიტანეს და მას თვეები დასჭირდა. ახლა კი შეთანხმებიდან გასვლა ძალიან ცუდ სიგნალს გზავნის საქართველოს დემოკრატიის მომავლის შესახებ. ეს ბოლო წლების განმავლობაში კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ყველა პარტიამ არ მოაწერა ხელი - რაც მნიშვნელოვანია, რომ ითქვას - მმართველ პარტიას ვალდებულება აქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება უზრუნველყოს. ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობ, ევროპიდან და ამერიკიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოსთვის გამაფრთხილებელი სიგნალები უნდა იყოს", - აცხადებს თორნტონი და დასძენს: "ზოგჯერ ვშიშობ, რომ გავყვირით: "მგელი-მგელი"! და შეიძლება ეს ქმნის განცდას, რომ ესეც ჩაივლის, ამასაც გადავატარებთ, გაკეთდება შეშფოთების განცხადებები, საელჩოები გააგზავნიან ცნობებს და მერე გავაგრძელებთ საქმიანობას. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არ ვიცი, როდის მივალთ იმ წერტილამდე, როცა რაღაცა გატყდება; როდის აისახება ეს უარყოფითად საერთაშორისო დახმარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე. ვიცი ის, რომ ნამდვილად ვცდით ადამიანების მოთმინებას. "ქართული ოცნება" რომ ვიყო, ამას მსუბუქად არ მივიღებდი. შეიძლება წარსულში არაერთი შტორმი გადაუტანიათ, მაგრამ დადგება დრო, როცა [მეგობრები] იტყვიან, რომ ეს უკვე საკმარისია", - აღნიშნავს თორნტონი.

ამასთან, თორნტონი ინტერვიუში ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს მიმართ თითქოს მოთმინება ილევა.

"ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობ, მოთმინება ილევა. ვაშინგტონში საქართველოს ყველა უპირატესობა აქვს მიცემული. ეს ყველა მხარისთვის კარგია. ჩვენ გვსურს საქართველო წარმატებული იყოს. ის რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. ამიტომ ჩვენ საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ - დემოკრატიისა და განვითარების თვალსაზრისით. ბოლო წლებში მრჩება განცდა, რომ მოთმინება ილევა.

გუშინ რამდენიმე ორგანიზაციასთან შეხვედრას დავესწარი, სადაც კითხვები არის იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, რამდენად ეფექტურია ფულის საქართველოში დახარჯვა, უკეთესი ხომ არ იქნება თანხები სადმე სხვაგან დავხარჯოთ. ეს საქართველოსთვის ძალიან სევდისმომგვრელი ნიშანია. მე ჯერ ისევ მჯერა საქართველოსი და ვფიქრობ, რომ ქვეყანა უბრალოდ რთულ პერიოდს გადის. საქართველომ ერთ წარმოუდგენელ რამეს მიაღწია - ამერიკაში რესპუბლიკელები და დემოკრატები გააერთიანა. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია და ამასთან, იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად თანმიმდევრულად ადევნებს თვალს კონგრესი ბოლო მოვლენებს", - განაცხადა თორნტონმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს მთავრობისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, როგორც თორნტონი ამბობს, ამ შემთხვევაში ეს არის შეთანხმებაში დაბრუნება და აღებული ვალდებულებების პატივისცემა, მრავალპარტიული დემოკრატიისა და ძალთა უკეთესი ბალანსის უზრუნველყოფა პარლამენტში, საარჩევნო რეფორმების განხორციელება, რომლებიც დაიწყო, და სასამართლოში დანიშვნების შეჩერება, სანამ რაიმე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

"ესაა ცხადი ნაბიჯები. ეს პრობლემა საქართველოსთვის უნიკალური არ არის. არის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. თუკი ეს ხელისუფლება გრძნობს საფრთხეს, რომ მომდევნო არჩევნებში შეიძლება 43% ვერ აიღონ... ძალიან რთულია მმართველი პარტიები დაარწმუნო იმოქმედონ ისე, რაც მათი აზრით, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. ეს ამერიკაშიც ასეა. მაგრამ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატია საქართველოს უდიდესი სიმდიდრე იყო ყოველთვის და მისი გაფლანგვა გამანადგურებელი იქნება მათთვის, საერთაშორისო არენაზეც და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათთვის, როგორც ქვეყნისთვის. ეს ქვეყანას უკიდურესად დაასუსტებს უფრო მავნებელი გარე აქტორების წინაშე", - განაცხადა თორნტონმა.