"პიკის ფაზაში შევედით და ეს დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება"
"ჯამურად მობილიზებულია დაახლოებით 8000 საწოლი საავადმყოფოებში, რაც არის ჩვენი სისტემის მაქსიმუმი. ამას ყოველდღიურად ემატება კოვიდსასტუმროების რაოდენობა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისი, რადგან მეტი დატვირთვა და შემთხვევების გამოვლენა სწორედ დედაქალაქზე მოდის. შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების 2297 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
გარდა ამისა, გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი გაფართოება.
"გუშინ განხორციელდა 16 000-ზე მეტი აცრა. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 15 000, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე გასული კვირების განმავლობაში, თუმცა ჩვენი მიზანია სულ მცირე 25 000 აცრა ყოველდღიურად. ემატება ეტაპობრივად სამედიცინო დაწესებულები, რითაც ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას შეფასებით, ვაქცინაციის კუთხით მოქალაქეთა აქტივობა მაღალია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციის გაფართოების მიზნით დაგეგმილია ვაქცინაციის მეტი ცენტრის შექმნა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში. იგეგმება ვაქცინაციის პროცესის სოფლებში დაწყება, ოჯახის ექიმების ჩართულობით.
"ვაქცინაციასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანია დაწყებულია და ეს პროცესი მიმდინარეობს. მუშაობა მიდის როგორც საგანმანათლებლო სივრცეებში, ასევე ინდივიდუალურად, მაღალი რისკის ჯგუფებთან. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი აქტივობა. მხოლოდ საინფორმაციო კამპანია საკმარისი არ არის. ყველაზე უკეთესად საკუთარი მაგალითის გაზიარება მუშაობს - იმის დემონსტრირება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
"საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზით, დღეს ჩვენ პიკის ფაზაში შევედით და ეს დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება", - მისი თქმით, ჯერჯერობით არსებული რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.
"ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე არსებული შეზღუდვები აღსრულდეს. დღეს უწყებათასაბჭომ იმსჯელა არსებული ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რადგან პირბადე არის ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ქორწილები და სხვა დიდი ყრილობები, ყველაფერი ხდება რეგულაციების დარღვევით. ამდენად, ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და ის რეგულაციები, რაც დღეს უკვე დაწესებულია. ჯერჯერობით იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც დაწესებულია, არ იგეგმება და მთავარი უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულებაა. თითოეული მოქალაქის და მისი ოჯახის წევრების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება რეგულაციების დაცვის. პირბადის ტარება არის ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია და მივმართავთ მოქალაქეებს, რომ სადაც შესაძლებელია, ყველამ ატაროს პირბადე. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ თავად არ მიიღო მოქალაქემ გადაწყვეტილება, ეს სანქციები არის უბრალოდ ფორმალობა. პროგნოზულად, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ვიღებთ, ჩვენ უკვე პიკის ფაზაში ვართ, ეს ფაზა დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება" , - განაცხადა გაბუნიამ.
"ინტერპრესნიუსი"