დუგინი & ევრაზიანიზმი - რა უნდა ვიცოდეთ - კვირის პალიტრა

დუგინი & ევრაზიანიზმი - რა უნდა ვიცოდეთ

ევრაზიანიზმის ანატომია

ევრაზიანიზმი პოლიტიკური მოძრაობაა, რომლის მიმდევართა აზრით, რუსეთი არც ევროპულ და არც აზიურ ცივილიზაციას მიეკუთვნება და იგი ევრაზიის გეოპოლიტიკური კონცეფციის გამოხატულებაა. რუსეთი მსგავს ევრაზიონისტულ იდეებს აქტიურად იყენებს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, გასაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებთან, როგორც თავად უწოდებს - "ახლო სამეზობლოსთან" ურთიერთობებში.

ევრაზიანიზმის შესახებ ჩვენთანაც ბევრს სმენია. ალბათ, ყველას გაუგია ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაცია, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ალექსანდრ დუგინი და სხვა.

ამ თემასთან მიმართებით, სწორი ინფორმაციის პარალელურად, ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს, მაგალითად, ის, რომ ევრაზიანიზმი პუტინის რუსეთში გაჩენილი მოძღვრებაა; რომ ევრაზიანიზმი, როგორც ორიგინალური იდეა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის; რომ დუგინი, როგორც ევრაზიანიზმის მოძღვრების ავტორი, კრემლის მთავარი იდეოლოგია და ა.შ.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, თვალი გადავავლოთ ამ პოლიტიკური მოძრაობის წარმოშობის ისტორიას, გავიგოთ მისი რეალური შინაარსი და გავლენა დღევანდელობაზე.

ევრაზიანიზმის წარმოშობა

ევრაზიანიზმი, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, 1920-იან წლებში, ევროპაში, ბოლშევიკური რევოლუციისა და რუსეთის სამოქალაქო ომის შედეგად ქვეყნიდან გაქცეულ თეთრ ემიგრაციაში ჩაისახა. მოძრაობის ლიდერებს შორის იყვნენ: ცნობილი ლინგვისტი და ისტორიკოსი - თავადი ნიკოლაი ტრუბეცკოი, ფილოსფოსი პიოტრ სავიცკი, მუსიკოსი პიოტრ სუვჩინსკი, მთარგმნელი და ლიტერატურის მკვლევარი დმიტრი სვიატოპოლსკ-მირსკი, იურისტი კონსტანტინე ჩხეიძე, პოეტი სერგეი ეფრონი (მარინა ცვეტაევას მეუღლე).

ევრაზიონისტები ოქტომბრის რევოლუციას რუსული საზოგადოების მხრიდან სწრაფი მოდერნიზაციის მცდელობაზე ლოგიკურ რეაქციად მიიჩნევდნენ. მათი აზრით, რუსეთი ევროპული კულტურის ნაწილი არ იყო, შესაბამისად, მისი ვესტერნიზაცია ბუნებრივ წინააღმდეგობას შეხვდა, რამაც ქვეყანა რევოლუციასა და ცარიზმის დასასრულამდე მიიყვანა.

თეთრი ემიგრაციის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, ევრაზიონისტები საბჭოთა რეჟიმს განვითარების აუცილებელ ეტაპად მიიჩნევდნენ და სწამდათ, რომ მას ეროვნულ, არაევროპულ მართლმადიდებლურ სახელმწიფოდ ტრანსფორმირება შეეძლო.

მიუხედავად საბჭოთა რეჟიმის მიმართ მათი ლოიალური დამოკიდებულებისა, ბოლშევიკები ევრაზიონისტების დიდხანს ატანას არ აპირებდნენ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ მათი დისკრედიტაციისთვის. ამ მიზნით, რამდენიმე ოპერაციაც დაგეგმეს, რომელთა შორისაც გამოირჩეოდა "ტრესტი" (операция "Трест"). საბჭოთა უშიშროების ძალისხმევით, ევრაზიონისტული მოძრაობის ლიდერთა დისკრედიტაცია წარმატებით განხორციელდა, 1929 წლისთვის მათ ყველა პერიოდული გამოცემა დახურეს, რის შემდეგაც, თეთრი ემიგრაციის საქმიანობას ჩამოშორდნენ. ამრიგად, 1930-იანი წლების დასაწყისისთვის ევრაზიონისტულმა მოძრაობამ არსებობა დაასრულა.

ნეოევრაზიანიზმი

ევრაზიანიზმი რუსეთში 1980-იანი წლების ბოლოს დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი გახდა, აკადემიურ წრეებში რუსეთის ახალი მისიის შესახებ დაიწყეს ფიქრი. სწორედ ამ დროს ჩაისახა ნეოევრაზიანიზმი.

საყოველთაო მოსაზრებით, ნეოევრაზიანიზმის დოქტრინის ავტორად ცნობილი საბჭოთა ისტორიკოსი, ეთნოლოგი და ანთროპოლოგი - ლევ გუმილიოვი ითვლება. გუმილიოვი ხშირად ამბობდა, რომ ის "უკანასკნელი ევრაზიონისტი" იყო. მისი ნეოევრაზიონისტული ხედვა ემყარებოდა მის საკმაოდ სადავო სამეცნიერო თეორიას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ეთნოსს თვითმყოფადი სახე მონღოლურმა ოკუპაციამ (1240-1480) შეუნარჩუნა და ის დასავლეთის აგრესიული ზეგავლენისგან დაიცვა.

საყურადღებოა, რომ პირველი თაობის ევრაზიონისტებისთვის რუსეთი თანაბრად წარმოადგენდა, როგორც ევროპული, ისე - აზიური ცივილიზაციის ნაწილს. ნეოევრაზიანიზმის ფუძემდებელი გუმილიოვი კი ამტკიცებდა, რომ რუსეთი ევროპულზე მეტად, აზიური ცივილიზაციაა. დასავლური კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ მისი ხედვა, ტრუბეცკოისა და მისი თანამედროვე მოაზროვნეებისგან განსხვავებით, გაცილებით ანტაგონისტური იყო.

ლევ გუმილიოვის თეორიებმა გარკვეული გავლენა იქონია ევრაზიონისტულად განწყობილ სხვა ავტორებზეც, რომელთა შორის, ყველაზე ცნობილი ალექსანდრ დუგინია.

ალექსანდრ დუგინი

ალექსანდ დუგინის შესახებ ჩვენს საზოგადოებაში არაერთი მცდარი მოსაზრებაა გავრცელებული. ქართული მედია მას ხშირად მოიხსენიებს "კრემლის მთავარ იდეოლოგად". იქმნება წარმოდგენა, რომ სწორედ მისი იდეები განსაზღვრავს კრემლის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რაც სიმართლისგან საკმაოდ შორს დგას. სინამდვილეში, დუგინის გავლენა ყოველთვის ძალიან ლიმიტირებული იყო, როგორც პოლიტიკურ, ისე - აკადემიურ წრეებში.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ დუგინი ისტორიაში ყველაზე აგრესიული რიტორიკის მქონე ევრაზიონისტია. ნეოევრაზიანიზმის დუგინისეულ ვერსიას მკვლევრები აფასებენ, როგორც "ფაშისტური იდეოლოგიის ფორმას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უნდა შექმნას ტოტალიტარული, მოსკოვის დომინაციის ქვეშ მყოფი ევრაზიული იმპერია, რომელიც ბრძოლაში გამოიწვევს და საბოლოოდ დაამარცხებს თავის მარადიულ მტერს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი მოკავშირეების სახით, რის შემდეგაც დაიწყება გლობალური კულტურული და პოლიტიკური ანტილიბერალიზმის ოქროს ხანა". მკვლევართა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დუგინის ნეოევრაზიონიზმს საერთო არაფერი აქვს ევრაზიონიზმთან. საინტერესოა, რამდენადაა საკმარისი დუგინის გავლენა მისი იდეების რეალობაში მოსაყვანად?!

ალექსანდ დუგინი არის ფილოსოფოსი, რომელიც მუდმივად ეძებს ადგილს მზის ქვეშ. 1980-იან წლებში ის დისიდენტი და ანტიკომუნისტი იყო. 1988 წელს იგი შეუერთდა ნეონაცისტურ ორგანიზაცია "პამიატს" (Память). პამიატის ლიდერები ორგანიზაციას მიიჩნევდნენ "სახალხო ეროვნულ-პატრიოტულ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ მოძრაობად". ამ ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ნეონაცისტური იდეების გავრცელებაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დუგინი ახლადშექმნილი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის (რომელის უცვლელი ლიდერი გენადი ზიუგანოვია) პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთ ავტორად მოგვევლინა.

1993 წელს მან დააფუძნა ნაციონალ-ბოლშევიკური პარტია, რომელსაც 1998 წლამდე ლიდერობდა. პარტიის ემბლემას წარმოადგენდა მესამე რაიხის დროშა, იმ განსხვავებით, რომ მის ცენტრში სვასტიკის ნაცვლად ნამგალი და ურო იყო გამოსახული. ამ პარტიის იდეების გავლენით, 2006 წელს რუსეთში კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა - ნაციონალ-ბოლშევიკური ფრონტი დაარსდა. 2001 წელს დუგინმა პან-რუსული ევრაზიული მოძრაობა დააფუძნა, ერთი წლის შემდეგ კი - კიდევ ერთი პარტია, რომელსაც "ევრაზიული პარტია" უწოდა. თუმცა, დუგინის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვანი (ან თუნდაც უმნიშვნელო) წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევიათ.

მიუხედავად იმისა, რომ დუგინის გავლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა, მის ბიოგრაფიაში "დიდების მომენტები" მაინც მოიძებნება. ის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის, გენადი სელეზნიოვის მრჩეველი იყო, ასევე, კონსულტაციას უწევდა სერგეი ნარიშკინს, რომელიც სხვადასხვა დროს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი იყო, ამჟამად კი საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობს. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც დუგინი მის მრჩევლად მუშაობდა, ნარიშკინი დუმის დეპუტატი იყო.

დუგინი ოცდაათამდე წიგნის და ათეულობით სტატიის ავტორია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მისი ორი ნაშრომი სარგებლობს: 1997 წელს გამოცემული "გეოპოლიტიკის საფუძვლები - რუსეთის გეოპოლიტიკური მომავალი" და 2009 წელს გამოცემული "მეოთხე პოლიტიკური თეორია".

ალექსანდრ დუგინი ყურადღების ცენტრში სწორედ "გეოპოლიტიკის საფუძვლების" გამოცემის შემდეგ მოექცა. წიგნი მალევე იქცა რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის სასწავლო სახელმძღვანელოდ. წიგნის დაწერაში დუგინს გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი დაეხმარა. დუმის მაშინდელი სპიკერის, გენადი სელეზნიოვის აზრით, "დუგინის დოქტრინა სასკოლო კურიკულუმის განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო".

რას გვეუბნება "გეოპოლიტიკის საფუძვლები"? მასში ასახულია გზა, თუ როგორ უნდა გახდეს რუსეთი ევრაზიული სივრცის ჰეგემონი და დაიბრუნოს "ძველი დიდება". ამ გზაზე მთავარი მოწინააღმდეგეები ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არიან. რუსეთმა უნდა გამოიწვიოს დესტაბილიზაცია აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში, უნდა მოშალოს მისი სტაბილურობის საფუძვლები, გაააქტიუროს რასისტული ჯგუფები, გამოიწვიოს სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური კონფლიქტები. ამ გზით ამერიკის გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდება, რაც რუსეთს ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის ევრაზიული სივრცის ჩამოყალიბებისა და მასზე კონტროლის დამყარებისთვის.

ამავე ნაშრომში განხილულია, თუ როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მაგალითად, ფინეთი უნდა შეუერთდეს რუსეთს. მისი ერთი ნაწილი გაერთიანდეს კარელიის რესპუბლიკაში, ნაწილი კი - მურმანსკის ოლქში; ესტონეთი მოექცეს გერმანიის "გავლენის სივრცეში". ლიეტუვასა და ლატვიას მიეცეს სპეციალური სტატუსი ევრაზიულ სივრცეში; უკრაინამ არ უნდა იარსებოს, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, რადგან ეს ანომალიაა. უკრაინას არ გააჩნია არანაირი კულტურული და გეოპოლიტიკური უნიკალურობა. არ არსებობს არც უკრაინელი ერი; აზერბაიჯანი უნდა გაიყოს რამდენიმე ნაწილად ან გადაეცეს ირანს; ირანი საკვანძო პარტნიორია, რისთვის უნდა შექმნას მოსკოვი-თეირანის ღერძი; სომხეთი უნდა იყოს სტრატეგიული ბაზა ამ ღერძის ფუნქციონირებისთვის; საქართველო უნდა დაიყოს რამდენიმე ნაწილად. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას უნდა შეუერთდეს. საქართველომ არ უნდა აწარმოოს დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

"გეოპოლიტიკის საფუძვლები" დუგინის ფაშისტური, შოვინისტური და ბოლშევიკური შეხედულებების ერთი დიდი თაიგულია. ის, შეიძლება, მართლაც ასახავდეს რუსული საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობებსა და სურვილებს, თუმცა, მისი პრაქტიკული რეალიზაცია პუტინის რუსეთის პირობებშიც კი წარმოუდგენელია. რის გამოც, თავად დუგინს იმედებიც არაერთხელ გაუცრუვდა.

ქართველი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დუგინი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გაიცნო. აგვისტოს ომის დღეებში დუგინმა საკუთარ თავსაც "აჯობა" და დღემდე ცნობილთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველოფობიური სიტყვა წარმოთქვა. ამ გამოსვლაში დუგინმა ქართველ სამხედროებს დააბრალა უმწეო ქალების, მოხუცებისა და ბავშვების ყუმბარებით დახოცვა, ოსი ხალხის გენოციდი, რუსი "სამშვიდობოებისთვის" ზურგში სროლა, საბავშვო ბაღების დამომბვა და ა.შ. დუგინმა ამ გამოსვლაში დასვა რიტორიკული შეკითხვა - "და თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველივე ამის შემდეგ ქართველები ადამიანები არიან?!", რომელსაც თავადვე უპასუხა: "მე ასე არ ვფიქრობ. ხალხი რომელიც ასეთი ცხოველობის ჩამდენია, არ იმსახურებს ადამიანებად იწოდებოდნენ". ამის შემდეგ, მან აღნიშნა, რომ საქართველო თავს დაესხა რუსეთს და ამ ვითარებაში მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - "სრული გამარჯვება", რის მისაღწევადაც, დუგინის აზრით, აუცილებელი იყო "საქართველოს სრული ოკუპაცია და იქ "დემოკრატიული წესრიგის" დამყარება. ოსეთისა და საქართველოს რუსული პროტექტორატის ქვეშ მოქცევა. ტანკები თბილისზე! ეს ჩვენი გამარჯვების ერთადერთი ფორმულაა!"

დუგინის იმედები არ გამართლდა. საქართველოს ტერიტორიის სრული ოკუპაცია არ შედგა. ამაში კი მთავარი "დამნაშავე" საქართველოსთან ერთად, დასავლეთი იყო. ეს დუგინისთვის მძიმე მორალური დარტყმა აღმოჩნდა. აფხაზეთისა და ყოფილი "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" გამოცხადება მისთვის საკმარისი არ იყო, რადგან ის ამ ორივე ტერიტორიის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას ითხოვდა და ამის საფუძვლად აფხაზებისა და ოსების "მუდარას" ასახელებდა. ამ ცნობილ გამოსვლაში დუგინი რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ პირებს პატრიოტებად მოიხსენიებს, თუმცა "დანაშაულებრივად" აფასებს რუსეთის "დაგვიანებულ" რეაგირებას. ომის არასასურველი შედეგებით დასრულების შემდეგ კი ის კრემლის ღია კრიტიკაზე გადავიდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დუგინი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე იწყებს მუშაობას, 2009 წელს სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ხელმძღვანელის მოადგილე ხდება. ამავე წელს გამოდის მისი წიგნი "მეოთხე პოლიტიკური თეორია". ნაშრომი გვეუბნება, რომ აქამდე არსებობდა სამი პოლიტიკური თეორია: ლიბერალური დემოკრატია, მარქსიზმი და ფაშიზმი. ლიბერალური დემოკრატიის ცენტრში დგას ინდივიდი, მარქსიზმში - კლასი, ფაშიზმში კი - ნაცია (ერი). რაც შეეხება, მეოთხე პოლიტიკური თეორიას, დუგინის აზრით, მის ცენტრში დგას Dasein. Dasein გერმანული სიტყვაა, რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც "ადგილზე ყოფნა", "ადგილზე წარმოდგენა". მკვლევართა ნაწილის აზრით, ეს ნაშრომი იდეოლოგიურ საფუძვლად დაედო 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და დონბასის მოვლენებს. სწორედ მაშინ დუგინისთვის დიდების მორიგი მომენტი დადგა.

ყირიმის ოკუპაციისა და დონბასის მოვლენების დროს რუსეთში აქტიურად განიხილებოდა "მალოროსიის" შექმნის პროექტი, რომელიც სრულიად შეესაბამებოდა დუგინის იდეებს. ამ პერიოდში მას შედარებით ხშირად იწვევდნენ მსხვილ რუსულ ტელევიზიებში, თუმცა მას შემდეგ, რაც "მალოროსიის" პროექტი ჩავარდა, 2008 წლის მსგავსად, დუგინი კვლავ კრემლისა და პუტინის კრიტიკის რეჟიმზე გადაერთო.

ამავე პერიოდში, ის სერიოზულ სკანდალში გაეხვა, ამჯერად - უკრაინელების სიძულვილით გაჟღენთილი სიტყვის გამო: "უკრაინელები უნდა დავხოცოთ, დავხოცოთ და დავხოცოთ! მეტი მსჯელობა არაა საჭირო. ამას გეუბნებით, როგორც პროფესორი". ამავე პერიოდში მას კათედრის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, თუმცა, ეს ინიციატივა 10 000-მა ადამიანმა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე ხელმოწერილი პეტიციით გააპროტესტა. რექტორმა ვიქტორ სადოვნიჩიმ განაცხადა, რომ შეთავაზება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია(?) და დუგინი კონტრაქტის შესაბამისად, 2014 წლის სექტემბრამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პოზიციაზე გააგრძელებდა მუშაობას. ამ განცხადებით შეურაცხყოფილმა დუგინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დატოვა. მსგავსი განცხადებების გამო, დუგინი იმ პირთა სიაშიც აღმოჩნდა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს.

მას შემდეგ, რაც "მოლოროსიის" პროექტი ჩავარდა - არათუ უკრაინის, დონბასის სრული ოკუპაციაც ვერ მოხერხდა, ხოლო დუგინმა აკადემიური თანამდებობაც დაკარგა, მისი სრული მარგინალიზაცია დაიწყო. ზემოხსენებული მოვლენების შემდეგ, ალექსანდრ დუგინს მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ლიდერები თუ უსმენდნენ.

დუგინი და რელიგია

ცალკე აღნიშვნის ღირსია დუგინისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის საკითხი. 1968 წელს მიჩურინსკის ტაძარში ის დიდმა ბებიამ მონათლა. 1999 წელს დუგინი ძველმოწესეთა (სტაროვერი) ფრთას შეუერთდა. ეს რელიგიური მიმდინარეობა რუსეთის ეკლესიაში 1652-66 წლებში გატარებულ რეფორმებს უარყოფს და მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფილია. ამ ჟესტით დუგინი ხაზს უსვამს, რომ ძირძველ სლავურ ფესვებსა და რწმენასთან კავშირს არ კარგავს, რითიც საკუთარი კონსერვატიული იმიჯის გამყარებას ცდილობს. მიუხედავად ამისა, გეოპოლიტიკურ საკითხებში ის მოსკოვის საპატრიარქოს ექსპანსიონისტური პოლიტიკის მხარდამჭერია და "მართლამდიდებლური სამყაროს" კონცეფციას ემხრობა, რომლის ლიდერადაც, რა თქმა უნდა, რუსეთი მოიაზრება.

დუგინი და საქართველო

დუგინის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველების მიმართ, კარგად ჩანს უკვე ხსენებულ "გეოპოლიტიკის საფუძვლებში" და მის 2008 წლის აგვისტოს გამოსვლაში, ამიტომ ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. ამ ნაწილში, ვისაუბრებ მის კავშირებზე ქართველ მეწარმე-პოლიტიკოსებთან და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებთან.

2008 წლის შემდეგ ვინმეს ძნელად თუ წარმოედგინა, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესში ჩართული ადამიანები ღიად დაუკავშირდებოდნენ ისეთ ოდიოზურ და, ამავე დროს, დღეისთვის უკვე ნულოვანი გავლენის მქონე პერსონას, როგორიც ალექსანდრ დუგინია. თუმცა ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელი რამ შეიძლება რეალობად იქცეს და ბოლო წლებში მის ქართველ მეგობრად ბიზნესმენი და აწ უკვე პოლიტიკოსი ლევან ვასაძე მოგვევლინა. სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ვასაძეს არასოდეს უცდია დაემალა დუგინთან საკუთარი კავშირის შესახებ.

პირადი შეხვედრების გარდა, ის სტუმრობდა ტელეკომპანია "ცარგრადის" ეთერს, რომელსაც დაფუძნების შემდეგ დუგინი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ "ცარგრადი" რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის მიერ ფინანსდება. 2020 წელს მალოფეევის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო "იუთუბმა" არხის კონტენტი საკუთარ პლატფორმაზე დაბლოკა.

რას ლაპარაკობდა ვასაძე "ცარგრადზე", ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ - ისეთს არაფერს, რასაც სხვაგან არ ამბობს. უფრო საინტერესოა, როგორ აფასებს ის დუგინის პერსონას. ვასაძის თქმით, მისი დუგინთან ურთიერთობა პატრიოტული მოტივებითაა განპირობებული და იმდენიც კი შეძლო, რომ მტრულად განწყობილი რუსი იმპერიალისტი საქართველოს მიმართ სიმპათიით განაწყო. ალბათ, სწორედ ამ სიმპათიის გასამყარებლად ხვდებოდა ვასაძე თავის მეგობარს 2021 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მოსკოვში.

საყურადღებოა, რომ მხოლოდ ვასაძე არ ყოფილა "ცარგრადის" სტუმარი. დუგინიც სტუმრობდა მკვეთრად შოვინისტურ, ულტრა-მემარჯვენე და რუსული ნარატივების აქტიურ გამავრცელებელ ქართულ ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" - არხს, რომლის წამყვანთა განცხადებებითაც, საქართველოს ერთადერთი ხსნა რუსეთია და "ოკუპაციის დემონიზება არ ღირს". ამ ტელევიზიის ეთერში მან სხვადასხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთან მისი დამოკიდებულების შესახებაც ისაუბრა. იმის მტკიცების გარდა, რომ საქართველო და ქართველი ერი ძალიან უყვარს, დუგინმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორი სახელმწიფო უნდა იყოს საქართველო. მისი თქმით, ჩვენ უნდა ვიყოთ "მართლმადიდებლური", "კონსერვატიული", "რეალურად დამოუკიდებელი" სახელმწიფო, რომელსაც ექნება კარგი ურთიერთობა რუსეთთან და არ ექნება დასავლური და ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებები. სინამდვილეში, ამ ნათქვამში არაფერია ახალი და არც ვასაძის მიერ შეცვლილი დამოკიდებულება იკვეთება სადმე. ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს საქართველოსგან უნდა - არ ჰქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა და მართავდეს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის დირექტივების მიხედვით იმოქმედებს.

საინტერესოა, რომ ამავე ტელეკომპანიის ეთერში დუგინმა და გადაცემის წამყვანმა გაარჩიეს მისი "მეოთხე პოლიტიკური თეორია". საუბრისას ყურადღება გამახვილდა ჩვენ მიერ ხსენებულ გერმანულ სიტყვაზე Dasein. დუგინმა აღნიშნა, რომ ეს სიტყვა ეკვივალენტურია ქართული სიტყვისა "ერი", რომელიც მან ქართულად რამდენჯერმე წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ეს შესანიშნავი ტერმინი მას ლევან ვასაძემ გააცნო. გამოდის, რომ ამ თეორიის ცენტრში დგას ქართული სიტყვა "ერი", ოღონდ ლევან ვასაძისა და ალექსანდ დუგინისეული განმარტებით. შესაძლოა, შემთხვევითი არც იყოს, რომ ცოტა მოგვიანებით ლევან ვასაძემ საკუთარ პოლიტიკურ მოძრაობას "ერი" დაარქვა.

დუგინი აქტიურად ეხმიანებოდა საქართველოში მიმდინარე წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც და თავის "ფეისბუქ"-გვერდზეც აზიარებდა ქართული შოვინისტური ჯგუფების წევრების პოსტებს. შემდეგ კი, ეგზომ კომიკური სტატუსი დაწერა, რომლის მიხედვითაც, ამ ძალადობრივი ჯგუფების გავლენით, იტალიური არისტოკრატიის წარმომადგენლები კათოლიციზმს თმობენ და მართლმადიდებლურად ინათლებიან. ამ სტატუსს, თავის მხრივ, აქტიურად აზიარებდნენ იმ ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა "გავლენითაც" "იტალიელი არისტოკრატები მართლმადიდებლურად ინათლებიან" და ამბობდნენ, "აქ ზოგი კიდე აზრზე არაა, რა გავაკეთეთო".

ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ ალექსანდრ დუგინი, რომელიც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის - გავლენიანი მედიების აზრით, "კრემლის მთავარი იდეოლოგია", დღეისთვის, ერთი, სრულიად მარგინალიზებული და გაკოტრებული "ინტელექტუალია", რომელსაც რუსეთში აღარავინ უსმენს და იძულებულია, საკუთარი აზრები პერიოდულად "ალტ-ინფოს" ეთერსა და ვასაძესთან "ინტელექტუალურ" საუბრებში მაინც გააჟღეროს.

შესაბამისად, წარმოდგენა იმის შესახებაც, რომ საქართველოში მოქმედ ამ მარგინალურ ჯგუფებს პირდაპირი კავშირი აქვთ კრემლთან და მათ პოტენციურად რუსეთთან "ურთიერთობების დალაგება" შეუძლიათ, ნამდვილად გადაჭარბებულია. ამ ჯგუფებს რუსეთთან საუბრის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, მათ მხოლოდ მოსკოვის საშუალოზე დაბალი რანგის წარმომადგენლების ტაქტიკური დავალებების შესრულება ევალებათ, რისთვისაც შესაბამის რესურსებს იღებენ. მათი ნაწილი მავნებელი, ნაწილი კი - სასარგებლო იდიოტია, რომლებიც საკუთარი ხელით აკეთებენ მოსკოვის პირდაპირი ინტერესებისთვის სასარგებლო საქმეს. დაახლოებით, ისე, როგორც დუგინი თავის "გეოპოლიტიკის საფუძვლებში" წერს: არიონ ქვეყანა შიგნიდან, მოქმედებაში მოიყვანონ სხვადასხვა შოვინისტური და აგრესიული ჯგუფები, მოშალონ სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძვლები, რათა მას საშუალება აღარ ჰქონდეს, რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდეს.

პრაგმატული ევრაზიანიზმი

ამ ვრცელი ტექსტის გაცნობის შემდეგ ლოგიკურად შეიძლება დაიბადოს კითხვა: თუ რუსეთის ევრაზიონისტული პოლიტიკა პრაქტიკაში არც დუგინის და არც მისი წინამორბედი ავტორების ნაშრომებს ეფუძნება, მაშინ რა არის მისი საფუძველი? არის კი ევრაზიანიზმი რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ ევრაზიანიზმი, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, გნებავთ, პოლიტიკური თეორია და ევრაზიანიზმი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკური იდეების სისტემა. პრაქტიკაში ევრაზიანიზმი სწორედ ამ უკანასკნელს ეფუძნება. დუგინისა და მისი წინამორბედების იდეები კი, დიდწილად, იდეებად რჩება, რომელსაც განჭვრეტად მომავალში ასრულება არ უწერია.

ევრაზიონიზმს, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე, აკადემიურ წრეებში "პრაგმატულ ევრაზიონიზმად" მოიხსენიებენ. მისი ინსპირაციის წყარო კი ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის 1994 წლის მარტში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოთქმული სიტყვაა. ამ გამოსვლისას მან წარმოადგინა იმ დროისთვის სრულიად ახალი პარადიგმა - ევრაზიული კავშირის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ეკონომიკურ ინტეგრაციასა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე.

სწორედ ნაზარბაევის ეს გამოსვლა დაედო საფუძვლად ევრაზიის საბაჟო კავშირის შექმნას, რომელიც შემდგომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად გარდაიქმნა. ამავე პარადიგმაში ჯდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაც, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის 6 სახელმწიფოს გარდა, 2017 წლიდან ინდოეთი და პაკისტანიც გაწევრდნენ.

ამ ეკონომიკურ გაერთიანებებს, ისევე როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს, კრემლი თავისი ევრაზიული პოლიტიკის პრაქტიკაში გატარების ინსტრუმენტებად იყენებს.

ცხადია, არსებობს უფრო ამბიციური მიზნებიც, ეს ორგანიზაციები იქცნენ დასავლური ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების (ევროკავშირი, ნატო) რეალურ ალტერნატივად, თუმცა, ამის მიღწევა რეალობაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

დავით ბრაგვაძე

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს