"ყველა, ვინც იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს"
ყველა, ვინც იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის მცდელობა, რომ გავიდეს სამშვიდობოს და იქცეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს პრობლემად მიაჩნია, რაშიც ხელს ,,გზააბნეული, თუ შეგნებულად მტრის მხარეზე მყოფი ქართველები უწყობენ”.
"რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დიდი რაოდენობით დაიწყეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა 7 აგვისტოს, რისი არაერთი მტკიცებულებაც არსებობს. როდესაც ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მეორე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებს კვეთს ამ ქვეყნის თანხმობის გარეშე, ეს არის ომის აქტი და ნებისმიერ ქვეყანას ასეთი სამხედრო აგრესიის დროს აქვს თავდაცვის უფლება. სწორედ ამიტომ, ყველა, ვინც იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო ომი, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ამბობს, რომ საქართველო რუსეთს დაესხა თავს საკუთარ ტერიტორიაზევე. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც გაწირეს სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს იყო ერთ-ერთი ეპიზოდი იმ ბრძოლისა, რომელშიც 1921 წლიდან არის ჩართული ჩვენი ქვეყანა. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება, ეს არის ქართველი ხალხის მცდელობა გავიდეს სამშვიდობოს და იქცეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად. ეს მიაჩნია პრობლემად ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს და ამაში ხელს უწყობენ გზააბნეული, თუ შეგნებულად მტრის მხარეზე მყოფი ქართველები”, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.