ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს, ბერ-მონაზონია - კვირის პალიტრა

ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს, ბერ-მონაზონია

ბორჯომში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს, ბერ-მონაზონია.

"ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკითხვის შემდეგ ბერ-მონაზონი ანტონ მაისურაძე დააკავეს.

"მოკლულ ლევან ნამგალაძეს და ბრალდებულს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლობლობდნენ და ხშირად სხვადასხვა ადგილზე ერთადაც ჩნდებოდნენ. მკვლელობის ღამეს არანაირ "გარჩევებს" და კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გვიან ღამემდე ახლობლები ლიკანში იმყოფებოდნენ ლევან ნამგალაძესთან სუფრასთან, საკმაოდ გვიან დაიშალნენ. ამბობენ, რომ იმ ღამით ნამგალაძეს და ბერ-მონაზონს რამდენჯერმე ჰქონდათ სატელეფონო საუბარი და კამათი მოუვიდათ, ამის შემდეგ ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს ანტონ მაისურაძე და ლევან ნამგალაძე. მათ ერთმანეთში მოუვიდათ კონფლიქტი, როგორც ვიცით, ლევანმაც ისროლა, თუმცა, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ამის შემდეგ მას მიაყენა ბრალდებულმა სხეულზე დაზიანებები, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. როგორც ვიცით, არტერია ჰქონდა დაზიანებული და საავადმყოფოში მიყვანამდე დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა", - აცხადებს ერთ-ერთი წყარო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ბერ-მონაზონი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა.

"საქმის დეტალები არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ დაკითხვაზე იყო აღნიშნული პირი დაბარებული, ისტორია რით გრძელდება, ეს არ ვიცი. დაკითხვაზე ნამდვილად იყო დაბარებული მკვლელობასთან დაკავშირებით. დეტალებს ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ. ის არ არის მღვდელი, მე რამდენადაც ვიცი, ბერ-მონაზონია. ჩემი ინფორმაციით, წალკაში მსახურობდა. არ ვიცი რა კავშირი ჰქონდა მას გარდაცვლილთან. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განცხადება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია "АК 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: საპატრიარქო ბორჯომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულ ბერ-მონაზონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"