"პუტინმა მკაც­რი უარი მი­თხრა «Niet, niet, niet»... წყობიდან იყო გამოსული, პირჯვარს იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა" - კვირის პალიტრა

"პუტინმა მკაც­რი უარი მი­თხრა «Niet, niet, niet»... წყობიდან იყო გამოსული, პირჯვარს იწერდა, როცა საქართველოს პრეზიდენტის გვარს ახსენებდა"

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

მაშინ აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 13 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

სწორედ 2008 წლის მოვლენებზე წერს დეტალურად ნიკოლა სარკოზი მემუარულ წიგნში Le Temps des Tempêtes (ქარიშხლების დრო). ის დეტალურად იხსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი მაშინ, როდესაც თავად პეკინის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ავტორი მემუარულ ჟანრში ვრცლად აღწერს ომს და მოლაპარაკების პროცესში მის პირად მონაწილეობას.

გთავაზობთ ნაწყვეტს სარკოზის წიგნიდან, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბუბა კუდავამ თარგმნა:

8 აგვისტო, 2008. პეკინი. ოლიმპიადის გახნის ცერემონია სტადიონზე

გაფითრებული და მკაცრი სახით მოემართება ჩემსკენ ჩემი დიპლომატიური გუნდის უფროსი და ამავდროულად "შერპა" ჟან-დავიდ ლევიტი. "ახლახან შევიტყვე უკიდურესად შემაშფოთებელი ამბავი. რუსეთის არმია საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პროცესშია. როგორც ჩანს, ქვეყნის დაპყრობა უნდათ. ახლა ვამოწმებ ამ მოვლენების სინამდვილეს".

ვლადიმერ პუტინი ჩემგან ოც მეტრში იყო. მაშინვე გავემართე მისკენ. ვთხოვე, ორმოცდარვა საათი მოეცა, ამბის ჩასაწყნარებლად. მკაცრი უარი მითხრა "Niet, niet, niet".

აქ ნამდვილად არ იყო ამგვარი დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი. თან, არ მინდოდა საჯარო სკანდალი. ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულებულიყო. ბოლოს ტრიბუნაზე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და აღვფრთოვანდი გახსნის ცერემონიის სოცარი სილამაზით. პეკინში იმ დილით ჩამოვედი და ცერემონიის დასრულებისთანავე უკან უნდა გავფრენილიყავი. ლუი მახლდა თან, ჩემი 11 წლის შვილი. დიდი სიჩქარით გადავკვეთეთ ღამის პეკინი. პრეზიდენტის თვითმფრინავში შევედით თუ არა, დაღლილობისგან მოვიცელეთ. რამდენიმე წუთით ჩემს თანმხლებ გუნდს გავესაუბრე. "სამწუხაროდ, ფაქტები დასტურდება" - იყო ჟან-დავიდ ლევიტის პირველი კომენტარი.

ამ შუაღამეს არაფრის გაკეთებას ან მცდელობას აზრი არ ჰქონდა. ჩემი თვითმფრინავი ტულონში უნდა დაშვებულიყო, რომ 15 აგვისტოს უქმეები კაპ ნეგრზე გამეტარებინა, სადაც უკვე კარლა მელოდებოდა. ზუსტად დილის საუზმისთვის მივედი. ჯადოსნური დილა იყო, მზე უკვე კარგად აცხუნებდა. ჩემი ცოლი მელოდებოდა. ზღვა ფარფლებით დაფარულ ტბას გავდა, რომელზეც თვალისმომჭრელი სინათლე ბრწყინავდა. თვითმფრინავში გატარებული გრძელი ღამის შემდეგ დაღლილობა გამიქრა.

ყოველდღიურ ჯოგინგზე გავემართე. დაბრუნებულს მითხრეს, რომ პარიზში ჩასულმა ჟან-დავიდ ლევიტმა ორჯერ სცადა ჩემთან დაკავშირება. გადავურეკე უსაფრთხო კავშირით, რომელიც უკვე დააყენეს აქ. ცუდი ამბები იყო, რუსეთის არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და უარესიც, დედაქალაქ თბილისისკენ მიემართებოდა. მსოფლიო შოკში იყო.

გადავწყვიტე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევისთვის დამერეკა. ამ პირველმა გადაწყვეტილებამ დიპლომატების ცხარე კამათი გამოიწვია. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იმ დროს ნამდვილი და ერთადერთი პატრონისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის უნდა დამერეკა და ისეთები, რომლებიც პროტოკოლური წესების პატივისცემისკენ, პრეზიდენტის პრეზიდენტთან საუბრისკენ იხრებოდნენ. მე ამ მეორე შეთავაზების სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობდი რომ სხვაგვარი ქმედებით პრეზიდენტ მედვედევს დავამცირებდი, რასაც ნამდვილად არ იმსახურებდა.

და ისიც მესმოდა, რომ კრიზისის სიმწვავის გათვალისწინებით, თუ პუტინს მოუნდებოდა ჩარევა, უკან ნამდვილად არ დაიხევდა. ასე რომ, მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე, მედვედევით დაგვეწყო. ყოველგვარი სირთულის გარეშე დავუკავშირდი. სიტუაცია მიუღებელი იყო, მაგრამ უნდა მქონოდა გულწრფელობა მეღიარებინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა მოვლენების დასაძაბად.

სწორედ ამის გამო მოგვიწია ელისეს სასახლეში ამ ქვეყნის ელჩის დაბარება რომ გაგვეფრთხილებინა, რომ ევროპა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, სამხედრო გზით არ ჩაერეოდა რუსეთის პასუხის შემთხვევაში. ბერნარ კუშნერმა დაურეკა მის ქართველ კოლეგას, რომ იგივე გზავნილი გადაეცა.აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი ქართული რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოსთვის დაახლოებით იგივეს წარმოადგენდა, რასაც ალზასი და ლოტარინგია საფრანგეთისთვის. ამას იმისთვის ვამბობ, რომ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მგრძნობიარე თემასთან გვქონდა საქმე.

სააკაშვილს თანამოქალაქეების ეროვნულ გრძნობებზე მოქმედება სურდა, სამაგიეროდ კი მხოლოდ რუსული დათვის გაღვიძება მოახერხა. მისი ბუნაგში დაბრუნება სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა.სანამ მედვედევს დავურეკავდი სამპუნქტიანი გეგმა შევიმუშავე, რომლის მიზანი იყო ერთგვარ სტატუს კვო ანტეზე დაბრუნება. მან ჩვეული გულახდილობით ჩაინიშნა ჩემი წინადადებები, მაგრამ არაფერს დამპირებია. ამავე დროს, რუსული ძალები აგრძელებენ წინსვლას ქართული ტერიტორიაზე. 11 აგვისტოს, მხოლოდ 25 კილომეტრში იყვნენ თბილისიდან.

მე უარესი სცენარისთვის ვიყავი მზად, რაც ნიშნავდა რომ რუსები დაიპყრობდნენ დედაქალაქს, ჩამოაგდებდნენ სააკაშვილს და იქ დასვამდნენ პრორუსულ ხელისუფლებას.ჯორჯ ბუშმა დამირეკა და მითხრა რომ ფრანგულ გეგმას მხარს უჭერდა, მაგრამ იქვე მოითხოვდა, რომ რუსები ""დასჯილიყვნენ", (საბედნიეროდ) სამხედრო შეტევის გარეშე. ორ ცეცხლშუა ვიყავი. რუსებს მე ქართველების მხარეს ვეგონე, ამერიკელებს და ევროპის ნაწილს კი ზედმეტად შემრიგებლად მივაჩნდი. თუ საქმეს ოპტიმისტურად შევხედავდით, ეს იმასაც შეიძლებოდა ნიშნავდა, რომ მე "გაწონასწორებული" პოზიცია მეჭირა. კიდევ ორჯერ ვესაუბრე დიმიტრი მედვედევს.

ბუნდოვნად ვგრძნობდი, რომ შორს არ იყო დაეჯერებინა, ის რასაც დაუღალავად ვუხსნიდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორს მიდიოდა და შედეგად რუსეთის რეპუტაცია მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დგებოდა. ის მე ამას არ მეტყოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უფრო და უფრო ნაკლებად იყო გაჯიუტებული ოფიციალურ პოზიციაზე. ვიცოდი, რომ ის არ იყო საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ პუტინის ნდობით სარგებლობდა. გადავწყვიტე ამ ყოყმანის პერიოდით მესარგებლა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა ბოლომდე. ჩემს თანამოსაუბრეს შევთავაზე მოსკოვში ჩავსულიყავი რეალური მოლაპარაკებისთვის.

ერთადერთი, მაგრამ უდიდესი პირობა წამოვაყენე, შეეჩერებინა რუსი ჯარების წინსვლა. უფრო ზუსტად ეს ვუთხარი: "ჩამოვალ მოსკოვში, მაგრამ როცა ჩემი თვითმფრინავის ბორბლები დასაფრენ ბილიკს შეეხება, ველოდები თქვენს ტელეგრამას, რუსეთის ჯარების შეჩერების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გადმოვალ თვითმფრინავიდან და მაშინვე უკან გავემგზავრები".

მე მჭირდებოდა ეს გარანტია, რადგან ჩემი გუნდის დიდი ნაწილი დარდობდა რომ ჩემი მოსკოვში ვიზიტი ხაფანგი იყო, რომელიც რუსებს დროის მოგების საშუალებას მისცემდა, რომ დაესრულებინათ თავიანთი სამუშაო. მიუხედავად ყველაფრისა, ვარჩიე გამერისკა და ნდობა გამომეცხადებინა მედვედევისთვის. ასე რომ, პეკინიდან დაბრუნებულები სამ დღეში მოსკოვში წავედით. გადამცემების სპეციალისტმა, რომლებიც თან მახლდა საპრეზიდენტო თვითმფრინავში, დაფრენამდე ათი წუთით ადრე გადმომდა კომუნიკე, რომლითაც რუსეთის ტანკებს უბრძანეს შეეჩერებინათ წინსვლა. გააგრძელეთ კითხვა