"სააკაშვილი უკვე ოთხმოცდამეჩვიდმეტედ ამბობს, საქართველოში მოვდივარ, საზღვართან ხალხი მხვდება და "ოცნებასთან" ომს ვიწყებო, მაგრამ..."
"ახლა სააკაშვილს საბაბი მიეცა ილაპარაკოს, რომ პუტინს სძულს, მისი დევნა შეუკვეთა და რუსეთის მოკავშირე ის კი არა, "ქართული ოცნებაა"
"რუსეთი თავის განცხადებებში საკმაოდ თანამიმდევრულია, როცა სურს გაუგებრობა და საკამათო თემა შემოიტანოს", - ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის თაობაზე. მისი თქმით, ეს განცხადება აგრესიული პოლიტიკის შეფუთვის მცდელობაა. "რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ოკუპაციას დაუმატოს გარკვეული ელემენტები, თუნდაც პასპორტების დარიგების თემა. ბორდერიზაციას მიჰყვება ინტენსიურად. ოკუპაციის ყოველდღიური გამოვლინების ფონზე, არ ვიცი, ვისი გულის მოსაგებად კეთდება ამგვარი განცხადება", - ამბობს გია ვოლსკი, რომელიც ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება:
- რუსეთის ყველა განცხადების უკან მისი სტრატეგიული მიზნები დგას. წინასაარჩევნოდ შემოიტანა თემა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას რუსეთის თემით სპეკულირების საშუალებას აძლევს.
რუსეთმა "ნაცმოძრაობასაც" კარგად შეუწყო ხელი იმით, რომ სააკაშვილი მტრად გამოაცხადა. არადა, ყველამ იცის, რომ რუსეთმა აგრესიული გეგმები სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, დასავლელი პარტნიორების რჩევების უგულებელყოფის შედეგად განახორციელა.
ახლა სააკაშვილს საბაბი მიეცა ილაპარაკოს, რომ პუტინს სძულს, მისი დევნა შეუკვეთა და რუსეთის მოკავშირე ის კი არა, "ქართული ოცნებაა".
ნახეთ, როგორ თამაშობს სააკაშვილი მათ განცდებზე, ვინც 8 აგვისტოს ომის შედეგად ოჯახის წევრები და სახლ-კარი დაკარგა. იმაზე კი არაფერს ამბობს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცებთან ერთად სამოქალაქო პირებიც რომ მიატოვა. აი, ეს არის რეალური სურათი და ამის უკან სხვა მოსაზრება, ფაქტი ან მიზეზ-შედეგობრივი მტკიცებულება არ არსებობს. ჩვენ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსეთი იმას ფიქრობს, რაც შეიძლება ჩვენთვის კარგი იყოს. მით უმეტეს, ამ პერიოდს ემთხვევა პასპორტების საკითხი და ანექსიის ნიშნები აფხაზეთსა და ცხინვალში.
- ფიქრობთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიზანი მხოლოდ რიგი პარტიებისთვის რუსეთის თემით სპეკულირების შესაძლებლობა იყო და სხვა ტიპის საფრთხეებს არ უნდა ველოდოთ? - საფრთხეებს, გამოწვევებს, სიტუაციის არევის მცდელობას რუსეთისგან სულ უნდა ველოდოთ. რუსეთის სტრატეგიული გეგმა სრულიად არ გულისხმობს საქართველოსთან კეთილმეზობლობას, თუნდაც ცხინვალისა და სოხუმის გარეშე.
მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, არ დაუჯერონ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გეტყვით, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით ჩვენ ოკუპაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოვაგვარებთ. გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ აქედან რამდენიმე ქართველი დეპუტატი პრეზიდენტ პუტინს თხოვნას შეუთვლის ან მოსკოვში ჩავა და ისე სთხოვს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას და ისიც მოწყალებას გაიღებს.
- ის, რომ კრემლის ინიციატივას წინ უძღოდა "პატრიოტთა ალიანსის" პუტინისადმი მიმართვა სწორედ დიალოგის აღდგენის შესახებ, მხოლოდ დამთხვევაა? - ვფიქრობ, ეს პარტია ფიქრობს, რომ შეუძლია საზოგადოების ნაწილის დარწმუნება, რომ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობა, თუნდაც პუტინის ღიმილი თუ მხარზე ხელის მოთათუნება რაიმე სიკეთეს მოუტანს საქართველოს...
რასაკვირველია, პუტინს არ აწყობს, ჩვენ რომ ერთმანეთის ჭამას თავი დავანებოთ, ამიტომ ყოველთვის შემოგვიგდებს ერთმანეთთან დასაპირისპირებელ თემებს და ირმა ინაშვილისა თუ ნინო ბურჯანაძის მსგავს პერსონებსაც საშუალებას მისცემს არ დაიკარგონ პოლიტიკიდან.
- ფიქრობთ, რომ 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირება და ვადამდელ არჩევნებზე წინსწრებით კატეგორიული უარის თქმა არ გახდება საზოგადოებაში კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი და დასავლელი პარტნიორებისთვის იმედგაცრუების მიზეზი? ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არ ახეირებს რუსეთს? - რუსულ თემაზე მუდმივად შეგვიძლია საუბარი, ეს ყოველდღიურობად იქცა. სინამდვილეში მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, ნაცვლად იმისა, სტაბილურობა უზრუნველეყო, პოლიტიკურ ველზე გამოყენებულ იქნა დამატებით მექანიზმად, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური განწყობებისათვის. რუსეთის სახეირო სწორედ დესტაბილიზაციაა და არა ამა თუ იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა ან არმოწერა.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, არჩევნების შემდეგ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე გადაწყდება ვადამდელი არჩევნების ჩატარების ბედი. დღევანდელ პოლიტიკურ ველზე კონკრეტულ სუბიექტებს პოლიტიკური საქმიანობის, არჩევნების ინტერესი არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი ამოცანა დესტაბილიზაციაა. ამ მხრივ კი სააკაშვილისა და რუსეთის ინტერესები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. არავინ დარჩება გულგრილი იმის მიმართ, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქვია, მით უფრო პანდემიის საშიშად გამწვავების დროს. ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური თვითშეგნება და კულტურა გაცილებით მაღალია და მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ პოლიტიკური სუბიექტების სურვილებს, ვინც საქართველოში მდგომარეობის შერყევას ცდილობს. გამომდინარე აქედან, საზოგადოება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ სუბიექტებზე გაიმარჯვებს. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ მიშელის შეთანხმებაში გაწერილ რიგ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება. სასამართლოს რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი. იქნება მსჯელობა პარლამენტის კომიტეტების გადანაწილების თემაზე, რაც მსოფლიოში პოზიტიური პრაქტიკაა, მაგრამ თუ შედეგი არ მოიტანა და სიტუაციის უფრო არევას ემსახურება, არა მგონია, ამაზე ვინმეს პოზიტიური შეხედულება ჰქონდეს, იქნება ეს ჩვენი მოქალაქე თუ აშშ-ის ელჩი.
- სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დროს საჭირო ადგილზე იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? - არაფერიც არ მოხდება, სააკაშვილი მხოლოდ დაძაბულობის შექმნას ცდილობს.
როგორც კი ქვეყანაში დაძაბულობის მუხტი მინელდება, სააკაშვილი ამბობს, რომ ჩამოვა. ისევ რუსული თემის შემოტანას ცდილობს. სხვას ვეღარაფერს იგონებს და რა ქნას. ფაროსანას თემიდან დაწყებული, ცხონებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, ყველა თემის გამოყენებას ცდილობენ დესტაბილიზაციისთვის. არ არის გამორიცხული, 2 ოქტომბრისთვის რაიმე პროვოკაციაც დაგეგმონ, მაგრამ უკვე დიდი ხანია საზოგადოების ანკესზე წამოგებას ვერ ახერხებენ.
უკვე ოთხმოცდამეჩვიდმეტედ ამბობს, საქართველოში მოვდივარ, საზღვართან ხალხი მხვდება და "ქართულ ოცნებასთან" ომს ვიწყებო, მაგრამ ხომ ხედავთ, მათ დაძახილზე ხალხი აღარ გამოდის.
ხათუნა ბახტურიძე