"ოპოზიცია ხალხს არ ეუბნება­ რისთვის იბრძვის, გარდა იმისა, რომ უნდა "დაამხონ ქოცები" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ხალხს არ ეუბნება­ რისთვის იბრძვის, გარდა იმისა, რომ უნდა "დაამხონ ქოცები"

"თუკი "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ მიიღებს, გამოიძებნება გზები, როგორ ჩატარდეს 2022 წელს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, როგორც ეს მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული... შეიძლება ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. რაც უნდა გააკეთოს "ოცნებამ", პროცესის გაჩერება შეუძლებელი იქნება", - აცხადებს "გირჩის" ერთG-ერთი ლიდერი, დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი:

- თუ "ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს და ვადამდელ არჩევნებზე მაინც უარს იტყვის, ოპოზიციამ აქციები უნდა დაიწყოს.

უკეთესად უნდა მოვემზადოთ ან 2024 წლის არჩევნებისთვის, ან იმისთვის, რომ ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში, მოვუწოდოთ მხარდაჭერისკენ დასავლეთს და ხელისუფლებას ძალით დავანიშნინოთ რიგგარეშე არჩევნები. გააჩნია, როგორი იქნება "ოცნების" შედეგი - რამდენადაც ნაკლები იქნება 43%-ზე, მით უფრო აქტიური იქნება მოთხოვნა...

- ხალხის გამოყვანას როგორ მოახერხებთ? ოპოზიციისთვის ხალხის ქუჩაში გამოყვანა ბოლო დროს დილემად იქცა. - აუცილებელია ხალხმა იცოდეს, ოპოზიციის მოგების შემთხვევაში რა შეიცვლება მათთვის. ოპოზიცია მთავარ შეცდომას უშვებს, როცა ხალხს არ ეუბნება რისთვის იბრძვის, გარდა იმისა, რომ უნდა "დაამხონ ქოცები". ხალხისთვის ეს არ არის ის მთავარი პერსპექტივა, რისთვისაც ბრძოლას გააგრძელებს. მისთვის პერსპექტივაა ისეთი ქვეყანა, სადაც ცხოვრება მოუნდება.

- რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის IRI-ს კვლევის შედეგი?

- შარშან ამ დროს ჩაატარა IRI-მ კვლევა და ჩვენ არც ერთი პროცენტი არ გვქონდა, თუმცა არჩევნებზე 3% მივიღეთ. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ "გირჩი" გაიყო, კვლევაში ორივე "გირჩი" ვიკითხებით... არ ვიცი, ქართული პოლიტიკა მოულოდნელობებით არის სავსე.

- მოულოდნელობებით არის სავსე თქვენი საარჩევნო კამპანიაც. საარჩევნო კომისიებში ადგილების აუქციონის წესით გაყიდვის შემდეგ არჩევნებში მონაწილეებისთვის "ტესლას" გათამაშება დააანონსეთ. - აუქციონის გამოცხადება "გირჩის" ერთ-ერთი საინტერესო პროექტია. ჩვენ პირველად ვაჩვენეთ ხალხს, თუ რას ნიშნავს საბიუჯეტო რესურსი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში ფარული გარიგებებისთვის იყენებდნენ. სხვათა შორის, ეს მიშელის შეთანხმების დამსახურებაა. შეიცვალა საარჩევნო კოდექსი და ბევრ პატარა პარტიას გაუჩნდა ადმინისტრაციული რესურსი, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში 3800 უბანზე შეგიძლია გყავდეს წარმომადგენელი, რომელსაც მცირე თანხით აფინანსებს ბიუჯეტი. წარმოიდგინეთ, მერის საერთო კანდიდატს ვერ პოულობს ოპოზიცია და 3800 ადგილი დააკომპლექტო, სადღაც 200 ლარია ერთ კაცზე გამოყოფილი ბიუჯეტიდან. დარწმუნებული ვარ 1.000 ლარი მაინც დაჯდება ერთი კაცის ხარჯი, რომ ტრენინგი ჩაუტარო და მოამზადო. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეყიდა. აუქციონები საჯაროა და ყველას შეუძლია მონაწილეობა.

- ამ შეთავაზებას გამოხმაურება მოჰყვა? - კი, თავიდან აუქციონზე თბილისი გამოვიტანეთ, საშუალო ფასი საკმაოდ დაბალი იყო - 45 ლარი. ეს იმიტომ, რომ პარტიებმა ვერ დაიჯერეს, თუ მართლა ვაკეთებდით ამას. მეორე დღეს კახეთში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და აუქციონის ფასი 100 ლარს გადასცდა. დარწმუნებული ვარ "ოცნება" იყიდდა... კოლეგა პარტიებს ვჩუქნით, გვინდა რაღაც პარიტეტი იყოს დაცული. ვთქვათ, სადმე მოხდა კონფლიქტი და შენ გყავს მეტი წარმომადგენელი უბანზე, ხმის დაცვის მეტი გარანტია გაქვს. ამიტომ ყიდულობენ მას. ჩვენს ხმებს კი იგივე ხალხი დაიცავს, ვისზეც გავყიდეთ. რა თქმა უნდა, ამით მოვიპოვებთ რესურსს, რომლითაც დავაფინანსებთ წინასაარჩევნო კამპანიას. სადღაც 100.000-ის უკვე გავყიდეთ. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ახალი ტექნოლოგია დავნერგეთ. კარდაკარის ნაცვლად დავიწყეთ კამპანიის ზუმით ჩატარება. ჯერ ერთი, პანდემიის დროს მეტად დაზღვეული ვართ და მეორეც, ფულსაც ვზოგავთ. მთელ საქართველოს შევხვდებით ზუმის საშუალებით. ჩვენს ამომრჩეველსაც მეტი შესაძლებლობა მიეცემა დისკუსიებში ჩასართავად. "ტესლას" პროექტი მალე დაიწყება. 2020 წლის არჩევნების შედეგად მოპოვებული თანხა, ნახევარი მილიონი, უახლოეს დღეებში ჩაგვერიცხება. ბოიკოტის დროს ამ თანხაზე უარი გვითხრეს, ახლა გვაძლევენ.

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ფულით ელექტრომობილი "ტესლა" შევიძინოთ და გავათამაშოთ მათთვის, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. დაგვაკვირდით, საინტერესო პროცესი გელით. მგონი, ჩვენს მოქალაქეებს სერიოზულ სტიმულს ვაძლევთ არჩევნებში მონაწილეობისთვის. გამიხარდება, თუ "გირჩს" შემოხაზავენ, მაგრამ მთავარია, მოქალაქეები პოლიტიკურად გააქტიურდნენ.

ხათუნა ბახტურიძე