"ლიდერი ქვეყნიდან აუტსაიდერად გადავიქეცით"
"უცნაურად მეჩვენება, რომ პოლიტიკური ძალა, რომელმაც სენატის რეზოლუციასა და ნატოს კომუნიკეში ხაზგასმით ნახსენები შეთანხმება დაარღვია, ახლა ურცხვად ამბობს, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეაო..."
"სანამ რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არიან, ვერანაირი პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება", - ამბობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და დასძენს: "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეოკუპაცია დაიწყება". რუსულ გამოწვევებზე, ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგსა და შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:
- 13 წელი შესრულდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან, რასაც შეეწირნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქართველი სამხედროები, რომელსაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა, ოკუპაცია. საოკუპაციო ზოლს იქით ყოველდღიურად ილახება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები. ეს საკითხი დღემდე ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევაა. აუცილებლად დაიწყება დეოკუპაცია. ეს გარდაუვალია, მიუხედავად რუსეთის დიდი ძალისხმევისა. დღეს საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშეა როგორც ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ასევე პანდემიური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
"ოცნების" გადადგმული ნაბიჯების გამო ქვეყნის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა, ლიდერი ქვეყნიდან აუტსაიდერად გადავიქეცით. ვგულისხმობ ევროკავშირთან დაახლოების პროგრამას, ასოცირების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, ქვეყნის დეკლარირებული კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. არა მგონია, 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირება "ოცნებისთვის" მორიგი გადაგდება იყოს. საქმე უფრო სერიოზულადაა. მმართველმა გუნდმა დასავლელი პარტნიორების სრული უპატივცემულობა გამოხატა. დასცინა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მონაწილეობით შედგენილ შეთანხმებას.
ამას "ოცნებისთვის" ცუდი შედეგები მოჰყვება, მაგრამ არც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სახარბიელო, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია - საოკუპაციო ზოლს იქით ყოველდღიურად ილახება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, საოკუპაციო ხაზს აქეთ კი სიდუხჭირე და პანდემია მძვინვარებს.
- თქვენ კი ამბობთ, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის აუტსაიდერად ვიქეცით, მაგრამ მმართველი გუნდის ლიდერები, მაგალითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობენ, რომ საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზე დგას. - საინტერესო მოცემულობაა, წინ გვიდევს "ოცნების" ლიდერების განცხადებები და დასავლელი პარტნიორების შეფასებები. რომელს უნდა ვენდოთ? პირადად მე დასავლელი პარტნიორების უფრო მჯერა, ვიდრე გადამგდები "ოცნების". უსინდისოდ ტყუიან, როდესაც ამბობენ, ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობით კმაყოფილი არიანო. სენატის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ 19 აპრილის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს, თუ საქართველოს ევროატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვა სურს. ავიღოთ ნატოს კომუნიკეც, სადაც ასევე ნათქვამია, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს. უცნაურად მეჩვენება, რომ პოლიტიკური ძალა, რომელმაც სენატის რეზოლუციასა და ნატოს კომუნიკეში ხაზგასმით ნახსენები შეთანხმება დაარღვია, ახლა ურცხვად ამბობს, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეაო. ვისაც კი ობიექტურობა ოდნავ მაინც აქვს შენარჩუნებული, ხედავს, რომ "ოცნება" გადამგდები პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს გატეხოს სიტყვა, მოატყუოს საკუთარი ხალხიც და საერთაშორისო საზოგადოებრიობაც.
ეს არის გუნდი, რომელიც ქართველ საზოგადოებას დაპირისპირების უფსკრულისკენ მიაქანებს და ანტიდასავლური ნაბიჯებით გვაკარგვინებს ლიდერის პოზიციას რეგიონში.
- თუმცა ჩვენ გვაქვს IRI-ს კვლევები, რომლის მიხედვითაც "ოცნება" ლიდერობს 26%-ით და "ნაცმოძრაობის" 14%-იანი მხარდაჭერის შემდეგ, მესამე ადგილს ისევ მმართველი გუნდიდან წამოსული ექსპრემიერის პოლიტიკური გუნდი იკავებს 9%-ით. "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩისა" და "მოქალაქეების" მსგავსად, 2%-იანი მხარდაჭერა ერგო. - ეს რეიტინგი მეტყველებს, რომ "ოცნება" ჩამოშლის პირასაა.
მმართველი პარტიისთვის მხოლოდ 26%-იანი მხარდაჭერა სახარბიელო არ არის. 2% არც ჩვენთვის არის სახარბიელო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ვერ შევძლებთ.
ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმებისა, რომელიც ამერიკისა და ევროპის ძალისხმევით შედგა. ვიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, ინტენსიურ შრომას ამომრჩევლის მობილიზაციისთვის. მალე ჩვენს კანდიდატებსაც დავასახელებთ და გარწმუნებთ, ადგილობრივ არჩევნებში შესაბამის შედეგს დავდებთ. ამომრჩევლის 75% ოპოზიციურად არის განწყობილი. ახლა მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს საარჩევნო ყუთებთან და საკუთარი ობიექტური პოზიცია დააფიქსიროს.
- მამუკა ხაზარაძემაც განაცხადა, რომ გამოსავალი "ოცნების" ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 წელს და ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანებაა. თუმცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ამასთან, ძნელად წარმოსადგენია პროდასავლური ძალების გაერთიანება "ნაცმოძრაობის" გარეშე. "ნაციონალებთან" "ლელოს" ნებისმიერი შეთანხმება თქვენი ამომრჩევლის განაწყენების მიზეზი ხდება. - ახლა ერთადერთი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და კოალიციური მთავრობა. თავი უნდა დავაღწიოთ რეალობას, როდესაც ერთი კონკრეტული პარტია მართავს ქვეყანას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამისთვის აუცილებელია "ოცნების" დამაჯერებლად დამარცხება. მგონი, ეს გარდაუვალია. ასე რომ არ იყოს და ამის შესახებ თავად "ოცნებამაც" არ იცოდეს, ასეთ დემარშზე არ წავიდოდა - არც შეთანხმებას დაარღვევდა და არც 43%-იან დათქმას წაიღებდა უკან. შიშმა ახადა ფარდა "ოცნებას". ოპოზიციას ჯამში 75% უჭერს მხარს. ახლა მთავარია მოვიგოთ არჩევნები და შემდეგ დასავლელი პარტნიორების დახმარებით მმართველ გუნდს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვაიძულოთ. ამით უნდა დასრულდეს ქართველი საზოგადოების პოლარიზაცია, დაპირისპირება და ვიზრუნოთ ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანაზე.
ხათუნა ბახტურიძე