"ოცნება" სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონიან კონცერტებს აფინანსებს, იქ არ გადადის "კორონა"?" - კვირის პალიტრა

"ოცნება" სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონიან კონცერტებს აფინანსებს, იქ არ გადადის "კორონა"?"

"როგორც კი სერიოზული პრობლემა დადგა, ხელისუფლებამ ვეღარ გაართვა საქმეს თავი და დაიწყო პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. დასჭირდებოდა და, შეზღუდვებს დააწესებდა, დასჭირდებოდა და, ქვეყანას ჩაკეტავდა, დასჭირდებოდა და, ყველაფერს გახსნიდა..."

"ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, არის სუსტი და რეალობას აცდენილი ადამიანის ნათქვამი. ეშინიათ და ამიტომ აკეთებენ რეალობისგან აცდენილ განცხადებებს", - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას. ჩიხლაძის თქმით, "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნება" პირობას არღვევს. ასე იყო პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე, ასეა ახლაც, შარლ მიშელის დოკუმენტზე, და ასე იქნება მომავალშიც, როდესაც მოუწევს გადათქვას განაცხადი იმის შესახებ, თითქოს 2024 წლამდე არჩევნები არ ჩატარდება. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა", - ამბობს ჩიხლაძე, რომელიც "კვირის პალიტრას" მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა:

- დღევანდელი ვითარება სახელმძღვანელოშია შესატანი იმის საილუსტრაციოდ, როგორ არ უნდა მართო ქვეყანა. "ოცნებამ" ყველა მიმართულებით ფიასკო განიცადა. განსაკუთრებული სირთულის წინაშე ვდგავართ პანდემიის თვალსაზრისითაც. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. პრობლემები მაშინ გაჩნდა, როდესაც პანდემიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის დაიწყეს. სამი-ხუთი შემთხვევის გამო ქვეყანა ჩაკეტეს და მიეცნენ თვითკმაყოფილებას, გაუთავებლად ლაპარაკობდნენ, რა კარგად მართეს პანდემია. როგორც კი ქვეყნის წინაშე სერიოზული პრობლემა დადგა, ხელისუფლებამ ვეღარ გაართვა საქმეს თავი და დაიწყო პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. დასჭირდებოდა და, შეზღუდვებს დააწესებდა, დასჭირდებოდა და, ქვეყანას ჩაკეტავდა, დასჭირდებოდა და, ყველაფერს გახსნიდა.

- პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ]2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინაა შემოტანილი და შესაბამისად, შეზღუდვები გაუმართლებელია. - ეს სრული უგუნურებაა. ჯერ ერთი, 2 მილიონი დოზა საკმარისიც რომ იყოს, ვიცით რამდენი მოქალაქე აპირებს ვაქცინის გაკეთებას? რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ხალხი მასობრივად აცრილიყო, მიზანმიმართულ კამპანიაზე დარბოდნენ თუ თავად იძლეოდნენ მაგალითებს? ვაქცინაცია სულაც წარმატებით რომ ჩატარებულიყო და ხალხი რიგებში ჩამდგარიყო, შედეგს დეკემბრის ბოლომდე მაინც ვერ მივიღებდით. იმუნიტეტის გამომუშავებას დრო სჭირდება. ამიტომ პრემიერის განცხადება მეტყველებს აქცენტების გადატანის ცდაზე.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მყისიერი შედეგი მივიღოთ? - შეზღუდვების მომხრე მეც არა ვარ, მაგრამ რეგულაციების დაწესება აუცილებელია. თუმცა ახალ რეგულაციებს ვინ ჩივის, რაც უკვე დაწესებულია, ისიც არ სრულდება.

- მას შემდეგ, რაც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მეორე დოზას აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ ვაქცინაციის პროცესში ყველა პირველი პირის ჩართულობა მნიშვნელოვანია და იმედია ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებასო, საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის ანტივაქსერობაზე ალაპარაკდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? - მე არ მივაკერებდი პრემიერს ანტივაქსერის იარლიყს, მაგრამ აუცილებელია ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნებს. პროცესის დასაძრავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ნამდვილად არის პირველი პირების მაგალითი.

როდესაც კამპანია იწყება, პირველად ქვეყნის პირველი პირები იცრებიან, შემდეგ საზოგადო მოღვაწეები და სხვა ცნობილი პირები. ჩვენთან რა ხდება? ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინის შემოტანიდან ორი თვის შემდეგ ძლივს ავცერით, პრეზიდენტიც მოგვიანებით აიცრა, პრემიერი კი საერთოდ არ არის აცრილი.

ანტივაქსერობას არც ერთს არ დავაბრალებ, მაგრამ ანტივაქსერულ განცხადებებს კი ნამდვილად აკეთებს ქალბატონი ტიკარაძე. ჯერ ამბობდა, ვაქცინაციას არსებითი მნიშვნელობა არა აქვსო, ახლა ამოიჩემა, ვაქცინაცია დამატებითი ბენეფიტია და არა ძირითადი ხაზიო. ასეთი განცხადებები წყალს ასხამს ანტივაქსერების წისქვილზე.

- ბოლო დროს გაჩნდა ეჭვი, რომ გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ჯავშნის ადგილებს და მერე აუქმებს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მხოლოდ ერთ დღეს 3000 კაცი არ გამოცხადდა აცრაზე. - ამ ფაქტის გახმაურებით სურთ პასუხისმგებლობა მოიხსნან, რომ თავად კი არ არიან დამნაშავენი ეპიდვითარების დამძიმებაში, არამედ ის ხალხი, ვინც უპასუხისმგებლოდ იქცევა, ვინც ქორწილებს და ნათლობებს იხდის. ჯერ ერთი, თავად რომ იხდიან წვეულებებს, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონიან კონცერტებს აფინანსებენ, იქ არ გადადის "კორონა"? გამოიძიონ, ვინ ჯავშნის და აუქმებს ვიზიტებს. რეგისტრაციის დროს საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაც ხდება და ტელეფონის ნომრისაც. დაურეკონ ამ ხალხს, რატომ არ გამოცხადდნენ აცრაზე.

- ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანიას ან არჩევნების ჩატარებას ხომ არ ემუქრება საფრთხე? - არა მგონია, არჩევნების გადადება გახდეს საჭირო. წესით, აგვისტოს მეორე ნახევარში ინფიცირებულთა რიცხვმა უნდა იკლოს, მაგრამ მერე იქნება სექტემბრის ტალღა და ა.შ. პროგნოზირება შესაძლებელი იქნებოდა, ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს. ღარიბაშვილისა და ტიკარაძის ხელში რა უნდა განსაზღვრო წინასწარ? კაცმა არ იცის, რა მოუვათ თავში.

- გასაგებია, რომ პროგნოზს ვერ აკეთებთ, მაგრამ მერობის კანდიდატის წარდგენას რატომ აყოვნებთ? - 10 ან 15 აგვისტოსთვის უკვე გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია, ჯერ ისევ კონსულტაციების პროცესში ვართ.

ხათუნა ბახტურიძე