"ღიმილით მითხრა - ნუ გეშინია, არაფერი მომივაო. ლევანი ათი თვის მყავდა, ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი... ერთი წამითაც კი არ ვუშვებდი ფიქრს, რომ შეიძლებოდა, აღარ დაბრუნებულიყო"
არქივი
23 წლის იყო, უამრავი ასრულებული თუ აუსრულებელი ოცნებებითა და მიზნებით ცხოვრობდა. დაოჯახებაც მოასწრო, მამობასაც ეზიარა და სამშობლოსაც ემსახურა. ალვანში დაიბადა, სკოლა დაამთავრა თუ არა, სამხედრო მუნდირი მოირგო. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებშიც მიიღო მონაწილეობა და ერაყის სამშვიდობო მისიებშიც. ყველგან და ყოველთვის საქართველოს დროშის ღირსებას იცავდა... 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი, რუსი ოკუპანტების შეგულიანებულმა ოსმა სეპარატისტებმა სასტიკად აწამეს, მაგრამ მითითებების შესრულება ვერ აიძულეს. მათ მიერვე ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ცხადად ჩანს, როგორ ახტებოდნენ ზურგზე რიგ-რიგობით და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. გიორგი ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება... ეროვნული გმირის მეუღლე - მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს მის მაშინდელ ყოფაზე, თუ რა ოცნებები და მიზნები ჰქონდა...
მაკა ჩიკვილაძე: - ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჯარი... ერთხანს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და ჯარიდან გამოუშვეს. ძალიან განიცადა. სად აღარ იმუშავა, მაგრამ გული ვერაფერს დაუდო, სულ ჯარზე საუბრობდა, ამბობდა, რომ სამხედრო სამსახურისთვის იყო დაბადებული. მართლაც, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ისევ დაბრუნდა არმიაში. ბოლო პერიოდში ხშირად იყო ჩაფიქრებული, 2008 წლის 6 აგვიტოს მეგობრისთვის უთქვამს, გული ცუდს მიგრნობსო... 7 აგვისტოს, გამთენიისას, განგაში რომ გამოცხადდა, გიორგის ვერ დაუკავშირდნენ და მე დამირეკეს. მე შევატყობინე ომის დაწყების ამბავი, ვთხოვე, თავს გაფრთხილებოდა, ღიმილით მითხრა - ნუ გეშინია, არაფერი მომივაო. ლევანი ათი თვის მყავდა, ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი... ვურეკავდი გიორგის და არ მპასუხობდა, მაგრამ ერთი წამითაც კი არ ვუშვებდი ფიქრს, რომ შეიძლება ცოცხალი აღარ ყოფილიყო, შეიძლებოდა, აღარ დაბრუნებულიყო.
11 თუ 12 აგვისტო იყო, ჩემი სახლის ეზოში ვიჯექი, ქუჩაში ჯარისკაცები დავინახე და ომის ამბავი ვკითხე. მითხრეს, - ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ სახლში გამოგვიშვესო. ვიფიქრე, რომ გიორგიც მალე მოვიდოდა, ყოველ დღე, ყოველ წუთს მოლოდინში ვიყავი... ზოგი გვეუბნებოდა, ტყე-ტყე მოდიანო, ზოგი გვეუბნებოდა ტყვეობაშიაო. საბოლოოდ მითხრეს, რომ დეენემის ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა. გიორგის მშობლებს ამას ვერ ვეტყოდი, ჩემს დას ბავშვი გავატანე და... ნოემბერში ათი გარდაცვლილი გადმოასვენეს და ერთ-ერთი გიორგი აღმოჩნდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ბოლომდე დღესაც არ მინახავს, არ შემიძლია... მხოლოდ დასაწყისში ერთი მონაკვეთი ვნახე, ისიც იმიტომ რომ უნდა დამედასტურებინა, მართლა გიორგი იყო თუ არა. არც კი ვიცი, ოდესმე თუ შევძლებ ამ ვიდეოს სრულად ნახვას...
ბავშვებმა რა იციან მამის შესახებ? იციან, რომ გმირი მამა ჰყავთ და ამაყობენ, პასუხისმგებლობას გრძნობენ. მე თან ძალიან მტკივა გული, თან ძალიან მეამაყება... მე და ჩემი შვილები გამუდმებით ვცდილობთ, რამე ისეთი არ გავაკეთოთ, რაც მის სახელს შებღალავს, მის გვერდით ყოფნას ვგძნობთ და ისე ვიქცევით, თოთქოს გვხედავს, გულწრფელად რომ გითხრათ, მართლა მჯერა, რომ ის ჩვენ გვხედავს და ჩვენით ამაყობს.
სახელწიფოსა და რიგითი მოქალაქეებისგან ყურადღებას ყოველთვის ვგძნობთ, სულ გვეკითხებიან, ხომ არაფერი გვჭირდება, ან რამე ხომ გვიჭირს. ამისთვის მადლიერები ვართ.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)