"დაბნეულმა ვიღაც კაცს ვტაცე ხელი, დავწექი ძირს და ის კაციც თავზე გადავიმხე... გიჟს ვგავდი, სანამ შვილი არ დავინახე" - კვირის პალიტრა

"დაბნეულმა ვიღაც კაცს ვტაცე ხელი, დავწექი ძირს და ის კაციც თავზე გადავიმხე... გიჟს ვგავდი, სანამ შვილი არ დავინახე"

აგვისტოს ომზე ბევრი დაწერილა და ბევრიც დაიწერება. შევეცადე, სულ სხვა კუთხე მომეძებნა იმ ტრაგედიის, რაც თავს დაგვატყდა 2008 წლის ომის დროს. სამოქალაქო მოძრაობის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი, ქალბატონი თამარ ჯაფარიძე იმ დროს რაჭაში, კერძოდ კი ონში იმყოფებოდა, სადაც ბევრი ოსია დასახლებული. ომის თანმდევ შიშზე, ოსებთან ურთიერთობასა და ოკუპანტების მიერ ქართველების დაშინების მეთოდებზე ქალბატონი თამარი გვიამბობს...

- რაჭველი ვარ, ონში ვცხოვრობ. მახსოვს, 2008 წლის აგვისტოში რაიონში უამრავი დამსვენებელი იყო. ონის რაიონში ეთნიკურად ოსებით დასახელებული ბევრი სოფელია. ძალიან ახლოსაა ცხინვალის საზღვარიც. ჩემს ახალგაზრდობაში, როცა სტუდენტი ვიყავი, მახსოვს, ონის რაიონიდან თბილისისკენ რომ უნდა წამოვსულიყავით, დასავლეთ საქართველოს ტრასით არ ვსარგებლობდით: ერწოს უღელტეხილით და ცხინვალის გავლით გამოვდიოდით გორის ტრასაზე...

ომი რომ დაიწყო, 7 აგვისტოს ჩვენ უკვე სარდაფებში გადავედით. იყო საშინელი ქაოსი. თქვენ არ იცით, რა კოშმარია, მოწმენდილ ცაზე ბომბები რომ ცვივა. რას აკეთებდნენ, იცით? ქალაქის ბოლოში სასაფლაოა, სადაც არის ძველისძველი ციხე, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მასთან ახლოს ჩამოაგდებდნენ ბომბს და ხალხს ტყესთან ახლოს ყოფნის რომ შეეშინდებოდა, დაზაფრულები სირბილით ქალაქის ცენტრში რომ მოიყრიდნენ თავს, მერე მოფრინავდა ეს ვერტმფრენი, ახლა უკვე ქალაქის ცენტრისკენ და ახლა მოედანზე აგდებდა ბომბს. ასე დაარბენინებდნენ ხალხს, ჯგროდ თავმოყრილებს.

პირველად რომ ჩამოაგდეს ბომბი, ჩემი მეცხრეკლასელი შვილი ქუჩაში იყო და მის საძებნად გავიქეცი. სწორედ ამ დროს, ქალაქის ქვედა მხარეს ბომბი ჩამოვარდა და დაბნეულმა ვიღაც კაცს ვტაცე ხელი, დავწექი ძირს და ის კაციც თავზე გადავიმხე (იცინის). რატომ გავაკეთე, არ ვიცი, ეს იყო ალბათ ინსტინქტი. გიჟს ვგავდი, სანამ შვილი არ დავინახე. ის იმ მხრიდან მოდიოდა, სადაც ბომბი ჩამოაგდეს...

მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, რომ რუსების ვერტმფრენებმა მთლიანად არ გაიმეტეს რაჭა, თორემ ერთი გადაფრენა და ონს მთლიანად ამოატრიალებდნენ. ალბათ, ეს უფრო დაშინების მექანიზმი იყო, რომელსაც ხშირად იყენებენ ოკუპანტები.

- გაიხსენეთ, რა ხდებოდა 7 აგვისტოს? - 7-ში საშინელი ღამე გვქონდა... დადუმებული, ჩაბნელებული. დავინახეთ, სამხედროების კოლონა, ანთებული ფარებით. იციან, სასაკლაოზე, ქვედისტბის მხარეს უნდა წავიდნენ და შიშს ვერ გრძნობენ ან კარგად ნიღბავენ. მათ შემხედვარეს, ხალხს რა გააჩერებდა და ყველა მაღაზია ღამის 2 საათამდე ღია იყო, ხალხს სახლიდანაც გამოჰქონდა სამხედროებისთვის წყალი, სურსათი. შიშის მიუხედავად, ყველგან ისმოდა გამამხნევებელი შეძახილები...

8 აგვისტოს ონი ფაქტობრივად დაიცალა. გამოვიქეცით და მანქანის უკან ბომბის აფეთქების ხმა, ტყვიების წუილი გვესმოდა. ხიდზეც კოლონა კოლონაზე იდგა, გაივსო იქაურობა და ხალხი უკვე ლოცულობდა, რომ ყველას მოგვესწრო, სანამ ცენტრალურ ხიდს ააფეთქებდნენ, მაგრამ დაგვინდეს, რატომღაც... სამაგიეროდ, დენთის სუნი გადმოგვყვა ტყიბულის გადმოსახვევამდე. ამბროლაურში კი ხალხმა არც იცოდა, ონი თუ იბომბებოდა. ნიკორწმინდაში გაშლილი სუფრები ვნახეთ, ხალხი ქეიფობდა...

- უცნაურია. ონიდან ნიკორწმინდამდე დაახლოებით რა მანძილია? - 40 კილომეტრია, ალბათ... ტყიბულში რომ გადმოვედით, უკვე ჩემი და ცუდად გახდა და მოსასულიერებლად რომ გადმოვიყვანეთ, მაშინ შევნიშნე, რომ სიჩქარეში 46 ზომა კედი ჩამიცვამს. ხომ წარმოგიდგენიათ, მე რამდენიმე ბომბის ჩამოგდებამ როგორ დამზაფრა და ვინც ცხინვალში იყო მაშინ, რა დაემართებოდა? ხალხმა როგორი ტანჯვა გამოიარა ოკუპანტების წყალობით?..

ქვედის ტბა ალბათ გაგიგონიათ. მისი ნახევარი ესაზღვრება ოსეთს. ეს არის ადგილი, სადაც ისეთი ჯადოსნური ბუნებაა, რომ მსგავსი არც მეგულება დედამიწის ზურგზე. 2008 წელს, რუსებმა ჩვენი ქართველი სამხედროები სწორედ ქვედის ტბაზე მოიმწყვდიეს; ამ ტბის თავზე დაფრინავდა ორი ვერტმფრენი. ისინი ცდილობდნენ, ჩვენი დაჭრილი მეომრების გადამოყვანის საშუალება არ მიეცათ სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის. აი, ასეთი ვერაგები იყვნენ. რამდენიმე საათის მანძილზე პატრულირებდნენ და როგორც კი შეამჩნევდნენ, რომ "სასწრაფოს" მანქანა დაიძრაა და აღმართს შეუდგა, იმ წუთასვე ჩამოვარდებოდა სადმე ბომბი. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის რისკის ფასად, რაჭველი ექიმები მაინც მიდოდინენ დაჭრილების გამოსაყვანად და მადლობა მათ ამისთვის. ბევრი ადამიანი გადაარჩინეს.

- ომის დაწყებამდე, ონშიც ხომ არ შეიმჩნეოდა თუნდაც, ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დაძაბვა? - რაჭაში არა, მაგრამ ზოგადად 90-იანი წლებიდან დაიძაბა სიტუაცია, ნელ-ნელა ვკარგავდით ცხინვალს. თუმცა, იმ რთულ წლებში, საქართველოში რაიმეს რომ ვერ ვშოულობდით, თავად რაჭაში მცხოვრები ოსები გადადიოდნენ ცხინვალში, სრულიად უანგაროდ, რომ ქართველი თუ სხვა ეროვნების მეზობლებისთვის საჭირო ნივთები გადმოეტანათ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ვიღაცამ (და ვიცით, ეს ვიღაც ვინც არის, რუსული იმპერია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცდილობს, ხალხთა შორის ჩააგდოს სიძულვილის მარცვალი) ისარგებლა ადამიანებით. რაჭველი ოსები წლების მანძილზე ცდილობდნენ, მათი გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ და არა მარტო 90-იან წლებში, არამედ დღემდე იმას ამბობენ, რომ, - კი, ოსები გახლავართ, მაგრამ საქართველოს შვილები, თქვენი და-ძმაო.

თუმცა, ირგვლივ რომ სიტუაცია იძაბებოდა, ეს შესამჩნევი იყო თუნდაც იმ პროვოკაციებით, რასაც მუდმივად ვისმენდით რუსების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეს ხან მოიტაცებდნენ, ხან რომელიღაც ტერიტორიას შემოღობავდნენ და ეს მიუღებელი იყო ჩვენთვის. ახლა კი ამასაც შევეჩვიეთ ისე, როგორც ადამიანების სიკვდილს.

ჩვენ მართლა ძლიერი მტერი გვყავს და მეტი მობილიზება გვჭირდება. არ მინდა საქართველო იყოს გახლეჩილი, მინდა ურთიერთობა მქონდეს ჩემს ოს მეგობრებთან, რუს მეგობრებთან, რომლებსაც საქართველო უყვართ, მაგრამ არ მინდა ისეთი რუსეთი, რომელიც ყოველდღე სისხლს მწოვს, ადამიანებს მიკლავს, ქვეყანას მიჩანაგებს. ერთხელ ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა თქვა: მერე რა, რომ შემოღობავენ, დრო მოიტანს და გათავისუფლდება ამ მავთულხლართისგანო. კი მაგრამ, როდის? ამას თაობები უნდა შეეწიროს?

- დღეს რას ამბობენ ონში მცხოვრები ოსები იმ ყველაფერზე, რაც მოხდა ან ხდება ჩვენს ურთიერთობაში? - სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, ერთი რამ უნდა აღვნიშნო: იმ გარემოში გავიზარდე, სადაც ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, ცხადია - ეთნიკურად ოსები და ა.შ. მრვალფეროვანი, პატარა კოპწია ქალაქია ონი, სადაც სიყვარული სუფევდა ადამიანთა შორის. იცით, მამა თანამდებობის პირი იყო, სოფლის მეურნეობაში დამზადების გაერთიანების თავმჯდომარე გახლდათ. ეს სამსახური იბარებდა ყველაფერს, დაწყებული ტყემლიდან, ხორცით დამთავრებული. მამა თვითონ, ვოლგით კი არა, ფეხით ან ცხენით დადიოდა სოფლებში და ამიტომაც, ხალხი მას იცნობდა, უყვარდათ. იმ დროს სოფლები კომპაქტიურად დასახლებული გახლდათ, იქაურობა არ იყო ადამიანებისგან დაცლილი. თუ არ ვცდები, მარტო ონის რაიონში 4 ოსური სოფელია და ერთ-ერთია კვაჟაგომი. ონში კვირადღეს იმართებოდა ბაზარი და ყველა სოფლიდან ჩამოდიოდა ხალხი, გასაყიდად მოჰქონდათ თავიანთი ნაწარმი. ერთ დღეს ვიღაც ოსმა მამაკაცმა, კვაჟაგომიდან, რომელსაც მამა არ იცნობდა, დაუძახა: ბატონი მიშა, ბატონი მიშაო. - რა გნებავთო? - გაიკვირვა მამამ. - 100 მანეთი მჭირდება და თუ შეგიძლიათ, რომ მასესხოთო. მამამ უსიტყვოდ ამოიღო ფული და მისცა. მახსოვს, უთხრეს: რომ აღარ მოგიტანოს, რას იზამო? - არა უშავსო, იმდენად ვეიმედებოდი, ჩემამდე მოვიდა და ალალი იყოს, მაგრამ არა მგონია, ოსები ისეთები არიან, არ შეირჩენსო. მართალიც აღმოჩნდა, მომდევნო ბაზრის დღეს იმ კაცმა თანხა მოუტანა. ეს ადამიანური ამბავი იმის დასტურად მოგიყევით, თუ როგორ ეიმედებოდათ ერთმანეთი ქართველსა და ოსს.

მინდა, ეს დრო დაბრუნდეს. მერწმუნეთ, რაჭაში მცხოვრებ ოსებს გული ძალიან შესტკიოდათ და შესტკივათ ამ გაფუჭებული ურთიერთობების გამო. დამიჯერეთ, ისინი არ თვლიან თავს არაქართველებად. დღემდე ცხოვრობენ ონში და ვმეგობრობთ... ვგონებ და ბევრისგან მსმენია, რომ ცხინვალში მცხოვრებ ხალხსაც უნდა, ძველებურად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ ქართველებთან, მაგრამ ამის საშუალებას ოკუპანტი არ იძლევა. იმედია, არა შორეულ, არამედ ახლო მომავალში მოგვარდება პრობლემა და საქართველოში ერთ ოჯახად ვიცხოვრებთ ისევე, როგორც ეს წლების მანძილზე ხდებოდა...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)