"ვისაც ამ ამბავს ვუყვები, მეუბნებიან, აი, ამიტომაც ხარ კარგი კაციო" - კავკასიური იარაღის თბილისელი ოსტატი - კვირის პალიტრა

"ვისაც ამ ამბავს ვუყვები, მეუბნებიან, აი, ამიტომაც ხარ კარგი კაციო" - კავკასიური იარაღის თბილისელი ოსტატი

"ჩემი მონათვლის რიტუალი კათოლიკოს-პატრიარქმა, კალისტრატე ცინცაძემ ჩაატარა... ალბათ, ღმერთმა გამომიგზავნა. ვისაც ამ ამბავს ვუყვები, მეუბნებიან, აი, ამიტომაც ხარ კარგი კაციო"

კავკასიური იარაღის ოსტატი, თეიმურაზ ჯალაღანია ბავშვობიდან დაინტერესდა ძველებური იარაღით, ყიდულობდა დაზიანებულ დამბაჩებს, ხანჯლებს, ხმლებს და რესტავრაციას უკეთებდა. თავისი საქმის უბადლო ოსტატი, საოცარ ნამუშევრებს ქმნის. 82 წლისაა, დღემდე მუშაობს და შეგირდებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.

- 1939 წლის 28 სექტემბერს დავიბადე თბილისში, აბანოთუბანში. ბოტანიკურ ბაღთან ახლოს ვცხოვრობდით, 7-8 ბიჭი ვიყავით - ქურთები, აზერბაიჯანელები, რუსები... ვაშლისა და ატმის მოსაპარად ბაღებში ვიპარებოდით, მაგრამ ბავშვები ვიყავით და არ გვესმოდა. 1946-47 წლები იყო, ომის შემდგომი პერიოდი, შიმშილობისა და გაჭირვების დრო. მახსოვს, პატარა ლავაშებს ყიდდნენ აზერბაიჯანელები, 150 გრამი იქნებოდა და თუმანს გვართმევდნენ. ხუთი ბიჭი ვყავდით დედას. ორ პურს ამოიტანდა ხოლმე და ოთხ-ოთხად ყოფდა, სულ რვა ნაჭერი გამოდიოდა. კარაქს დღეგამოშვებით ვყიდულობდით 50-გრამობით. სადილამდე გვყოფნიდა ეს ერთი ნაჭერი პური, მერე ხან ვერმიშელის სუპს გვიკეთებდა - ისიც ძნელი საშოვნელი იყო. კარგად მახსოვს, ბავშვები ნარიყალაზე ხისგან გამოთლილი თოფებით "ომობანას" რომ ვთამაშობდით.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით - ისტორიასა და ლიტერატურას, ხუთები მეწერა. ჩემი ძმებიდან ორნი ფრონტზე იყვნენ და ცოცხლები დაგვიბრუნდნენ. უფროსი ძმა 7-8 წლის წინ, 93 წლისა გარდაიცვალა. ჩემი ერთი ძმა, ტარიელ ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო. ყველას ეხმარებოდა და ხელს უმართავდა.

მამა ნოე ჟორდანიას ოფიცერი გახლდათ, დაჯილდოებული იყო არაერთი ორდენით. დედა გამუდმებით იხსენებდა, ჟორდანიამ ჯვრისწერისთვის თავისი მანქანა რომ ათხოვა მამაჩემს. ჩემს მშობლებს ქაშუეთში დაუწერიათ ჯვარი. დედა ამბობდა, როდესაც რუსთაველზე მოვდიოდით, "გარადოვოებს" (მაშინ პოლიციელებს "გარადოვოები" ერქვათ) ეგონათ, ნოე ჟორდანია იჯდა მანქანაში და "ჩესტს" გვიღებდნენო.

პაპაჩემი მეფისნაცვლის მებაღე ყოფილა და რამდენჯერმე მამაც წაუყვანია სამსახურში. მაშინ შესწრებია, როგორ რგავდნენ კლდოვან მიწაზე ნერგებს. ამოუთხრიათ ღრმად, ფოთლოვანი ტყის მიწა ჩაუყრიათ და ისე დაურგავთ. კარგადაც გაუხარია.

როდესაც ბერიას ფუნიკულიორის აშენება გადაუწყვეტია, დაუბარებია აგრონომები და უთქვამს, მალე ტრამვაის ლიანდაგები უნდა გავიყვანოთ და პარკის გაკეთებასაც ვგეგმავთ, გვინდა მამადავითის ტერიტორია გავამწვანოთო. მაშინ თურმე ერთი ბუჩქიც კი არ მდგარა იქ და ყველას განუცხადებია, რომ ეს შეუძლებელია, ამ ადგილას არაფერი ხარობსო. მხოლოდ მამა დასთანხმებია. მაშინ ხვალვე შეუდექი მუშაობასო, უთქვამს ბერიას, გამოუყვია ინჟინრები, მუშები. მამას აუთვისებია ეს კლდოვანი ადგილი, უამრავი მცენარე დაურგავს და როდესაც ბერია მისულა სანახავად, აღფრთოვანებულა. ტრამვაი რომ საცდელად აამუშავეს, ბერიაც ავიდა რამდენიმე კაცთან ერთად. იქიდან წამოსულს მამასთვის გადაუცია პარკის გამგის საბუთი - მაშინ გამგეობა დირექტორობას ნიშნავდა. ამ პარკს წლების განმავლობაში უვლიდა მამა. სტალინის დედა, კეკე გელაძე რომ გარდაცვლილა, მამას ყვავილებით ისე ლამაზად მოურთავს სასაფლაო, თურმე ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ მაშინ.

- საუბრისას ახსენეთ, რომ თქვენი მონათვლის რიტუალი კათოლიკოს-პატრიარქმა, კალისტრატე ცინცაძემ ჩაატარა. - სწორედ მან ჩაატარა ეს რიტუალი. ალბათ, ღმერთმა გამომიგზავნა. ვისაც ამ ამბავს ვუყვები, მეუბნებიან, აი, ამიტომაც ხარ კარგი კაციო. ნათლია ჩემი უფროსი ძმის ახლობელი, დირიჟორი, ბათუმის საჯარისო ნაწილის ორკესტრის ხელმძღვანელი იყო. ერთხანს მეც დავინტერესდი მუსიკით და ჯერ არაყიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე ვოკალის განხრით, შემდეგ კი - კონსერვატორიაში. დავდიოდი დავით და ნოდარ ანდღულაძეებთან, შემდეგ - ლამარა გოგლიჩიძესთან, დავით ანდღულაძის ასისტენტთან, მაგრამ იარაღის სიყვარულმა მძლია.

- რატომ და როდის დაინტერესდით ძველებური იარაღის რესტავრაციით? - ახლა სპორტის სასახლე რომ არის, იქ ადრე საბურთალოს ბაზარი იყო. ერთხელ ჩემმა ძმამ წამიყვანა, მაშინ 11 წლის ვიყავი. ომიდან ჩამოსულები "ტელეგრეიკებს", ჩექმებს და სხვა ნივთებს ყიდდნენ. დამბაჩა დავინახე, დამტვრეული ჰქონდა კონდახიც და ჩახმახიც. მიყიდემეთქი, ვთხოვე ძმას. მაგდენი ფული არ მაქვს, მაგრამ მაინც ვიკითხოთ, რა ღირსო. რაც დაგვიფასა, იმდენი არ აღმოგვაჩნდა, მაგრამ, ალბათ, იმ კაცსაც უჭირდა და იაფად მოგვყიდა. მოვიტანე სახლში, შევაკეთე, გავაახლე და მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა. ყველაფერი დამოუკიდებლად ვისწავლე, გარდა ზარნიშისა. ზარნიში ლითონის ნივთებზე ამოჭრილი სხვადასხვა სახეა, ოქროთი ან ვერცხლით ამოვსებული. ზარნიში ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, გურამ გაბაშვილმა მასწავლა. გურამი გამაცნო ოთარ ფარულავამ, შესანიშნავმა მოქანდაკემ და მხატვარმა, ია ფარულავას მამამ. გურამს დამბაჩა ეჭირა ხელში. მითხრა, ახლახან საფრანგეთიდან ჩამოვედი, მსოფლიო მასშტაბით პირველი ადგილი ავიღე ზარნიშში და მინდა, შენც ისწავლო ეს საქმე, მერე კი სხვასაც ასწავლოო. ყველა ოსტატი რატომღაც მარტო თავის შვილს ასწავლის, არ უნდათ, სხვას გადასცენ ცოდნა. მე ყველას ვასწავლიდი, ვისაც სურვილი ჰქონდა. 10-15 მოწაფე მყავდა. ზოგმა ისწავლა, ზოგმა - ვერა. ვაკეთებდი ფარებს, ხმლებს, ხანჯლებს, დამბაჩებს. არაერთხელ ვიყავი გამოფენებზეც საფრანგეთში, თურქეთში... რა თქმა უნდა, თბილისშიც ბევრი გამოფენა მქონდა.

ძალიან შრომატევადია ეს პროფესია, თითოეულ დეტალს უნდა დაუკვირდე. ზოგ იარაღზე 3-4 თვეც კი ვმუშაობ, ზარნიშს კი უფრო მეტი, 5-6 თვეც სჭირდება. ამიტომაც არ სწავლობს ბევრი. დღესდღეობით სულ 7-8 ოსტატი იქნება საქართველოში. ეს საქმე დიდ ნებისყოფას მოითხოვს. ბევრჯერ საქმეში გართულს ვერც შემიმჩნევია, როდის დაღამდა. მაგ დროს არც პური მაგონდება და არც - წყალი. ხშირად ჩემი ხელით გაკეთებული ნივთისთვის მიკოცნია. მთავარია, გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ, სიყვარული ყველაფერში ეხმარება ადამიანს.

ნინო ჯავახიშვილი