მდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და წყალში გაუჩინარდა."შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ.ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო "ექოლოტი" მონაწილეობდა", - ნათქვამია განცხადებაში.