"მსოფლიო წესრიგის დასასრული: ამერიკული ჰეგემონიის კრახის 5 ძირითადი ნიშანი" - რას წერს ამერიკული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მსოფლიო წესრიგის დასასრული: ამერიკული ჰეგემონიის კრახის 5 ძირითადი ნიშანი" - რას წერს ამერიკული გამოცემა?

ამერიკულმა ჟურნალმა The National Interest-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით - "მსოფლიო წესრიგის დასასრული: დიდ სახელმწიფოებთან დაპირისპირებით აშშ-ის როლი იცვლება", რომელშიც ჩამოთვლილია მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონიის კრახის 5 ძირითადი ნიშანი. პუბლიკაციის ავტორია მარკ კაცი, აშშ-ის ვირჯინიის შტატში მდებარე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, მსოფლიო ბიპოლარული იყო, არსებობდა მხოლოდ ორი უძლიერესი სახელმწიფო - აშშ და სსრკ. შესაბამისად, მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სიტუაციასაც მათი დაპირისპირება განსაზღვრავდა. როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო არენაზე ერთადერთ დომინირებად სახელმწიფოდ იქცა. მაგრამ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის პოზიციები თანდათან შესუსტდა.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია აშშ-ის დასუსტების ხუთი ძირითადი ნიშანი:

პირველი - აშშ-ის შეიარაღებული ძალების უუნარობა ავღანეთის კონფლიქტის მოგვარებაში;

მეორე - არაადეკვატური პასუხი რუსეთის ჯარების შეჭრაზე საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში - 2014 წელს;

მესამე - ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში (სირია) გადამწყვეტი როლის შესრულება, აშშ-ის ნაცვლად, დაიწყეს რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა;

მეოთხე - აშშ-მა ვერ მოახერხა ჩინეთის შეჩერება აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში გაბატონებაში და ხელი ვერ შეუშალა ჩინური ინიციატივის "ერთი გზა - ერთი სარტყლის" რეალიზებას;

მეხუთე - უშედეგოდ დასრულდა აშშ-ის მცდელობა მოწინააღმდეგეებთან დაახლოებაში - რუსეთთან, ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან... იმავდროულად, ვაშინგტონმა ვერ შეძლო თავისი მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობა შეეწყვიტათ.

როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი სამომავლოდ?

ავტორის აზრით, ექსპერტებს ამ კითხვაზე საერთო პოზიცია ჯერჯერობით არ აქვთ. შესაძლოა, ახალი დომინირებადი სახელმწიფო ჩინეთი გახდეს. განიხილება ის ვერსიაც, რომლის თანახმად, მსოფლიო შეიძლება ორპოლუსიანი გახდეს - პეკინისა და ვაშინგტონის ბატონობით... მაგრამ არაა გამორიცხული მესამე ძალის გაჩენაც, რომელიც ჩინეთსა და აშშ-ის შორის "სიმძიმის" დაბალანსებას დაიწყებს. ასეთი შეიძლება რუსეთი იყოს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ