"ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ" - კვირის პალიტრა

"ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ"

"მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და ჩემი სახელმწიფოა, სხვა არავინ", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ხაშურში რეგიონული ორგანიზაციის გახსნაზე, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ ქაოსი, ლანძღვა, ცემა-ტყეპა არ დამთავრდა.

"ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ყველა დაპირება გაცემულია და მე, რაც არ უნდა დაპირებები გავცე, ამაში უბრალოდ აზრსაც ვერ ვხედავ. მთავარი, საქმეს მოვკიდოთ ხელი და საქმის კეთება დავიწყოთ. ეს ჩემთვის გამოწვევაა, რომ პირველი - ერთდროულად ვაკეთებთ პარტიას და ამავდროულად, არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას.

ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, ახლა მუნიციპალურში, შემდეგ საპარლამენტოში, არავინ არ მოგატყუოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც იქნება. კიდევ უფრო სწრაფად იქნება, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ.

რაც არ უნდა ილანძღონ და გინება დაიწყონ, ღირსება, ჩვენი ღირსებაა და ამას არ გავცვლით არაფერში. ეს ქაოსი, ლანძღვა, ცემა-ტყეპა თუ არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. თუ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ააშენებენ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანები.

ამ ოფისში ყოველთვის იქნება ახალგაზრდების მრავლობა. რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ნელ-ნელა უნდა შემოვიყვანოთ პოლიტიკაში და რაც მთავარია საუკეთესო სახეები ხაშურის მერად, მაჟორიტარებად და სიებში; ეს თქვენი გადასაწყვეტია.

მთავარია, რომ ადამიანებს ვუთხრათ სიმართლე, არსად გვეჩქარება - არ დავკარგოთ ღირსება და კეთილსინდისიერი, პროფესიონალები ამოვარჩიოთ. ხაშურს დღეს, განსაკუთრებით, რაც ეს შემოვლითი გზა გაკეთდება, ძალიან სერიოზული ტურისტული პოტენციალი აქვს. ხაშური თბილისთან ახლოს არის, ხაშურში არის შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის და ტურიზმის ერთად განვითარების, ისევე როგორც ინდუსტრიული საწარმოების გაკეთების - აქ ამის ადამიანური რესურსიც არის, სამუშაო ძალაც და ბევრი რამ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უნდა მიხედონ მუნიციპალიტეტს, ქალაქს და სოფელს. "პირველ რიგში უნდა დავამთავროთ ის ცემა-ტყეპა, რაც თბილისში ხდება, ის ცირკი, რაც პარლამენტში ხდება. ნორმალური, ღირსეული ადამიანები უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში და მერე მივხედოთ თითოეულ სოფელს, თითოეული ოჯახს, ქალაქს და მუნიციპალიტეტს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უნდა ემსახუროს ქვეყანას, მაგრამ 2-3-4 წლის შემდეგ მერე იმ კაბინეტებიდან ვერ გამოდიან - ამას დიდი კეთილსინდისიერება სჭირდება. რა თქმა უნდა, მეც იმ "ოცნების" ნაწილი ვიყავი, ბევრი ჩვენგანი ვშრომობდით, იქ ძალიან კარგი და ღირსეული მეგობარი დარჩა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.