"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე შეიძლება რამე მოიფიქროს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე შეიძლება რამე მოიფიქროს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით"

"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე შეიძლება რამე მოიფიქროს", - ასეთ ვარაუდს პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი გამოთქვამს.

მეგრელიშვილი იმასაც ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა დიდ პარტიებს არ აწყობთ, რადგან ეს პოლიტიკოსების მეტ დამოუკიდებლობას ნიშნავს.

მეგრელიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, "ქართული ოცნება" კი, შეთანხმებიდან ისეთ მომენტში გავიდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შუა გზაზე დარჩა.

"ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში შესვლა დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ. ზუსტად ამის წინაპირობაა 2%-იან საარჩევნო ბარიერზე შეთანხმება, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში დაიდო. მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" შეთანხმებიდან გავიდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთივე ენთუზიაზმით გააგრძელებს ოპოზიციასთან თანამშრომლობას, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დიდ პარტიებს დიდად არც აწყობთ. მთავარი ამბავი სწორედ ეს არის. მიხარია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისთვის მნიშვნელოვანია და პარლამენტში ამიტომ დარჩა, მაგრამ ვიცი რა, ამ ორი პარტიის ერთმანეთთან დაპირისპირება, შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე რამე მოიფიქროს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა. პროექტს, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა, 91 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლები. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება.