რა შემთხვევაში მოგიწევთ ხვალიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება? - კიდევ რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ? - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში მოგიწევთ ხვალიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება? - კიდევ რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ?

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპდსიტუაციის გაუარესების გამო მოხდა.

"ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები,

საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება", - განაცხადა ღიბრაძემ.

ამას გარდა, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა.

"აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაბამისი ობიექტი დაილუქება",-განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება. როგორც მან განაცხადა, მთავრობის დადგენილებით მგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა აკრძალულია.

იხილეთ ვიდეო