"ამ ქვეყანას გარედან ვერავინ არჯულებს, შეუძლებელია იქ დემოკრატიის აშენება" - რას წერს თორნიკე შარაშენიძე
ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"რადგან საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე მშვიდად და საქმიანად მსჯელობა კვლავაც შეუძლებელია (და ეს ამ დღეებში კარგად გამოჩნდა), ვისაუბროთ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე, კონკრეტულ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანაზე.
ბევრი გულწრფელად შფოთავს, რომ ამერიკამ ამგვარად პოზიციები დათმო და დასუსტდა. მაგრამ სინამდვილეში, ამერიკას უფრო მეტად ავღანეთში ყოფნა უფრო ასუსტებდა. ყველა საქმეში ჩახედულისათვის დიდი ხნის წინ გახდა ცხადი, რომ ამ ომს მსხვერპლისა და ხარჯის მეტი არაფერი მოჰქონდა და იქიდან გამოსვლა იყო საჭირო.
ტრამპს აშკარად უნდოდა ავღანეთიდან გამოსვლა, მაგრამ ოპოზიციური მედიის მხრიდან ისტერიული კამპანიის ფონზე, ასეთი მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. სამაგიეროდ, გაბედა ბაიდენმა, რომელსაც ტრამპისგან განსხვავებით, კრემლის აგენტობას არ აბრალებენ და რომელმაც კაპიტოლიუმზე ველურების შტურმის შემდეგ, დამატებითი მორალური უპირატესობა და ლეგიტიმაცია მიიღო.
ავღანეთს ალბათ თალიბანი დაეპატრონება, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. ამ ქვეყანას გარედან ვერავინ არჯულებს და მითუმეტეს შეუძლებელია იქ დემოკრატიის აშენება.
ახლა ავღანეთი ამერიკის მეტოქეების, ჩინელებისა და რუსების, პრობლემად იქცევა. აქამდე გულის სიღრმეში ალბათ ორივე კმაყოფილი იყო ავღანეთში ამერიკის ყოფნით (იქაურ ტერორისტებთან ბრძოლის სიმძიმეს იანკები იღებდნენ საკუთარ თავზე საკმაო მსხვერპლის ფასად). ახლა ბუცკ პასსინგ დასრულდა. დასრულდა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი ისტორიაში, რომელიც იმედია ვაშინგტონისათვის კარგი გაკვეთილი იქნება. ისევ და ისევ, რომ არა ავღანეთში დარჩენა და ერაყში ომის დაწყება, ამერიკას ახლა კიდევ უფრო ძლიერი პოზიციები ექნებოდა და ალბათ ჩვენც ნატოში ვიქნებოდით" - წერს შარაშენიძე.