"თუ არჩევნები 2024-ში ჩატარდება, "გახარიას ოპოზიცია" შეიძლება იმდენად მომძალავრდეს, რომ პირველობაშიც კი შეედავოს "ოცნებას" - კვირის პალიტრა

"თუ არჩევნები 2024-ში ჩატარდება, "გახარიას ოპოზიცია" შეიძლება იმდენად მომძალავრდეს, რომ პირველობაშიც კი შეედავოს "ოცნებას"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი", ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. მართალია, ხელისუფლება არ იმჩნევს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, პოლიტიკური ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ქვეყნისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეცვლილი ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- გეთანხმებით, ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით პოლიტიკით დაინტერესებულ ძალებს ერთხანს რეაქცია ჰქონდათ იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ 19 აპრილის დოკუმენტი დატოვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რეაქცია გარედან. დღეს დასავლეთზე ჩვენი ქვეყნის ორიენტაცია გაასმაგებულია, რის მიზეზებზეც შესანიშნავად ისაუბრა ბრიფინგზე ქალბატონმა სალომემ.

ამ ფონზე ჩვენი შეშფოთების საგანი უნდა ყოფილიყო დასავლეთის შეშფოთება - ვისაც არ დაეზარა, ყველამ გაგვაკრიტიკა და მოითხოვა მმართველი პარტიის დაბრუნება ხელშეკრულებაში. ოღონდ, რაღაც მომენტის მერე ჩამოვარდა სიჩუმე, შარლ მიშელიც კი გაქრა სადღაც. უცხოეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა ძველ კალაპოტს.

ვვარაუდობ, რომ მმართველმა პარტიამ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან, ვფიქრობ, აღუთქვა, რომ საკუთარი ნებით შეასრულებს ხელშეკრულების პუნქტებს19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამოსვლის მიუხედავად. ხელშეკრულებიდან გამოსვლის შემდეგ. ეს ითქვა კიდეც.

რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყნის შიგნით, გარკვეული მოძრაობები აქაც იყო ხელშეკრულების "ანულირების" საპასუხოდ, მაგრამ შემდეგ, მე მგონი, ცხოვრება აქაც დაუბრუნდა მშვიდ დინებას. საპროტესტო აქციების ძალა აღარ აქვს ოპოზიციას, ხალხი არ მიდის აქციებზე და ოპოზიცია საპარლამენტო ფარგლებში რჩება. ალბათ სექტემბერში მოიმატებს დინამიზმი, მაგრამ მეეჭვება ძალიან დიდად გაიზარდოს.

- ფაქტია, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლით ჩვენს დასავლელ პარტნიორებში ხელისუფლებას და ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიადგა. ასე რომ იქნებოდა ხელისუფლებამ იცოდა, მაგრამ ამ ტიპის დანაკარგებზე უარი მაინც არ თუ ვერ თქვა.

მომხდარის მიზეზებზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით რა შეიძლება ყოფილიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლის მიზეზი და თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი იყო ამ თემაზე ხელისუფლების განმარტებები?

- ხელისუფლებამ ძალიან რისკიანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ხელშეკრულებაში დარჩენაც შეიცავდა რისკს - ხელისუფლების თავმოყვარეობის შელახვის რისკს, რაც არჩევნების წინ ძალიან სახიფათო იყო მათთვის. ეს რისკი თავიდან ვერ გაითვალეს "ოცნების" ლიდერებმა, ეგონათ, რომ ეყოლებოდათ მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობა და თავად შეიტანეს წინადადება, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ ადგილობრივის შედეგების მიხედვით.

მათივე წინადადებით, რაც მოგვიანებით შევიდა მიშელის დოკუმენტში, თუ "ოცნება" მიიღებდა 43% - ზე ნაკლებ ხმას, რაც დღეს რეალური ჩანს კვლევების მიხედვით, ხელისუფლება დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს ისე, როგორც ითხოვდა ოპოზიცია. სხვისი დაძალებით მოქმედება, მით უმეტეს - საჯაროდ, ხელისუფლებისთვის დამამცირებელია. ხოლო დამცირებულ ხელისუფლებას ხელახლა არ ირჩევენ.

მე მგონია, რომ "ოცნებამ" ამიტომ აარიდა თავი სიტუაციას, სადაც ის იძულების მსხვერპლად გამოჩნდებოდა ამომრჩევლის, უცხოელების, ოპოზიციის და საკუთარ თვალში.

არჩევნების ერთმანეთზე მიბმით "ოცნებამაც" და უცხოელებმაც სიჩქარეში რამოდენიმე პოლიტიკური და იურიდიული შეცდომა დაუშვეს, ხოლო შემდეგ შეცდომის გამოსწორების სხვა გზა ვერ ნახეს სიტყვის გატეხვის გარდა. შეიძლება, დასავლეთის რეაქციაც ხელსეკრულების ღალატზე ამიტომაა შერბილებული. ამდაგვარი ინტონაციები იყო ხელისუფლების განმარტებებში - არჩევნები დაინიშნება მაშინ, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდო.

ამავე დროს, ხელისუფლებამ არ გამორიცხა, რომ მან შეიძლება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც მისი კეთილი ნების გამოვლინება. ეს მსჯელობა სწორედ საკუთარი ავტორიტეტის გადარჩენაზე ზრუნვას გულისხმობს, რაც სავსებით გასაგებია. გაუგებარია, ადრე რატომ არ დაფიქრდნენ.

- მმართველმა გუნდმა არა ერთხელ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მნიშვნელობა არ ექნება იგი აიღებს თუ არა 43% მეტს. სამართლებრივად, ასე კია, მაგრამ, თუ "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებში 43% ვერ მიიღო, უნდა ეს მმართველ გუნდს თუ არა, მისი ლეგიტიმურობის საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგება.

თუ ასე მოხდა, "ქართული ოცნება" დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? თუ არა, სავარაუდოდ, აღმოჩნდება თუ არა ეს "ქართულ ოცნებასთან" დამოკიდებულებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის "წითელი ხაზი"?

-"საჭიროა ვადამდელი არჩევნები"-ო დღევანდელ ქართული პოლიტიკის სტერეოტიპად იქცა, ანუ ლოზუნგად, რომლის შინაარსის ანლიზი არ ხდება. ასეთი ლოზუნგის სახით აცხადებს ამ მოთხოვნას მთელი ოპოზიცია, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ანალიტიკოსი. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ნაწილობრივ გაიზიარა მართველმა პარტიამაც, როცა ევროპელი მომრიგებლების დოკუმენტში აიღო ვადამდელი არჩევნების ჩატარების ვალდებულება ადგილობრივი არჩევნების შედეგის მიხედვით.

ყველა სუბიექტის ეს სწრაფვა ვადამდელი არჩევნებისკენ ხდება იმ ფონზე, რომ არ დადასტურდა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საბაბი - 2020-ის არჩევნების გაყალბება. თუ ვადამდელი არჩევნების საბაბი დადასტურებული არაა და მას მაინც ითხოვენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვადამდელი არჩევნები ვიღაცისთვის მომგებიანია.

საკმარისია სოციოლოგიურ გამოკვლევებს გადავავლოთ თვალი, ცხადი გახდება, რომ ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად აწყობს სახელისუფლო პარტიას - მას ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ახლა. ამავე დროს, რეიტინგები მინიმუმამდე დაეცა "ნაციონალებს აყოლილი" ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს "ნაციონალების" გარდა.

ე.ი. თუ 2022-ში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, სახელისუფლო პარტიას ძალიან შეუმცირდება ოპონენტების რიცხვი პარლამენტში. ხოლო თუ არჩევნები ჩატარდა 2024-ში, იმ დროისთვის "გახარიას ოპოზიცია" შეიძლება იმდენად მომძალავრდეს, რომ პირველობაშიც კი შეედავოს "ოცნებას".

ამიტომ, სწორედ ვადამდელი არჩევნები სჭირდება ხელისუფლებას. ამ მარტივი ლოგიკით ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, თან "აიკიდოს" პრინციპით - ვნიშნავ, რადგან საზოგადოება და... შარლ მიშელი მთხოვსო.

ხელისუფლების ინტერესი ლოგიკური და გასაგებია.

უფრო გაუგებარია ის, თუ რისი იმედით ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს, როცა 2012 წლის შემდეგ არცერთ არჩევნებში არცერთი მანდატი არ მოუგია და არცერთ სოციოლოგიურ გამოკვლევაში არ ჰქონია "ოცნებაზე" უკეთესი შედეგი. მე მეჩვენება, რომ ოპოზიციას მხოლოდ იმის ჟინი აქვს, რომ ვადამდელი არჩევნები თავის გამარჯვებად გამოაცხადოს. გააგრძელეთ კითხვა